Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადის თქმით, გაათავისუფლებენ ირანში დაკავებულ ორ ამერიკელს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, აშშ-ის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ დღეში გაათავისუფლებენ ამერიკელებს, რომლებსაც გასულ თვეში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ამერიკულ ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში, რომელიც ირანში ჩაწერეს, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ორ დღეში გამოუშვებენ ამერიკელებს შეინ ბაუერსა და ჯოშ ფატალს. ბაუერისა და ფატალის ადვოკატის, მასუდ შაფიეის თქმით, ირანმა გირაოს სახით ნახევარი მილიონი დოლარი განუსაზღვრა თითოეულ მსჯავრდებულს. შაფიეიმ ჩვენს რადიოსთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელ პატიმრებს გაათავისუფლებენ, როგორც კი გადაიხდიან გირაოთი განსაზღვრულ თანხას. ბაუერი და ფატალი 2009 წლის ივლისში დააკავეს ირან-ერაყის საზღვართან. ისინი აცხადებენ, რომ ერაყის მთებში მოგზაურობდნენ. მათთან ერთად დაკავებული ამერიკელი ქალი, სარა შაურდი 2010 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე და გირაოს სახით ნახევარი მილიონი დოლარი გამოართვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ირანი მალე გაათავისუფლებს დაკავებულ ამერიკელებს.
XS
SM
MD
LG