Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გამოაქვეყნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, რომელიც 2010 წლის ივლის-დეკემბერს მოიცავს. ანგარიშის ერთი თავი საქართველოსაც ეძღვნება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო დონეზე დეკლარირებული უფლებები პრაქტიკულ ცხოვრებაში ხშირად გაუთვალისწინებელია, მთავარ პრობლემად რჩება რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხები, აგრეთვე ის, რომ სამართალდამცავთა მხრიდან არ არის დროული და ადეკვატური რეაგირება რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე.

იმის გამო, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში გასული წლის ივლის-დეკემბერს მოიცავს, მასში ვერ მოხვდა მიმდინარე წლის ივლისში სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს. არადა, ეს საკითხი ერთ-ერთ პრობლემურ თემადაა მიჩნეული ანგარიშში. სწორედ ამის გამო სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ის სრულად არ ასახავს იმ ტენდენციებს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შეინიშნება, თუმცა, ბექა მინდიაშვილის შეფასებით, რჩება ძირითადი პრობლემები, რაც ანგარიშშიც აისახა:
ბექა მინდიაშვილი

”მაშინ ექვსი რელიგიური გაერთიანება აპროტესტებდა რეგისტრაციის არსებულ რეჟიმს და არ იღებდა დარეგისტრირების არსებულ საშუალებას - ეს პრობლემა მოგვარდა. არის რესტიტუციასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემა, ასევე პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირებას სამართალდამცავთა მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ან არ არის მიყვანილი ბოლომდე, ან გაჭიანურებულია, ან დაკვალიფიცირებულია ხულიგნობის ან სხვისი ქონების ხელყოფის მუხლით და არა რელიგიური დევნის ან დისკრიმინაციის მუხლით.”

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად გამოყოფილია ის, რომ, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, არც ერთი რელიგური კონფესიის სასულიერო პირებს არ ჰქონდათ საშუალება საპატიმროებში მოენახულებინთ მათი კონფესიის მიმდევრები, თუმცა აქვე დადებით ტენდენციადაა გამოყოფილი ის შესაძლებლობა, რომელიც გასული წლის 30 დეკემბრიდან შეინიშნება ამ თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან საპატიმროებში მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნებართვით შეეძლოთ სხვა კონფესიების სასულიერო პირებს შესვლა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და მათი კონფესიისთვის უკვე მოგვარებულ მთავარ პრობლემად ამ საკითხს ასახელებს:
ამ მხრივ ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, თავისუფლად შედიან ჩვენი ღვთისმსახურნი საპატიმროებში და ა.შ...

”მიუხედავად დაპირებისა, ჩვენ ვერანაირად ვერ ვაღწევდით იმას, რომ ჩვენი ღვთისმსახური შესულიყო საპატიმროში და ჩვენი მრევლი მოენახულებინა. ამ მხრივ ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, თავისუფლად შედიან ჩვენი ღვთისმსახურნი საპატიმროებში და ა.შ.”

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური საკუთრების რესტიტუციის საკითხს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ივლისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება, ეს თემაც ეტაპობრივად გვარდება, - აცხადებს სრულიდ საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკპეროვი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან სულ ცოტა ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 30 მეჩეთი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადადის:
ყველა ის მეჩეთი, რომელიც აქამდე რეგისტრირებული არ იყო, ახლა ჩვენს ბალანსზე გადმოდის...

”10 წუთის წინ მოვაწერე ხელი [ეკონომიკის სამინისტროსთან] ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჩვენს საკუთრებაში გადმოდის თბილისის ჯუმა-მეჩეთი. ასევე ყველა ის მეჩეთი, რომელიც აქამდე რეგისტრირებული არ იყო, ახლა ჩვენს ბალანსზე გადმოდის.”

რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, თვალშისაცემ პრობლემად რჩება რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებათა დროული გამოძიების და რეაგირების საკითხი. დისკრიმინაციადაა შეფასებული ის ფაქტიც, რომ მართლმადიდებლური აღმსარებლობის მსჯავრდებულებს აქვთ ალტერნატიული სასჯელის მოხდის შესაძლებლობა ეკლესიების მშენებლობებში მონაწილეობის გზით, რასაც მოკლებულნი არიან სხვა აღმსარებლობის მსჯავრდებულნი. ანგარიშში დადებით ტენდენციადაა შეფასებული 21 მარტის, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა დღესასწულის - ნოვრუზ-ბაირამის - ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების ინიციატივა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. როგორც ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბექა მინდიაშვილი ამბობს, მთლიანობაში, ანგარიში მწვავე არ არის და არსებულ პრობლემებთან ერთად დადებით ტენდენციებსაც გამოკვეთს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG