Accessibility links

logo-print
აშშ-ში განხორციელებული 11 სექტემბრის ტერაქტის მეათე წლისთავი რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს საქართველოში, რომელიც 2001 წლის შემდეგ აშშ-ის თანმიმდევრული პარტნიორია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში საქართველოს სამხედრო ძალებმა ბევრიც შეიძინეს, მაგრამ ბევრიც გაიღეს, უწინარეს ყოვლისა, იმ 15 ჯარისკაცის სახით, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში დაიღუპნენ.

სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანები საქართველოში დღემდე ბევრს დავობენ იმაზე, საჭიროა თუ არა, რომ პატარა ქვეყანას 1000-მდე ჯარისკაცი ჰყავდეს ავღანეთში. მაგრამ პირად წარმოდგენებს თუ გვერდზე გადავდებთ, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ სწორედ საერთაშორისო ვალდებულებამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება მეტი ყურადღება მიექცია უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებისათვის, ხოლო ვაშინგტონმა სწორედ 2001 წლის შემდეგ მიაქცია დიდი ყურადღება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს, რომელიც ახალი ათწლეულის დასაწყისში ტერორისტებისა და მათი მფარველი რუსეთის სპეცსამსახურების ერთგვარ პოლიგონად გადაიქცა. ვგულისხმობ პანკისის ხეობას, სადაც ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმების შესვლის შემდეგ ღიად ალაპარაკდნენ იქ საერთაშორისო ტერორისტების არსებობაზეც. საქმე დასწრებაზე იყო, რადგან რუსეთს შეეძლო ესარგებლა საერთაშორისო კონიუნქტურით და, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოცხადებული ერთგვარი „ჯვაროსნული ომის“ პარალელურად, საკუთარი სამხედრო ძალები პანკისის ტერიტორიაზეც შეეყვანა. იმხანად ხეობაზე რამდენჯერმე მიიტანა იერიში რუსეთის ავიაციამ, რასაც წინ უძღოდა კრემლის გამუდმებული ბრალდებები, რაც აგრესიის საფრთხეს რეალურს ხდიდა. მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ 10 წლის წინ შეძლო პროაქტიული დიპლომატიის წყალობით ამ საფრთხის თავიდან აცილება.

2001 წლის 11 სექტემბრიდან სულ რაღაც სამ თვეში საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამერიკული ანტიტერორისტული სამხედრო პროგრამის ამოქმედების განზრახვა გაამჟღავნა. სწორედ 11 სექტემბერი აღმოჩნდა კატალიზატორი “წვრთნისა და აღჭურვის” ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის დაწყებისა, რასაც საქართველო ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოეყვანა.

რომ არ ყოფილიყო 11 სექტემბრის ტერაქტი, იქნებოდა თუ არა 65 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა და ყველა დანარჩენი სამხედრო მომზადების პროგრამები, რომელთაც ამერიკელი ინსტრუქტორები ახლაც უძღვებიან სწორედ 11 სექტემბრის სახელობის მსხვერპლთა ხსოვნის პოლიგონზე, რუსთავთან ახლოს? იქნებ საერთაშორისო ტერორისტების ყოფნა პანკისის ხეობაში ისეთივე მითია დივიდენდების მოსაპოვებლად, როგორიცაა მითი სადამ ჰუსეინის ხელთ არსებულ ბირთვულ იარაღზე?

ასეთი კავშირებითი კილო არ უყვარს ისტორიას. მას უყვარს ფაქტები. საქართველო სწორედ 2001 წლის 11 სექტებრის შემდეგ გახდა აშშ-ის სამხედრო პარტნიორი და მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება სამხედრო ძალებში რეფორმების გასატარებლად და მართვის სტრუქტურების დასახვეწად.

მაგრამ ფაქტია ისიც, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო კონიუნქტურით ისარგებლა ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ და უწინარესად მოსკოვმა, რომელმაც, ანტიტერორიზმის დროშით, სრული კარტ-ბლანში მოიპოვა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ომის გასაჩაღებლად ჩრდილოეთ კავკასიის მშფოთვარე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, სადაც რუსი სამხედროები სასტიკად, ომის ყველა კანონის დარღვევით უსწორდებოდნენ იატაკქვეშა მებრძოლებს, მათ ოჯახის წევრებსა და თანამგრძნობებს. როცა 11 სექტემბრის შემდეგ წაგებულებსა და მოგებულებზე წერდა, ჩვენი რადიოს ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელმა კრისტიან კარილმა ერთ-ერთ მოგებულად კრემლი და პირადად ვლადიმირ პუტინი დაასახელა:

„ვლადიმირ პუტინი, კაგებეს ყოფილი თანამშრომელი, პრეზიდენტი გახდა მის მიერ ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ გამოცხადებული მეორე ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიის მღელვარე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. 2001 წლის 11 სექტემბრამდე რუსეთს დასავლეთის ბევრი სახელმწიფო აკრიტიკებდა სეპარატისტებზე მიტანილი იერიშების გამო, რომლის დროსაც მიმართავდნენ უწესრიგო საავიაციო და საარტილერიო დაბომბვას და უჩინარდებოდა დიდი რაოდენობა ჩეჩენი ახალგაზრდა მამაკაცებისა. მაშინ მხედველობაში ნაკლებად ღებულობდნენ ზოგიერთ ჩეჩენ სეპარატისტსა და ალ ყაიდას შორის არსებულ კავშირებს. მაგრამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული იერიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციამ შეიძინა ყველაზე დიდი დატვირთვა, ვინაიდან კრემლი და თეთრი სახლი შეთანხმდნენ გაეცვალათ სადაზვერვო ინფორმაცია და ეთანამშრომლათ ავღანეთში. რუსეთის მიმართ ადამიანის უფლებათა დარღევების გამო კრიტიკამ აშშ-ის მხრიდან დრამატულად იკლო. სხვა დიქტატორები პოსტსაბჭოთა კავშირიდან - განსაკუთრებით ავღანეთის ცენტრალურაზიელი მეზობლები - ასევე ხშირად ლაპარაკობდნენ ტერორისტულ საფრთხეზე, რათა სანაცვლოდ აშშ-ის დახმარება მიეღოთ.“

თითქმის დარწმუნებული ვარ, კრისტიან კარილის ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ რომელიმე მსმენელი აუცილებლად მოგვიგებს: კი, მაგრამ პუტინის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების რატომ გიკვირთ? საქართველოს ხელისუფლებაც ხომ სწორედ ამიტომ გზავნის 1000-კაციან კონტინგენტს ავღანეთში, რომ აშშ-მა თვალი დახუჭონ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში?

ამ სპეკულაციებით სავსეა საქართველოს საინფორმაციო და პოლიტიკური სივრცე და ნებისმიერს აქვს უფლება ივარაუდოს ის, რაც სურს. მით უფრო, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებში იწერება წიგნები და იბეჭდება სტატიები, რომლებიც სავსეა შეთქმულების თეორიებით 11 სექტემბრის ტერაქტის თემაზე და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG