Accessibility links

საია-ს სოლიდარობა გამოუცხადა 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრმა 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მათ მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენებისას გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმის გამო, საზოგადოებას წარუდგინა ბრიტანეთში დაფუძნებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებისათვის საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შსს-მ და ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ასოციაცია დაადანაშაულეს სიცრუის შეგნებულად გავრცელებასა და პოლიტიკურ თამაშში, ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” კი, უჩვენეს ორგანიზაციის საწინააღმდეგო სიუჟეტები, რომლებიც არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრი 25 ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მოუწოდებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, შეაფასოს ასოციაციის საქმიანობის საწინააღმდეგო კამპანია და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სამოქალაქო სექტორზე დაუსაბუთებელი თავდასხმისაგან, რაც იწვევს ამ სექტორის დისკრედიტაციას და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯზე. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ”რუსთავი 2”-ს და ”იმედს”, იხელმძღვანელონ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, რომელიც ავალდებულებს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია საზოგადოებას მიუკერძოებლად და ზუსტად მიაწოდონ.
XS
SM
MD
LG