Accessibility links

logo-print
70-იანი წლების შუახანებში დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში პოპულარული გახდა მუსიკის რევოლუციური, ახალი მიმდინარეობა - პანკი როკი. ეს იყო სწრაფი, ხმამაღალი მუსიკა, მინიმალური ინსტრუმენტული დამუშავებით, როგორც წესი -მოკლე სიმღერებით, როგორც წესი - სოციალური, მეამბოხე ტექსტით. პანკი იყო ანტიპოდი 70-იანი წლების კლასიკური როკისა - ლედ ზეპელინის, პინკ ფლოიდის და ასე შემდეგ. პანკისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც მუსიკა, ასევე მისი სინაღდე - ის უნდა ყოფილიყო მინიმალურად დამუშავებული სტუდიაში, უფრო უმი, უფრო ნაღდი... ყველაზე ცნობილი პანკ ჯგუფი, ალბათ, სექს პისტოლზი იყო.

ეს მეამბოხე, ნონკონფორმისტული მუსიკა სულ მალე თავად გახდა ერთგვარი მეინსტრიმი. აი, ეს სიმღერა, გოდ სეივ ზი ქუინ, რომელიც დედოფლის შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო ინგლისში თითქმის ყველგან აკრძალეს - რადიო არ უშვებდა და დიდ მაღაზიებში არ იყიდებოდა. მაინც მოექცა ჩარტების სათავეებში. მოკლედ, ბევრი ჯგუფისათვის პანკი მეტისმეტად ჩვეულებრივი როკი გახდა. ჰოდა, ისინი გაჰყვნენ პანკის რადიკალურ გზას და ჩამოაყალიბეს ქვემიმართულება - ჰარდკორ პანკი.

ჰარდკორ პანკი იყო პანკზე კიდევ უფრო სწრაფი და უფრო მძიმე. ჰარდკორის ჯგუფებმა საერთოდ უარი თქვეს მელოდიაზე, სიმღერის ტრადიციულ სტრუქტურაზე და კიდევ უფრო დაამოკლეს სიმღერები - ჰარდკორ პანკის სტანდარტებით, ორწუთიანი სიმღერა გრძელია. ეს ჟანრი განსაკუთრებით ამერიკაში იყო პოპულარული, თუმცა პოპულარული ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. რადიოში ამ მუსიკას არ უშვებდნენ, ტელევიზიით არ ატრიალებდნენ და მსმენელიც ბევრი არ ჰყავდა. მაგრამ ვინც ჰყავდა, ერთგული მსმენელი იყო.

თუ ცოტა უსმენდა, მაშ საიდან გავლენაო, იკითხავთ. აი, თუნდაც საიდან - რადგან ძირითად, დიდ ხმის ჩამწერ სტუდიებს ამ ჯგუფებთან საქმის დაჭერა არ უნდოდათ, ჰარდკორ ჯგუფებს უწევდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ხმის ჩამწერი სტუდიების ჩამოყალიბება. მართალია, დამოუკიდებელი ლეიბლები მანამდეც არსებობდა,მაგრამ ჭეშმარიტად ანგარიშგასაწევ ძალად ინდი ლეიბლები ჰარდკორმა აქცია. თუმცა მთავარი გავლენა მაინც ის ენერგია და, საერთოდ, მუსიკის მიმართ დამოკიდებულება იყო, რაც ჰარდკორ პანკმა 90-იანი წლების ალტერნატიულ მუსიკას და მერე, შესაბამისად, თანამედროვე ინდის გადასცა. აი, ამაში გადამწყვეტი როლი კი ითამაშა ჰუსკერ დუმ. ჰუსკერ დუ თავიდან ჰარდკორის ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი იყო,
მაგრამ ჰუსკერ დუ უფრო მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჰარდკორ პანკის ჩარჩოებს გასცდა და თავის სიმღერებში მელოდია შემოიტანა. მართალია, მელოდიურ სიმღერებს ჰუსკერ დუს შემოქმედებას ჯერ ვერ დაარქმევდი, მაგრამ ძალიან განსხვავდებოდა სუფთა ჰარდკორისგან. განსხვავდებოდა იმითაც, რომ ეს მუსიკა მოისმინებოდა, თორემ ისე ძალიან ცოტა თუ გაუძლებს ჰარდკორის დიდხანს სმენას. ზენ არკეიდ, ჰუსკერ დუს კონცეპტუალური ალბომი, ითვლება გარდამტეხ პერიოდად ამ დროის მუსიკაში - ეს დრო 1984 წელია. 90-იანი წლების წამყვანი ალტერნატიული ჯგუფების წევრები, ფაქტობრივად, ამ ალბომზე გაიზარდნენ - პირველ რიგში, კურტ კობეინი, მაგრამ სხვებიც.

ჰუსკერ დუ ერთ-ერთი პირველი ამდროინდელი ანდერგრაუნდ ჯგუფი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან ეთანამშრომლა - სხვა ჰარკორ ჯგუფები ამას გაურბოდნენ, მათი შემოქმედებითი დამოუკიდებლობა რომ არ შეზღუდულიყო. თუმცა ამ დროისათვის ჰუსკერ დუ აღარც იყო ჰარდკორი - იმ დროს ამ მუსიკას სახელი მაინცდამაინც არ ერქვა, მაგრამ, აი, რომ მოისმენთ იცნობთ.

ეს 1985 წლის სიმღერაა. არადა, ისე ჟღერს, თითქოს 1995 წელს იყოს დაწერილი. ჩვეულებრივი ალტერნატიული როკის სიმღერაა, როგორიც 90-იანი წლების პირველ ნახევარში მრავლად იწერებოდა. ეს არის პანკის ესთეტიკა, აქცენტი ხმაურზე, იმაზე რომ ხმამაღალი, სწრაფი და აგრესიული იყოს მუსიკა, მინიმალური ინსტრუმენტული არანჟირება ჰქონდეს, მომღერალს ჩვეულებრივად ეცვას და არა როკ ვარსკვლავივით, მაგრამ, მეორე მხრივ, მელოდიური სიმღერაა, ტრადიციული სტრუქტურით - სტროფს რომ მისამღერი მოჰყვება და არსებითად ხმაურის გარეშე რომ შეასრულო, სიმღერა არსად ქრება. ანუ ჩვეულებრივ ჰარდკორს ხმაური და აგრესია რომ მოაშორო, სიმღერა აღარ არის. ასე კი - როგორ არა. მოკლედ, სწორედ ჰუსკერ დუ, რამდენიმე სხვა ჯგუფთან ერთად, იყო გარდამავალი ხიდი 80-იანი წლების ამერიკულ ანდერგრაუნდსა და იმ ჯგუფს შორის, რომლის საუნდიც დომინირებდა 90-იანი წლების როკში და რომელსაც დღესაც უდიდესი გავლენა აქვს თანამედროვე როკზე. ნირვანაზე მაქვს, ცხადია, ლაპარაკი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG