Accessibility links

რას უკავშირდება ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში?


აუდრონიუს აჟუბალისი და გრიგოლ ვაშაძე

აუდრონიუს აჟუბალისი და გრიგოლ ვაშაძე

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მეორე დღის მთავარი მოვლენა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის( ეუთოს) მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისის მოხსენება და საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნების პერსპექტივები იყო. აჟუბალისმა განაცხადა, რომ ლიტვა, როგორც საქართველოს მეგობარი და ეუთოს მოქმედი თავჯდომარე ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს, რათა ეუთოს მისიამ საქართველოში კვლავაც გააგრძელოს მუშაობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამბასადორიალის მიმდინარეობის დროს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში ეუთოს მისიის დაბრუნების გზები და შესაძლებლობები იყო:
ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელიც, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, კონსენსუსის პრინციპზეა დაფუძნებული...

“ლიტვა არის საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდამჭერი იმ გზაზე, რაც ჩვენ გაქვს გასავლელი, ერთი მხრივ, დეოკუპაციისკენ და, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და ნატოსკენ. ძალიან დეტალურად განვიხილეთ ეუთოს თემატიკა, კერძოდ, მისიის დაბრუნების გზები, შესაძლებლობა, ნდობის აღდგენის ღონისძიებები.”

ქართული დიპლომატიური კორპუსი აცხადებს, რომ ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხი გამუდმებით უნდა იდგეს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, რათა მან აქტუალურობა არ დაკაროს. საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მისიის მუშაობაზე რუსეთის უარის პირობებში ეუთოს მისიას ისღა დარჩენია, ეძებოს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები, თუმცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა რეალური შანსი უახლოეს მომავალში მისიას საქართველოში მანდატი გაუგრძელდეს, არც ისე დამაიმედებელია. ჩვენ დავინტერესდით, ჩიხურ სიტუაციაში შესაძლებელია თუ არა ეუთომ გარკვეულწილად შეცვალოს წესები იმგვარად, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰქონდეს შესაძლებლობა დაბლოკოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამ შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება. აუდრონიუს აჟუბალისის პასუხი ჩვენს კითხვაზე ასეთი გახლდათ:

”ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელიც, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, კონსენსუსის პრინციპზეა დაფუძნებული. ხანდახან ეს ეხმარება ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში, ხანდახან კი, როგორც ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ არ გვყავს ადგილზე მისია, - პირიქით. მე ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ეუთოს არც ერთი წევრი ქვეყნისათვის. ძალიან ვცდილობთ, რომ დროებითი გამოსავალი მაინც ვიპოვოთ და საქართველოს ტერიტორიის გარეთ შევქმნათ ეუთოს გუნდი, - კონკრეტულად კი ვენაში დაფუძნებული ადამიანების ჯგუფს ვგულისხმობ, - რომელიც ნაწილობრივ მაინც შეძლებს საქართველოში ეუთოს მისიის ამოცანების შესრულებას. ჩვენ ვიცით,რომ ეს არ იქნება ადვილი პროცესი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ რა ხდება რეალურად მსოფლიოსა და საქართველოში და მინიმუმ ერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით და მივყვეთ ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.”

კონსენსუსის წესის შეცვლას, რომელზეც ეუთოა დაფუძნებული, თავის მხრივ, კიდევ სხვა კონსენსუსი, ანუ შეთანხმება, სჭირდება, რაც რუსეთის უარის პირობებში ასევე შეუძლებელია, გვიხსნის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში პაატა გაფრინდაშვილი. შესაბამისად, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ამ მხრივ საქართველოს სასიკეთოდ რამე შეიცვლება:

”წელს სრულიად უპერსპექტივოა ამ წესების შეცვლა, ისევ რუსეთის ბლოკადის გამო, და რუსეთის ვეტოს დაძლევაც მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეუძლებელი იქნება, მაგრამ მცდელობები ჩვენი მხრიდან არ წყდება, მუდმივად დგას ეს საკითხი, რადგან ის, რაც არ რჩება დღის წესრიგში, რაღაც პერიოდის შემდეგ აღარავის ახსოვს.”

მაშ, რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ან რა კონკრეტულ სასიკეთო ნაბიჯებს დგამს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ეუთოს მისია, რომ რუსეთს პოზიცია შეაცვლევინოს? - ვკითხეთ პაატა გაფრინდაშვილს:

”არსებობს ეუთოს სრულმასშტაბიანი მისია, არსებობს სხვადასხვა სახის ინსტიტუციები, - ასე დავარქვათ, - რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეუთოს მისიის ჩანაცვლებას, მაგრამ ხანდახან ეს არის საშუალება, რომ მათი მეშვეობით პატარ-პატარა პროექტები მაინც განხორციელდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს ვენაში, მუდმივად გრძელდება. რუსები, მართალია, თავს არიდებენ დიალოგს, მაგრამ ბოლომდე უარს ვერ ამბობენ და ვფიქრობთ, რუსეთზე მუდმივი პოზიტიური ზეწოლის შედეგად, ხანდახან ის, რაც უნდა ეკეთებინა ეუთოს სრულმასშტაბიან მისიას, შესაძლებელი გახდება გააკეთონ საერთაშორისო სამონიტორინგო ჯგუფებმა, რომლებიც მოკლე ვადით შეძლებენ კონფლიქტის ზონაში შესვლას.”

შეგახსენებთ: საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნების შემთხვევაში მის წევრ 56-ვე ქვეყანას საშუალება ექნება მუდმივად განახლებული ინფორმაცია მიიღოს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარების, განსაკუთრებით კი, 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მონიტორინგის შესახებ, რასაც ამ დრომდე ადევს რუსეთის ვეტო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG