Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ლიდერები „ზომიერ ისლამს“ ემხრობიან


ტრიპოლი, 12 სექტემბერი: ლიბიის ახალი მთავრობის ხელმძღვანელის, მუსტაფა აბდულ ჯალილის პირველი საჯარო მიმართვა დედაქალაქში
ტრიპოლი, 12 სექტემბერი: ლიბიის ახალი მთავრობის ხელმძღვანელის, მუსტაფა აბდულ ჯალილის პირველი საჯარო მიმართვა დედაქალაქში
ტრიპოლის ცენტრში, მარტვილთა მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი აღტაცებული შეეგება ლიბიის ახალი მთავრობის მეთაურს, მუსტაფა აბდელ ჯალილს, რომელიც ორშაბათს პირველად გამოვიდა ტრიპოლიში საჯარო მიმართვით მას შემდეგ, რაც ეროვნული გარდამავალი საბჭო დედაქალაქში გადავიდა. „დიდი პატივია ნებისმიერი ადამიანისათვის, იდგე ხალხის წინაშე ასეთი მიზეზით - ისეთ დროს, როცა ლიბია და ყველა ლიბიელი თავისუფლდება ტირანებისაგან და ლიბიელი ხალხი ღირსებასა და პატივს იმსახურებს თავისი მოქმედებითა და გაბედულებით“, განაცხადა ჯალილმა. მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ დაუშვებს „ექსტრემისტულ იდეოლოგიას“ ლიბიაში.

„ჩვენ მუსლიმი ერი ვართ, ზომიერი ისლამით და გვინდა, რომ ასე დარჩეს, რომ ჩვენს გერდით იდგეთ და მხარს გვიჭერდეთ. თქვენ ხართ ჩვენი იარაღი იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც ცდილობს რევოლუციის მიტაცებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან“, - განაცხადა ლიბიის ახალი მთავრობის ხელმძღვანელმა.

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავინდებურად უცნობი რჩება. მან სამალავიდან გაავრცელა განცხადება, რომ გამარჯვებამდე არ შეწყვეტს ბრძოლა. ამ მუქარის ფონია მისი ერთგული მებრძოლების მოულოდნელი კონტრშეტევა სამ ფრონტზე: იერიში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე ქალაქ რას ლანუფთან, იერიში კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთთან დამაკავშირებელ გზაზე და ოპერაცია ქალაქ ბანი ვალიდთან. ეს უკანასკნელი, სურთთან და სამხრეთში მდებარე ქალაქ საბასთან ერთად, კვლავაც კადაფის მომხრეების ხელში რჩება მაშინ, როცა ლიბიის დანარჩენ, უდიდეს ნაწილს ახალი მთავრობა აკონტროლებს.

ამასობაში, ნიგერის მთავრობამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გადავიდა კადაფის უახლოესი გარემოცვის 30-ზე მეტი წევრი, მათ შორის კადაფის ერთ-ერთი ვაჟიშვილი და რამდენიმე გენერალი. ეროვნული გარდამავალი საბჭო ირწმუნება, რომ ნიგერში გაქცეულებმა წაიღეს დიდი რაოდენობით ოქრო და ნაღდი ფული ლიბიის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან, კადაფის მომხრეების ბრძოლის დასაფინანსებლად.

ახალი მთავრობის ხელმძღვანელმა ამ მთავრობის მებრძოლებს მოუწოდა, არ მისცენ თავს შურისძიების უფლება, კადაფის მომხრეებთან ან დაქირავებულ მებრძოლებთან დაპირისპირებაში. „ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, შიშსა და შურზე უარის თქმა და არა შურისძიება და უსამართლობა“, - აღნიშნა მუსტაფა აბდელ ჯალილმა და მისი მოწოდება ძალიან აქტუალურად ჟღერს ახალი ანგარიშის ფონზე, რომელიც დღეს გაავრცელა ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“. ის კადაფის რეჟიმს აკისრებს პასუხისმგებლობას ლიბიაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, თუმცა, აღნიშნავს, რომ შესაძლოა, კადაფის მოწინააღმდეგეებსაც ჰქონდეთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, ლიბიაში ამბოხება ახალი დაწყებული იყო, როცა საქმე მივიდა ამბოხებულების მიერ დატყვევებული პირების - კადაფის მომხრეების, ან დაქირავებული მებრძოლების დახოცვამდე. ანგარიშის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ეროვნული გარდამავალი საბჭო დგას რთული ამოცანის წინაშე, გააკონტროლოს კადაფის მოწინააღმდეგე მებრძოლები, მათ შორის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG