Accessibility links

logo-print

მასშტაბური კოორდინირებული თავდასხმა ქაბულში


ქაბული 13 სექტემბერს: ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სროლა დაიწყო

ქაბული 13 სექტემბერს: ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სროლა დაიწყო

თალიბმა მეამბოხეებმა სამშაბათს, 13 სექტემბერს წამოიწყეს ინტენსიური იერიში ქაბულის ცენტრში, ამერიკის საელჩოს, ნატოს შტაბ-ბინისა და რამდენიმე სხვა შენობის წინააღმდეგ. იმავდროულად თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა სცადეს აფეთქებების მოწყობა პოლიციის ობიექტებზე.

რეაქტიული ჭურვებით, ავტომატური იარაღითა და თოფებით შეიარაღებული მებრძოლები შეიჭრნენ მრავალსართულიან მშენებარე სახლში და ამ შენობაში იყვნენ გამაგრებული მრავალი საათის განმავლობაში, იქიდან ესროდნენ ახლოს მდებარე საელჩოებსა და ნატოს შტაბ-ბინას. ავღანეთში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, პოლიციელებმა გადაკეტეს დიპლომატიური მისიებისაკენ მიმავალი ქუჩები. მოძრაობა შეჩერებული იყო, სანამ უშიშროების ძალები იგერიებდნენ მეამბოხეების თავდასხმას.
საბედნიეროდ, დავხოცეთ ექვსი ექსტრემისტი, რომლებმაც გუშინ წამოიწყეს თავდასხმა ამ მაღალსართულიანი შენობიდან...

სროლისა და აფეთქებების ხმა ქაბულში დიდხანს ისმოდა. იერიშმა თითქმის მთელი დღე-ღამე გასტანა და მხოლოდ დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია ბოლო თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ. როგორც ქაბულის პოლიციის უფროსმა, მოჰამედ აიუბ სალანგიმ უთხრა ჟურნალისტებს: „საბედნიეროდ, დავხოცეთ ექვსი ექსტრემისტი, რომლებმაც გუშინ წამოიწყეს თავდასხმა ამ მაღალსართულიანი შენობიდან. როგორც ხედავთ, ეს იყო მათთვის უკეთესი ადგილი თავდასხმის დასაწყებად, მაგრამ მათ ვერ შეძლეს, აეფეთქებინათ ავტომანქანა, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით.“

პოლიცია იუწყება აგრეთვე, რომ იერიშის შედეგად დაიღუპნენ ოთხი ავღანელი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 12 ადამიანი. ნატოსა და შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, არავინ დაშავებულა ქაბულში ალიანსის შტაბბინასა და აშშ-ის საელჩოში.

სამშაბათს დაწყებული კოორდინირებული თავდასხმები, რომლებზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა იკისრა, მეამბოხეების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ოპერაციაა ავღანეთის ცენტრალური მთავრობის დამხობისა და ავღანეთიდან მრავალეროვანი ჯარების გაძევების მიზნით წარმოებულ ბრძოლაში.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გადაჭრით დაგმო თავდასხმა. ის, კარზაის თქმით, ხელს ვერ ააღებინებს ავღანეთის უშიშროების ძალებს გეგმაზე, რომ 2014 წლის მიწურულს, როცა ავღანეთს დატოვებენ მრავალეროვანი ჯარები, ჩაიბარონ უსაფრთხოებაზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა.
ჰილარი კლინტონი

იერიში დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმაც.

„მოძალადე ექსტრემისტების, თალიბანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგობა გამოიხატება მუდმივი ძალისხმევით, მუქარა შეუქმნან და ძირი გამოუთხარონ მშვიდობასა და წინსვლას ავღანელი ხალხისთვის. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო დიდი მონდომებით მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რათა ავღანელ ხალხს, რომელიც ასე იტანჯება, მივცეთ უკეთესი მომავლის შანსი საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისათვის“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში.

ქაბულში მეამბოხეების იერიშის დაწყებიდან რამდენიმე ხანში, ცაში გამოჩნდნენ ნატოს სამხედრო ვერტმფრენები. როგორც იუწყებიან, სულ ცოტა, ორი ვერტმფრენიდან ესროდნენ შენობას, რომელშიც თავდამსხმელები იყვნენ გამაგრებული. რაც შეეხება თვითმკვლელ თავდამსხმელებს - სამ კაცს, რომლებმაც სცადეს აფეთქებების მოწყობა პოლიციის ობიექტებზე, პოლიციელებმა მათი ლიკვიდაცია შეძლეს.

საქმე ეხება ქაბულში ივნისის შემდეგ განხორციელებულ რიგით მესამე მასშტაბურ იერიშს. 29 ივნისს მეამბოხეები შეიჭრნენ სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" და სიცოცხლეს გამოასალმეს, სულ ცოტა, 12 ადამიანი. 18 აგვისტოს იერიში განხორციელდა ბრიტანელების ობიექტზე, სადაც მთელი დღე გაგრძელდა შეტაკება და რვა ადამიანი დაიღუპა.

დღეს დილას დასრულებულ კოორდინირებულ იერიშთან დაკავშირებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა შეფასება, რომ „ავღანეთის მტრები“ ცდილობენ, ჩაშალონ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანელებისათვის ჩაბარების პროცესი.
XS
SM
MD
LG