Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოება და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“


29-30 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტს უმასპინძლებს. ვარშავაშივე გაიმართება კონფერენცია - ,,სვლა დემოკრატიული, კეთილდღეობასა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ევროპული თანამეგობრობისკენ“. ვარშავის სამიტის წინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარომადგენლობამ. როგორ ვითარდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და რა როლს თამაშობს სამოქალაქო საზოგადოება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში?

"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც არ განიხილება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივად. თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი - ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას:
არასამთავრობო ორგანიზაციები არც პროფკავშირებია და არც პოლიტიკური პარტიები, რათა გაფიცვები და მიტინგები მოაწყონ. მათი სიძლიერე და ძირითადი დანიშნულება ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნაა, მაგრამ დიალოგი არ გამოვა, თუკი განწყობა უკიდურესად უარყოფითი იქნება...

„ეს არის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სრულიად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. საქართველოს დღეს აქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო დინამიკა ევროკავშირთან თანამშრომლობაში. ეს არის წარმატებული მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ წლის ბოლოსთვის გაიხსნება მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ და ამოქმედდა ევროკავშირთან სავიზო გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულება და ახლა უკვე ვმუშაობთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე, ანუ უვიზო მიმოსვლაზე გადასვლის კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებაზე.“

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობას. თანახმად ევროკავშირის მიერ 2001 წლის მაისში მიღებული დოკუმენტისა „ახალი პასუხი სამეზობლოში მიმდინარე ცვლილებებზე“, სასურველია სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში და გააქტიურდეს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითად საკითხებში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების გასაგონად ამბობს:

„ყველგან არის პრობლემები, მაგრამ ვცადე ამეხსნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ფართო ცნებაა! არასამთავრობო ორგანიზაციები არც პროფკავშირებია და არც პოლიტიკური პარტიები, რათა გაფიცვები და მიტინგები მოაწყონ. მათი სიძლიერე და ძირითადი დანიშნულება ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნაა, მაგრამ დიალოგი არ გამოვა, თუკი განწყობა უკიდურესად უარყოფითი იქნება. შესაბამისად, ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გამოავლინონ გონიერება. ეს ეხება როგორც მთავრობას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.“

ფილიპ დიმიტროვის მსგავსად, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას კახა გოგოლაშვილიც, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ინტენსიური ჩაბმა დიალოგში როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ევროკავშირთან, რაც მეტად ეფექტიანს გახდის აღმოსავლეთის პარტნიორობას და დააჩქარებს საქართველოს ევროპეიზაციას:
ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ყველა ქვეყნის არასამთავრობო სექტორები...

სამოქალაქო საზოგადოების სახელით შეხვედრაში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ მონაწილეობდა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მესამე სექტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უსისტემოდ, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში მონაწილეობს. დადებით ნიმუშად შეიძლება დასახელდეს სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო:

„თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს საქართველოში ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. არსებობს სხვადასხვა ფორმატები, ძირითადად ეს არის ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით, მაგრამ სასურველია უფრო მეტად იყოს თანამშრომლობაზე მომართული ხელისუფლება, ვიდრე დღეს არის.“

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მონაწილეობას მიიღებს 29-30 სექტემბერს ვარშავაში დაგეგმილ აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტსა და კონფერენციაში, რომლის სრული სახელწოდებაა: ,,სვლა დემოკრატიული, კეთილდღეობასა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ევროპული თანამეგობრობისკენ“. სამიტს, საქართველოში პოლონეთის ელჩის ურშულა დოროშევსკას თქმით, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, პოლონეთი უმასპინძლებს.

„ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ყველა ქვეყნის არასამთავრობო სექტორები, რომლებიც მოამზადებენ რჩევებს მთავრობებისათვის. საუბარია ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაზე ამ ქვეყნებში“, უთხრა ურშულა დოროშევსკამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG