Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი „მოვალეობად“ მიიჩნევს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ „მოვალეობად“ მიიჩნევს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას, როცა პალესტინელები ემზადებიან გაეროში წევრობის თხოვნით განაცხადის შესატანად. ერდოანი ამ საკითხს შეეხო კაიროში, არაბული ლიგის შტაბბინაში გამოსვლისას. მისივე შეფასებით, ისრაელმა იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი და „უნდა გაიღოს საფასური ჩადენილი დანაშაულებისათვის“ მას შემდეგ, რაც უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე თავდასხმისათვის. ამ, შარშან განხორციელებულმა თავდასხმამ თურქეთის რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. თურქეთმა შეწყვიტა ისრაელთან სამხედრო სფეროში ურთიერთობა და პირობა დადო, რომ მომავალში თურქეთის სამხედრო გემებს გააყოლებს ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიებს. არაბული ლიგის შტაბბინაში ერდოანის გამოსვლა გაიმართა ეგვიპტეში მისი ვიზიტის ფარგლებში. რეგიონში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ტურნე ითვალისწინებს ტუნისსა და ლიბიაში ვიზიტებსაც.
XS
SM
MD
LG