Accessibility links

logo-print
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში 2011-2012 აკადემიური სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ეს სასწავლო წელი გამორჩეულია სიახლეებით, სიახლეები კი, თავის მხრივ, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები ახალ სასწავლო წელს უწყების 2010-2015 წლების სტრატეგიის ფარგლებში და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განხორციელდება.ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება და სკოლებში ორ ეტაპად დაინერგება. სასწავლო გეგმა 2011-2012 სასწავლო წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ამოქმედდება, 2012-2013 სასწავლო წელს კი მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებისთვის შევა ძალაში. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დეტალები ნაკლებად აინტერესებთ თავად მოსწავლეებს, რომელთათვისაც სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული დღეა. მესამეკლასელი ნიცასთვის, მაგალითად, ეს დღე იმითაა გამორჩეული, რომ სკოლაში ახალი ტანსაცმლით, ჩანთითა და სასკოლო ნივთებით მივიდა და კლასელებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სიახლე მისი გაკვეთილების ცხრილში წელს ინგლისური ენის დამატებაა:
ჩვენთან, პირველად ჩვენს ისტორიაში, შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც გათვლილია ქართული ენის შესწავლაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის...

” მივედი სკოლაში, ოღონდ რვეულები არ წამიღია. ინგლისურის მასწავლებელი შემოვიდა და რაღაც სიტყვები და დათვლა გვასწავლა.“

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება პირველი კლასიდან გასულ წელს 200-მდე საპილოტე სკოლაში დაიწყო, წელს კი ყველა პირველკლასელისთვის გახდა სავალდებულო. ინგლისური ენის გარდა, 2011-2012 აკადემიური სასწავლო წლის პრიორიტეტია ასევე ქართული ენის გაძლიერებული სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. როგორც განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, მისმა უწყებამ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ენის უკეთ სწავლების დავალება საქართველოს პრეზიდენტისგან სამი თვის წინ მიიღო.

”რამდენიმე რეფორმა იყო გატარებული ამ სამი თვის განმავლობაში. ერთ-ერთი არის ახალი სახელმძღვანელო. ჩვენთან, პირველად ჩვენს ისტორიაში, შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც გათვლილია ქართული ენის შესწავლაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის - იმ ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური ენა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სახელმძღვანელო, ყველა თანამედროვე მეთოდოლოგია არის გამოყენებული, სახელმძღვანელო დაურიგდებათ ამ ბავშვებს უფასოდ”, ამბობს დიმიტრი შაშკინი.
არ გვინდა სოფელი დაიშალოს და სოფელი სოფელს ჰგავდეს, პირველ რიგში სკოლა უნდა შევინარჩუნოთ...

მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელოები ყველა საგანში უფასოდ დაურიგდებათ ასევე სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. აკადემიური წლის პრიორიტეტები კი, თავის მხრივ, მოიცავს ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების დაბალი ფასების უზრუნველყოფას, მეექვსე კლასის ჩათვლით გრიფირებული სახელმძღვანელოების შემოღებას, ეროვნული უმცირესობებისთვის და არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის მულტილინგვური სწავლების მეთოდის დანერგვას, ახალი სკოლებისა და კოლეჯების გახსნას, სკოლებში ელექტრონული სტრატეგიის ამოქმედებას, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ნეტბუქების ჩუქებას პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისათვის და სხვა. ნეთბუკები, იგივე პერსონალური კომპიუტერები, მასში ჩატვირთული სასწავლო პროგრამებითა და სახალისო შემეცნებითი თამაშებით, საქართველოშია დამზადებული და 60 000 პირველკლასელისთვის პრეზიდენტის საჩუქრად ითვლება.

” მარტო ანბანი კი არ იცის ამ ბავშვმა, იცის ასევე კომპიუტერის გამოყენება. რატომ ვიყავით ვარდებისრევოლუციამდელი ბავშვები უფრო ჩამორჩენილები?! იმიტომ, რომ არ გვქონდა კომპიუტერი. გასაგებია”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 15 სექტემბერს თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც, პირველკლასელებთან შეხვედრის გარდა, ჯეოსელის მიერ მოწყობილი მაღალტექნოლოგიური საკლასო ოთახიც მოინახულა.

ჩვენ შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ყველაზე კარგი სკოლები უნდა გვქონდეს, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა ერთია გეგმები და სურვილები და მეორე კი - რეალობა: საქართველო განათლების სისტემაშიც მკვეთრი კონტრასტების ქვეყნად რჩება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებითი სკოლა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, 2010 წლის იანვრამდე ერთ-ერთ კერძო სახლში იყო განთავსებული, მას შემდეგ კი, რაც სახლი მეწყერმა წაიღო, სკოლის ერთადერთმა პედაგოგმა, 70 წელს მიღწეულმა იმედა ზვიადაურმა, სასწავლო პროცესი არ ჩააგდო, სკოლა საკუთარ სახლთან, მეზობელ სოფელ ოქრუანში გადაიტანა და წნელისაგან მოწნულ, თიხით შელესილ ქოხში განათავსა. სკოლაში სულ სამი მოსწავლეა. როგორც დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თინა ბანცურმა განგვიმარტა, ახალ სასწავლო წელს სკოლა გაუმჯობესებული პირობებით შეხვდა, კერძოდ, გამოიძებნა დაკეტილი ბინა, რომლის პატრონმაც ბავშვებს ერთი ოთახი დაუთმო. სოფელ ვეძათხევის მოსწავლეებსა და მასწავლებელს ჯერ სახელმძღვანელოები არა აქვთ.

”მასწავლებელს ხელფასი აუცილებლად ექნება. ბავშვებს ამჯერად სახელმძღვანელოები არა აქვთ, მაგრამ განათლების სამინისტრომ დარეკა და ეგ პრობლემა მოგვარდება. რომ არ გვინდა სოფელი დაიშალოს და სოფელი სოფელს ჰგავდეს, პირველ რიგში სკოლა უნდა შევინარჩუნოთ”, ამბობს თინა ბანცური.

ვეძათხევის დაწყებითი სკოლის პრობლემა კომპლექსურია. თუმცა,მეორე მხრივ, მცირეკონტინგენტიანი სკოლების შენარჩუნება ყველგან არ წარმოადგენს სახელმწიფოს პრიორიტეტს. 2011-2012 აკადემიურ წელს განათლების სამინისტრო სკოლებისა და პედაგოგების შემცირებული რაოდენობით იწყებს.
XS
SM
MD
LG