Accessibility links

აგვისტოს ბოლოს სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტში, სამხრეთკავკასიური საზაფხულო სკოლა მოეწყო. ქართველი, აფხაზი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით იღრმავებდნენ ცოდნას ადამიანის უფლებების, კონფლიქტების მოგვარების, სოციალური მედიის როლის, რეპატრიაციისა და პროექტების წერის საკითხებში. ეს სკოლა უნიკალური იმით იყო, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით აფხაზმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა თვითმობილიზება მოახდინეს და საკუთარი ინიციატივა დონორების დახმარებით განახორციელეს. საზაფხულო სკოლის ორგანიზება იტვირთა „კავკასიურმა სახლმა– საქართველომ“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი დევიძე ამბობს, რომ სამოქალაქო დიალოგის ამ ფორმატში კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის იდეა დაიბადა.

სამხრეთკავკასიური საზაფხულო სკოლის მონაწილეები გორში ჩამოვიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს - გორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგში არიან ჩართული, საკუთარი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარეს. საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ჯიქიას თქმით, თავიდან -რამდენიმე დღის განმავლობაში - აფხაზ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარება ჭირდა, მაგრამ მოგვიანებით ყველა გაიხსნა და დამეგობრებაც შეძლეს. ჯიქიას აზრით, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნება მყარადაა გამჯდარი, ამ სტერეოტიპების შექმნას კი ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტული მედია უწყობს ხელს.

საზაფხულო სკოლაში მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას განცხადებით, ასეთი სახის ოფიციალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში ახალი კონტაქტები ჩნდება, რაც ჟურნალისტებს შემდგომში მიუკერძოებელი მასალის მომზადებაში ეხმარება.

უკვე გაჩნდა იდეა, რომ ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა ცალკე შეხვედრა გამართონ, სადაც პროფესიულ საკითხებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ ამ ფორმატში ურთიერთობას აუცილებლად გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG