Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაყიდულ ბავშვებს აიძულებენ იშრომონ


ავღანეთის ზოგიერთ პროვინციაში გავრცელებული ენდემური უმუშევრობა ბევრ ღატაკ ოჯახს აიძულებს თავის გადასარჩენად შვილები გაყიდოს, რის გამოც, გაეროს მონაცემებით, ავღანეთში იზრდება ბავშვების იძულებითი შრომა, სექსუალური ექსპლუატაცია და ნაადრევი დაქორწინება.

ოთხი წლის ფარიდი, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთ ჯოუზჯანის პროვინციიდანაა, მშობელმა დედამ 8 თვის წინ ნათესავს მიჰყიდა, რისთვისაც 280 დოლარი მიიღო. მანამდე ფარიდს მამა გარდაეცვალა, დედამ კი, რომელიც მეორედ იყო გათხოვილი, გადაწყვიტა იმ იმედით გაეყიდა შვილი, რომ იგი ნათესავთან იმუშავებდა. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ფარიდი საავადმყოფოში მოხვდა. ბავშვს ზედა და ქვედა კიდურების მძიმე დამწვრობა აქვს და ტკივილებისაგან ტირის.
სამწუხაროდ, ბევრმა ავღანელმა არ იცის საკუთარი, ისევე როგორც ბავშვებისა და ქალების უფლებები.

„ერთი კვირის წინ, როდესაც იგი საავადმყოფოში მოიყვანეს, დამწვარი სხეულის ნაწილები დაინფიცირებული და დაწყლულებული ჰქონდა,“ - უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ხალილ ჰიდარიმ, ჯოუზჯანის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, რომელიც დასძენს, რომ „ბავშვი უჭმელობისაგან დაუძლურებული იყო და შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა.“

ფარიდის ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახი არ აგებს პასუხს ბავშვის ცუდ ჯანმრთელობასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მის მიერ მიღებულ დამწვრობებს იმით ხსნის, რომ ფარიდმა სხეულის დაზიანება შემთხვევით, პლასტიკური ყუთის აალების შედეგად მიიღო.

თუმცა ჯოუზჯანის საავადმყოფოს ექიმებს არ სჯერათ ამ განმარტებისა. არსებობს აზრი, რომ შესაძლოა ვიღაცამ, ვინც ვერ ნახა სარგებელი ფარიდისაგან და ვეღარ შეძლო მისი რჩენა, ბიჭუნას თავიდან მოცილება გადაწყვიტა.

ფარიდის ისტორია არ არის უნიკალური.

გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვების გაყიდვა ყველაზე უფრო ფართოდ არის გავრცელებული ავღანეთის ჯოუზჯანის პროვინციაში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღარიბ რეგიონად ითვლება. სწორედ ჯოუზჯანის რეგიონზე მოდის 28 პროცენტი 5-15 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც 2010 წელს გაყიდეს მშობლებმა ანდა მათმა მეურვეებმა, - აღნიშნავს საკუთარ ანგარიშში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“, რომლის საქმიანობაც ბავშვთა შრომის აღმოფხვრას უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ბევრმა ავღანელმა არ იცის საკუთარი, ისევე როგორც ბავშვებისა და ქალების უფლებები“, - ამბობს მაგფერათ სამიმი, რომელიც ჯოუზჯანის პროვინციაში „ავღანეთის დამოუკიდებელ ადამიანის უფლებადამცველ კომისიას“ წარმოადგენს. „ამის შედეგია ძალადობის ის დონე, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს“,- დასძენს მაგფერათ სამიმი.

მიუხედევად იმისა, რომ ავღანეთს ხელი აქვს მოწერილი გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, ბავშვთა შრომა ავღანეთში განუწყვეტლად იზრდება. ღატაკი ოჯახების მიერ გაყიდული ბავშვები იძულებითი შრომის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ადრეული ქორწინებისათვის არიან განწირულნი. ბავშვების უმრავლესობას - მათ შორის შეიძლება იყვნენ სამი წლის ბავშვებიც - იმდენად მძიმე შრომა უწევს, რომ ისინი შიმშილისაგან სასომიხდილნი და დაავადებულნი არიან.

ავღანეთის მთავრობას, რომელსაც გაეროს კონვენცია ბავშვების გაყიდვის შეწყვეტას ავალდებულებს, არ შესწევს უნარი შეაჩეროს სამუშაოდ ბავშვების გაყიდვის მზარდი ტენდენცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG