Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი - კინოფესტივალის მოლოდინში


ბათუმი
ბათუმი
17 სექტემბერს ბათუმში მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორებს დღეს გამოცდილებაც მეტი აქვთ და შესაძლებლობებიც, თუმცა მთავარი ისაა, რომ კინოს მოყვარულები - და არამარტო ბათუმელი კინოს მოყვარულები - მოუთმენლად ელიან ბათუმის კინოფორუმის გახსნას. ბოლოს და ბოლოს, ესაა ეგრეთ წოდებული ”საავტორო კინოს ფესტივალი”, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს საშუალება აქვს ნახოს კინო, რომლის მსგავსს ვერც ვერასდროს ნახავს მთელი წლის მანძილზე, თუკი, რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს არ ჩავთვლით - სხვათა შორის, ფესტივალს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.
ეს არაა კომერციული ფესტივალი. ფილმებიც არაა კომერციული. თანაც, ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი იმდენად დიდი არაა ხოლმე, რომ ღირდეს ბილეთის გაყიდვა...

ჩვენთან საუბარში ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი აღნიშნავს, რომ ბათუმის კინოფორუმსაც არა აქვს სოლიდური ბიუჯეტი, მაგრამ ახლა უკვე ფესტივალს ეროვნული კინოცენტრიც ეხმარება, რაც იმთავითვე აისახა ფესტივალის პროგრამაში. თუმცა მთავარი სიახლე ეს არ არის. ზვიად ელიზიანის თქმით:

”შარშანდლისგან განსხვავებით, ერთი კინოთეატრი მაინც იქნება... დიდი არა, მაგრამ ესეც პლუსია ჩვენთვის, ტექნიკური კუთხით. გვაქვს ცვლილება პროგრამულ ნაწილში. ადრე გაერთიანებული იყო მხატვრული და დოკუმენტური სექცია, წელს მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კონკურსების დაყოფა...”

ბათუმის კინოფესტივალს სხვა კინოფორუმებისგან გამოარჩევს განსაკუთრებული დემოკრატიულობა და, შეიძლება ითქვას, ”ღიაობა” - იშვიათია მსოფლიოში კინოფორუმი, სადაც ფილმების ჩვენებაზე კინოთეატრის კარი ყველასთვის - დიახ, ყველასთვის ღიაა. სეანსებზე ბილეთები არ იყიდება - სეანსებზე დასწრება უფასოა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბათუმის კინოფორუმზე, ტრადიციულად, საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც ჩადიან კინოს მოყვარულები - განსაკუთრებით, ახალგაზრდები.
წელს ევროპის კინოაკადემია, ასევე ანჯეი ვაიდას სკოლა მოაწყობს პრეზენტაციას. ასევე - ვგიკის რექტორი... გარდა ამისა, მოეწყობა შეხვედრა რეგიონალური კინოფონდების მუშაობის თემაზე...

”ეს არაა კომერციული ფესტივალი. ფილმებიც არაა კომერციული. თანაც, ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი იმდენად დიდი არაა ხოლმე, რომ ღირდეს ბილეთის გაყიდვა. ჩვენთვის მთავარია ფესტივალი განვითარდეს, სამაყურებლო კულტურის განვითარებას შეუწყოს ხელი საქართველოში... მაყურებელი თუ ბევრი გვეყოლება, ამით დამტკიცდება, რომ ერთი კინოთეატრიც არაა საკმარისი ფესტივალისთვის. ბევრ ფესტივალზეა ასე - ადგილი თუ არაა, ხალხი იატაკზე ჯდება”, - გვითხრა ზვიად ელიზიანმა.

გამოდის, რომ საავტორო კინოს ფესტივალი, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის კეთდება - მათ შორის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ ბათუმის კინოფორუმისთვის. ამიტომაც აქვს ბათუმის კინოფორუმს ერთგვარად საგანმანათლებლო ხასიათი, რაც, ზვიად ელიზიანის თქმით, წელს განსაკუთრებით გამოჩნდება:

”წელს ვიწყებთ ეგრეთ წოდებულ ”ინდუსტრიულ შეხვედრებს” - სხვადასხვა კინოფონდების პროდიუსერების შეხვედრებს. წელს ევროპის კინოაკადემია, ასევე ანჯეი ვაიდას სკოლა მოაწყობს პრეზენტაციას. ასევე - ვგიკის რექტორი... გარდა ამისა, მოეწყობა შეხვედრა რეგიონალური კინოფონდების მუშაობის თემაზე.”
საქართველო პატარა ქვეყანაა - არა აქვს დისტრიბუცია და მთლიანად მიბმულია რუსულ კინოკომპანიებზე...

თუმცა ნებისმიერი კინოფესტივალისთვის მთავარი პროგრამაა: საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია; საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია; საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია; აბრეშუმის გზის ქვეყნები - თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი; ოსტატთა კოლექცია - ცნობილი რეჟისორების ფილმები; ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები - აი, ესაა ბათუმის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალი. კონკურსგარეშე პროგრამაში ნაჩვენები იქნება წლის ყველაზე გახმაურებული ფილმები - მათ შორის, ლარს ფონ ტრიერის ”მელანქოლია”, ნური ჯეილანის ”ერთხელ ანატოლიაში”, აკი კაურისმიაკის ”ჰავრი”... ფესტივალის ყველაზე საპატიო სტუმარი იქნება იტალიელი დრამატურგი - ფელინის, ტარკოვსკის, ძმები ტავიანების, თეო ანგელოპულოსის ფილმების სცენარის ავტორი ტონინო გუერა.

გასულ წელს ბათუმის კინოფესტივალის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რომელსაც კინოთეატრი არ ჰქონდა. ამაზე ხალხმა ანეკდოტებიც კი შეთხზა. თუმცა ფესტივალის გულშემატკივრებისთვის ეს ფაქტი მხოლოდ დადასტურება იყო იმისა, რომ ბათუმში კვლავაც აფასებენ კარგ კინოს - იმდენად აფასებენ, რომ მზად არიან ყველაზე ცუდ პირობებში უყურონ ფილმებს. წელს სიტუაცია გაუმჯობესდა - ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე ხნით ადრე აჭარის დედაქალაქში დასრულდა კინოთეატრ ”აპოლოს” რესტავრაცია - დარბაზისა, რომელიც 160 მაყურებელზეა გათვლილი.

გაგახსენებთ, რომ ამ კინოდარბაზს ასი წლის ისტორია აქვს. ნაგებობის რეაბილიტაციის შემდეგ შენობის ფასადს და ინტერიერს დაახლოებით ისეთი სახე მიეცა, როგორიც თავდაპირველად ჰქონდა. 160 მაყურებლისთვის გათვლილი დარბაზი, შესაძლოა, მართლაც მეტისმეტად ”ვიწრო” აღმოჩნდეს იმათთვის, ვინც აქ, დავუშვათ, ლარს ფონ ტრიერის ”მელანქოლიის” სანახავად მივა... მით უმეტეს, როცა შესვლა თავისუფალი იქნება. მაგრამ ფესტივალის დირექციას ეს არ აწუხებს. პირიქით, როგორც ზვიად ელიზიანთან საუბარში გამოჩნდა, ასეთი ანშლაგები ბათუმის კინოფორუმის დირექციას მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს.

თუმცა პრობლემა ბევრია. ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ პროგრამის შერჩევას შედარებით ადვილად ახერხებენ - უშუალოდ ესწრებიან დიდ კინოფესტივალებს და თავად არჩევენ ფილმებს. მაგრამ პრობლემები ჩნდება ფილმის ასლებთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
გინდა აჩვენო კარგი ფილმი, ლიცენზიაც შეგიძლია იყიდო, მაგრამ აღმოჩნდება - ლიცენზია კი აქვთ, მაგრამ ფილმი არა აქვთ... არა აქვთ ასლი... ამის მერე უკავშირდები დისტრიბუტორს და ის ისევ ლიცენზიის მფლობელთან გგზავნის. იკვრება წრე...

”საქართველო პატარა ქვეყანაა - არა აქვს დისტრიბუცია და მთლიანად მიბმულია რუსულ კინოკომპანიებზე. სწორედ ისინი ყიდულობენ ამ ფილმების ჩვენების უფლებას. ხშირად ხდება ასე: გინდა აჩვენო კარგი ფილმი, ლიცენზიაც შეგიძლია იყიდო, მაგრამ აღმოჩნდება - ლიცენზია კი აქვთ, მაგრამ ფილმი არა აქვთ... არა აქვთ ასლი... ამის მერე უკავშირდები დისტრიბუტორს და ის ისევ ლიცენზიის მფლობელთან გგზავნის. იკვრება წრე”, - გვითხრა ზვიადმა.

ზვიად ელიზიანს ვკითხეთ, რატომ არ შეიძლება პირდაპირ მივმართოთ ფილმის პროდიუსერებს - ბათუმის კინოფესტივალს ხომ არა აქვს კომერციული მიზნები? ზვიადის თქმით, პროდიუსერებმა უკვე მიჰყიდეს ლიცენზია გამქირავებელს. ფილმს კი დიდი ტერიტორიების მიხედვით ყიდიან. გარდა ამისა, გამქირავებლები იშვიათად გზავნიან ფილმის ასლს ფესტივალზე. ისინი დაინტერესებულები არიან პრემიერით და იმით, რომ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიიზიდონ პრემიერის შემდეგ. გასაგები მიზეზით მით უმეტეს ჭირს რუს გამქირავებლებთან საქმის დაჭერა, როცა ფესტივალი საქართველოში ტარდება.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთა გადაწყვეტას ცდილობენ ბათუმის კინოფესტივალის ორგანიზატორები. ცხადია, ეს პრობლემები ფესტივალის ხარისხზე მოქმედებს, მაგრამ იმდენად არა, რომ ფესტივალის ჩატარებას დაემუქროს. ბათუმის საავტორო კინოს ფორუმი მეექვსედ ტარდება - ფესტივალის ორგანიზატორებს გამოცდილებაც მეტი აქვთ და შესაძლებლობებიც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG