Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 სექტემბერი, 2011


“ახალი თაობა” წერს: “ცხელი პოლიტიკური ზაფხული, ავად თუ კარგად, გადავაგორეთ. აქ თავი არა ხალხზე უგონოდ შეყვარებულმა ოპოზიციამ, არამედ ქვეყანაზე დღედაღამ მზრუნველმა, გადამკვდარმა ხელისუფლებამ დაგვამახსოვრა. ჩვენი საამაყო ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლება მეტად აქტიური იყო. მმართველმა გუნდმა თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი და, ვიტყოდი, მეტად არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღო და ნაბიჯები გადადგა. დიახ, თითქმის ყველა - განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სფეროებში. არც შიდაპოლიტიკაში მოგვაკლო სიურპრიზები, “რვიანის” გაექვსიანებაც კი მოახერხა” - ასე აჯამებს “ახალი თაობის” ავტორი გასულ პოლიტიკურ ზაფხულს და პოლიტიკოსთა საშემოდგომო გეგმებს აცნობს მკითხველს.
“24 საათი” საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმების პროცესზე წერს. გაზეთისთვის ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს განუცხადებია: “სარედაქციო ჯგუფი შეთანხმდა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებების გარეშე განხილვა არ დაწყებულიყო და, ვფიქრობ, ეს პოზიცია გაზიარებულიაო”.
“ალია” : “სანდო წყაროს ინფორმაციით, იგეგმება პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განთავისუფლება. მოგეხსენებათ, გილაური დიდი ხანია სააკაშვილს გულზე “ბროშკად” არ აბია”, - წერს “ალიას” ავტორი და პრემიერ-მინისტრობის მომავალ სავარაუდო კანდიდატებად რამაზ ნიკოლაიშვილსა და ვერა ქობალიას ასახელებს. ამავე სტატიაში მთავრობის შემადგენლობის შესაძლო ცვლილებაზე ვარაუდებსაც გაეცნობით.

“აი, დღეს თქვენი გაზეთით ვამბობ,რომ სუპერაქტიურობაზე გადავდივართ...” - ეუბნება “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, “ალიას” კორესპონდენტს. “რას მოიაზრებთ სუპერაქტიურობაში?” - ეკითხება მას ჟურნალისტი. გუბაზ სანიკიძე: “ნებისმიერ ბრძოლას - საარჩევნო სიით დაწყებული, დამთავრებული დემოკრატიის განმტკიცებით. ვიბრძოლებთ ქართველთა უფლებებისთვის და ამ აქციას ექნება პერმანენტული სახე. მე ვაძლევ ყველას პირობას, რომ ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ არ გვაშინებს ის, რომ ამ ეტაპზე ფული არ გვაქვს.”

“რეზონანსის” ავტორს სტატიაში ლადო პაპავას ციტატა მოჰყავს: “მთავარია, ჯინი გამოვუშვათ ბოთლიდან და თუკი ჯინი გამოვა, ამის შემდეგ რაც იქნება, ნაკლებად კონტროლირებადია. ანუ თანდათანობით გვაჩვევენ იმას, რომ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა შესაძლებელი გახდება” - ეს განცხადება ექსპერტმა ლადო პაპავამ სამი დღის წინ “რეზონანსთან” საუბრისას გააკეთა, როდესაც პარლამენტში პირველი კანონის ინიცირება მოხდა. საინტერესო ის არის, რომ ამ კომენტარიდან ზუსტად სამ დღეში ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას 25%-ზე მეტი წილის გაყიდვის საშუალებას აძლევს.”

“რეზონანსის” დღევანდელ ნომერში აგრეთვე წაიკითხავთ: “ახალგორის რაიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაუქმებული ორგანიზაციების რიგს (საბავშვო ბაგა-ბაღი, სპორტსკოლა, მუსიკალური სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტურის განყოფილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა) ადგილობრივი ბავშვთა სახლიც შეუერთდა. როგორც აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ კი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მაისიდან მოყოლებული მასწავლებლების ხელფასებთან ერთად აღარ ფინანსდება ბავშვების კვება. თავად აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს ახალგორის ბავშვთა სახლიდან და წეროვანში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ახლახან გახსნილ იმავე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამიერიდან ახალგორის ბავშვთა სახლი მხოლოდ ცხინვალის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტით გააგრძელებს არსებობას.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG