Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარები წინააღმდეგობას უწევენ ქაბულში თალიბანის იერიშს


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარები ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად ჩაერთნენ საპასუხო ოპერაციაში მას შემდეგ, რაც დღეს ქაბულის ცენტრში დაიწყო თალიბების იერიში. თალიბანის განცხადებით, იერიში წამოიწყო მისმა რამდენიმე მებრძოლმა, მათ შორის თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (აისაფის) განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მეამბოხეების „მომცრო ჯგუფმა“ დაიწყო იერიში ქაბულში აისაფის შტაბბინისა და შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად. ამ განცხადებით, ავღანელმა და მრავალეროვანი კოალიციის ჯარისკაცებმა „მაშინვე მიმართეს საპასუხო ზომებს“. მათ, ამ წყაროს ცნობით, ჰაერიდანაც უწევენ მხარდაჭერას. ავღანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, თალიბანის იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი პირი, დაიჭრა 15 ადამიანი. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია ავღანელი და უცხოელი ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლის შესახებ. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო იერიში, რომელიც, მისი თქმით, ვერ შეაჩერებს გარდაქმნის პროცესს ავღანეთში. იერიში დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც.
XS
SM
MD
LG