Accessibility links

logo-print

პენსიონერები შეღავათებისა და სამედიცინო დაზღვევის უქონლობას უჩივიან


ოფიციალური მონაცემებით, იმერეთში 117 ათასამდე 60 წელს გადაცილებული ასაკისა და 6 ათასამდე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების პენსიონერია რეგისტრირებული. აქედან ქუთაისში ცხოვრობს 28 ათასამდე ასაკოვანი და 2500-მდე ე. წ. პირველი ჯგუფის პენსიონერი. როგორც სოციალური სუბსიდირების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, საპენსიო თანხა 60 წელს გადაცილებული ქალბატონებისა და 65 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის სექტემბრამდე 80 ლარით იყო განსაზღვრული, რასაც, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ემატებოდა 10 ლარამდე თანხა. მუკბანიანის განმარტებით, პენსიის ოდენობა მიმდინარე თვიდან 100 ლარით განისაზღვრა, რასაც სტაჟისა და დამსახურების შესაბამისი თანხაც დაემატება. რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პენსიის თანხა არ გაიზრდება ე. წ. მეორე ჯგუფის პენსიონერებისთვის.
საპენსიო ასაკის მოქალაქეებზე პენსიების გაცემას ქუთაისში ლიბერთი ბანკის 11 ფილიალი უზრუნველყოფს. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, თანხის აღებისას შეფერხებები, ფაქტობრივად, არ ექმნებათ, თუმცა მცირე რიგები ყოველი თვის 15-16 რიცხვში - მას შემდეგ, რაც პენსიის თანხა ანგარიშებზე ირიცხება - ბანკის ოფისებთან მაინც შეინიშნება, რასაც ბანკის თანამშრომლები და თავად პენსიონერები საკრედიტო ბარათების მოხმარებისაგან თავის არიდებით ხსნიან.

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები შეღავათებისა და სამედიცინო დაზღვევის უქონლობის გამო ჩივიან და აცხადებენ, რომ მომატებული პენსიის პირობებშიც თითქმის შეუძლებელია თანხა თვიდან თვემდე საკვებზე, წამლებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ტრანსპორტით მგზავრობისთვის გადაანაწილონ.
თავის მხრივ, სოციალური სუბსიდირების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი აცხადებს, რომ პენსიონერებისთვის სამგზავრო შეღავათების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. მისივე თქმით, ფედერალური პროგრამების ბენეფიციართა დიდი ნაწილი სწორედ საპენსიო ასაკის მოქალაქეები არიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG