Accessibility links

logo-print
იმ დროს, როდესაც ევროპას ეკონომიკური კრიზისი უახლოვდება, მთელი ყურადღება გერმანიისკენაა მიპყრობილი. ევროპის ყველაზე უფრო ძლიერ ინდუსტრიულ სახელმწიფოს უნდა შეემუშავებინა რაიმე სახის გეგმა, რომელიც დაღუპვისაგან იხსნიდა ევროს, მაგრამ როდესაც ანგელა მერკელი გაფართოებული ევროკავშირის ფისკალური განმტკიცებისათვის დგამს ნაბიჯებს, გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა თავად ანგელა მერკელის კანცლერობას უქმნის საფრთხეს.

ამ კვირაში მერსედეს-ბენცმა ახალი ტიპის - წყალბადის ძრავაზე მომუშავე - ავტომობილის კონცეფციის გეგმა წარმოადგინა. გერმანული კომპანიები, როგორიცაა მერსედეს-ბენცი, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში ლიდერობენ და სტიმულს აძლევენ ეკონომიკას, გლობალური შემცირების პერიოდში.
ჩვენ ვხედავთ შავ ღრუბელს ცაზე, რაც გამოწვეულია საგარეო ვალით; შიდა ვალის კრიზისს, გამოწვეულს ფინანსურ ბაზრებზე არსებული მზარდი დაძაბულობით...

მაგრამ ეს წარმატება მძიმე ტვირთად აწვება გერმანიას, რომლის ლიდერი, ანგელა მერკელი, რთული არჩევანის წინაშე დგას - ან ფისკალურად უფრო ძლიერი ევროკავშირის ინტეგრაციაზე იფიქროს, ანდა განაგრძოს ის გაუგებრობა, რაც, საბერძნეთისა და პორტუგალიის მსგავსად, კრიზისში მყოფი ქვეყნებისათვის დახმარების გაგრძელებას გულისხმობს და შეზღუდული საშუალებების გამო სასურველ შედეგს ვერ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მიმდინარე წელი კარგი იყო, მზარდი კრიზისი საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკურ აღმავლობასო, - ამბობს დიტერ ჩეჩე, მერსედესის კომპანიის პარტნიორი დაიმლერის მმართველი საბჭოს წევრი.

„ჩვენ ვხედავთ შავ ღრუბელს ცაზე, რაც გამოწვეულია საგარეო ვალით; შიდა ვალის კრიზისს, გამოწვეულს ფინანსურ ბაზრებზე არსებული მზარდი დაძაბულობით. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები, ბოლოს და ბოლო, შეძლებენ სანდო სიგნალების გაგზავნას, პრობლემებიდან გარკვეული გამოსავლის მოძიებას იმისათვის, რომ არ დაზარალდეს ეკონომიკა.“

ვალის კრიზისით გამოწვეული საფრთხე ამ კვირაში თავს დაატყდა ევროპის საფინანსო ბაზარს, მათ შორის დაქსს (DAX), გერმანიის უმთავრეს საფონდო ინდექსს. ამიტომაც იყო, რომ რობერტ ჰალვერმა, ბაადერ ბანკის გაყიდვების მენეჯერმა, გაიმეორა უკვე გამოთქმული აზრი: უნდა გადავუხვიოთ ევროპული ინტეგრაციის კურსიდან და დავარწმუნოთ საბერძნეთი, რომ დატოვოს ევროს ზონაო.
ეს დაემუქრება არა მხოლოდ გერმანიას, არამედ არსებობს დიდი ალბათობა, რომ საფრთხე ემუქრება ყველას, ან, სულ მცირე, შვიდ ქვეყანას...

„ ვფიქრობ, რომ ბერლინში - მათ შორის, მმართველ კოალიციაში - ხდება რეალობის გააზრება, რომ საბერძნეთი შემდგომში ვეღარ იქნება ევროზონის წევრი. ამიტომ, გთხოვთ, გაუშვათ ისინი. ეს კარგი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც.“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს სცადა შეეწყვიტა ასეთი საუბრები და მოუწოდა პოლიტიკოსებს, ბაზრების დასამშვიდებლად უფრო ფრთხილად ესაუბრათ. მერკელის თქმით, ევროზონაში შემავალმა 17-მა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავიდან აიცილონ „უკონტროლო გაკოტრება.“

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი
„ეს დაემუქრება არა მხოლოდ გერმანიას, არამედ არსებობს დიდი ალბათობა, რომ საფრთხე ემუქრება ყველას, ან, სულ მცირე, შვიდ ქვეყანას“, - განაცხადა მერკელმა გერმანულ რადიოსადგურ RBB-ისათვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ „თუკი საბერძნეთი უარს იტყვის ევროზე, მაშინ მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ, რაც ევროპული ინტეგრაციის 10 წლიან პროექტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.“

ამ საფრთხეზე ორშაბათს ყურადღება გაამახვილა ტომას კლაუმ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა, რომელიც ამბობს, რომ საფონდო ბაზრებზე აქციების ვარდნა საფრთხეს უქმნის ისეთ ქვეყნებს, როგორიც იტალია და ესპანეთია, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ბაზრებზე საკუთარი ვალების რეფინანსირებას.

„ეს არის ახალი ხარისხის ზეწოლა, რაც თან ერთვის ვითარებას, როდესაც მერკელს ისედაც ქვეყნის შიგნით არსებული მნიშვნელოვანი ზეწოლის პირობებში უხდება მოქმედება.“

გერმანიაში ბევრის რწმენით, მიზეზი იმისა, რომ მერკელი უხალისოდ ცდილობს განახორციელოს თავის მიერვე დეკლარირებული ევროკავშირის ფისკალური განმტკიცების იდეა, მისივე კოალიციაა, რომელში შემავალმა მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატებმა მძიმე მარცხი იწვნიეს ამა წლის რეგიონალურ არჩევნებში.

დაპირისპირება ევროკავშირის უფრო ღრმა ფისკალური ინტეგრაციისა თუ ევრობონდების შემოღების თაობაზე სულ უფრო დიდ ნაპრალს აჩენს გერმანიის პოლიტიკურ წრეებში, რაც საფრთხეს უქმნის ანგელა მერკელის კანცლერობას.

თუმცა მთავარი გამოცდა იქნება მომდევნო კვირებში, როდესაც ბუნდესტაგი აპირებს კენჭი უყაროს ევროპული ფინანსური სტაბილურობისათვის ზომების მიღებისა და კავშირის განმტკიცების შესახებ ივლისში შეთანხმებულ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თავისუფალ-დემოკრატთა პარტია და ქრისტიანულ-სოციალური კავშირი მხარს უჭერენ ამ ზომების მიღებას, ცნობილი არ არის მოიპოვებს თუ არა საკმაო ხმებს ანგელა მერკელი საკუთრივ მმართველ კოალიციაში შემავალი ოპოზიციის რიგებში. იგულისხმება სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია.

ამჟამად ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ჩართულია ყველა სახის პოლიტიკურ ბრძოლაში, რათა მოიპოვოს მხარდაჭერა ევროპული ფინანსური სტაბილურობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში, - ამბობს ტომას კლაუ. მაგრამ წარმატებით დასრულდება თუ არა ეს ბრძოლა, ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნება იმ მონუმენტურ მიზანთან შედარებით, რომელმაც, მერკელის მიერ მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები კავშირის ინსტიტუციური რეფორმების გატარებაში უნდა დაარწმუნოს.
XS
SM
MD
LG