Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსული რუბლის სტაბილიზაციის მცდელობა


მინსკი, 14 სექტემბერი - რიგი ბანკში მყარი ვალუტის შესაძენად
მინსკი, 14 სექტემბერი - რიგი ბანკში მყარი ვალუტის შესაძენად
ბელორუსიის ხელისუფლება ცდილობს სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაციის მიღწევას და ამ მიზნით მიღებული გადაწყვეტილებლის შესაბამისად, ეროვნული ვალუტის - ბელორუსული რუბლის კურსი დღეს პირველად განისაზღვრა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ბელორუსულმა რუბლმა ღირებულების 38 პროცენტი დაკარგა დოლართან და 40 პროცენტი - ევროსთან მიმართებით. ასეთი შედეგი მოჰყვა ეროვნული ვალუტის კურსის რეგულირების წელს უკვე მეორედ შემსუბუქებას მიუხედავად პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაპირებისა, რომ ყველა ზომას მიმართავდნენ ბელორუსული რუბლის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ლუკაშენკოს ქვეყანა მოცულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლების უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით. მინსკი ცდილობს, გაუმკლავდეს საგადამხდელო ბალანსის კრიზისს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიჩნეულია საჯარო სექტორში ხარჯების გაზრდა გასული წლის ბოლოს, დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. ამ არჩევნებში გამარჯვებულად, როგორც ცნობილია, ისევ ლუკაშენკო გამოცხადდა - კაცი, რომელიც 1996 წლიდან დგას ბელორუსიის ხელისუფლების სათავეში. იუწყებიან, რომ ქვეყანაში თითქმის აღარ არის დარჩენილი მყარი ვალუტა, ხალხს ფულის გადასაცვლელ პუნქტებთან რიგში დგომა უწევს დოლარის, ევროს ან რუსული რუბლის შეძენის იმედით. ინფლაცია წელიწადში 40 პროცენტს აღემატება. ახლა, ბელორუსული რუბლის კურსის დევალვაციის შემდეგ, ექსპერტები მოელიან ინფლაციის კიდევ უფრო მატებას და იმპორტზე დამოკიდებული ბიზნესის დაზარალებას.

ექსპერტებს უჭირთ შეფასებების გაკეთება. ერთ-ერთი მათგანი, ვალერი პალჩოვსკი როგორც აღნიშნავს, ვითარება გაურკვეველია და ანალიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, დააკვირდნენ, როგორ განვითარდება პროცესი მომდევნო დღეებში.

ინფლაციის გასაკონტროლებლად ცენტრალურმა ბანკმა წელს უკვე მეცხრედ გაზარდა რეფინანსირების სესხის განაკვეთი. ის დღეს შევიდა ძალაში და ევროპაში სარეკორდო 30 პროცენტს აღწევს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბელორუსული რუბლის დევალვაცია შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დევალვაციას საჭიროდ მიიჩნევენ, როგორც ზომას ბელორუსიის სავალუტო კრიზისის გამომწვევი მიზეზის - დიდი სავაჭრო დეფიციტის წინააღმდეგ.

მინსკს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 2009 წელს აქვს მიღებული მასტაბილიზებელი კრედიტი - 3,5 მილიარდი დოლარი და მას ისევ მიმართავს კრედიტის, ამჯერად 8 მილიარდი დოლარის თხოვნით. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია. მან სამშაბათს, 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მინსკისაგან მოელის „ძლიერ პოლიტიკასა და სტრუქტურულ რეფორმებს“, ვიდრე გამართლებულად მიიჩნევდეს მისთვის მეტი დახმარების მიწოდებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ძალისხმევა, მოაგვაროს კრიზისი, ჯერ-ჯერობით არ არის საკმარისი „ბაზრების ნდობის აღსადგენად“.

ბელორუსიას მოთხოვნებს უყენებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფიც, რუსეთის ხელმძღვანელობით: ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელმაც ივნისში მიაწოდა ბელორუსიას 3 მილიარდი დოლარის კრედიტი და პირობად წაუყენა რეფორმების განხორციელება, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან ერთად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ბელორუსიის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 5,5 პროცენტით გაიზრდება, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 50 პროცენტს გადააჭარბებს. ქვეყანაში კრიზისული ვითარებისათვის დამატებით საფრთხედ მიიჩნევენ პოლიტიკურ დაძაბულობას, იქნება ეს ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, თუ სანქციები, რომლებიც დასავლეთმა შემოიღო ბელორუსიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG