Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 სექტემბერი, 2011


“თბილისში სარკოზის შესაძლოა საპროტესტო აქციით დახვდნენ” - ასეთ სათაურს “რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ. ავტორი წერს: “საფრანგეთმა ვერ უზრუნველყო რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება; იმის ნაცვლად, რომ რუსეთი იძულებული გაეხადა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეესრულებინა, მას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" მიჰყიდა; ამას გარდა, სარკოზი საქართველოს მოუწოდებს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი - ეს ის მიზეზებია, რომლის გამოც სოციალურ ქსელში სარკოზის საწინააღმდეგო აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა.”

“რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველკურსელების დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო სიის გამოქვეყნებას აყოვნებს და ის მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი.

“24 საათი” ალტერნატიული აუდიტის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ წერს. მაღაზიების ერთ-ერთი ქსლის მენეჯერს გაზეთის კორესპონდენტისთვის უთქვამს:

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამჭვირვალედ და სუფთად ვიმუშაოთ, თუმცა მექანიკური შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. შეცდომა, შესაძლოა, კანონიდან გამომდინარეც დაუშვა, რომელშიც ყოველთვიურად შედის ცვლილებები. ალტერნატიული აუდიტი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთი შეცდომების გამო არ დავჯარიმდეთ... აუდიტორულმა კომპანიამ 34 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრა. აუდიტი ძველი მეთოდით რომ ჩატარებულიყო, ამ თანხას ჯარიმები დაემატებოდა და, ალბათ, 100 ათასამდე ლარის გადახდა დაგვეკისრებოდა.”

“ალია” დაინტერესდა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან ზურაბ არსოშვილის გათავისუფლების მიზეზით. ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შორის დაპირისპირებაზე წერს. სტატიის მიხედვით, ახალი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრემიერის გვერდის ავლით, თავად წარადგინა.

“ალია” წერს აგრეთვე ე.წ. “სტაიანშჩიკების” საკითხზე: “მალე მერია ამ საკითხის თავისებურად “დარეგულირებას” და “სტაიანშჩიკების” “აყრას” აპირებსო”.

“ახალი თაობა” არკვევს იშლება, თუ არა ოპოზიციური “ექვსიანი”. გაზეთი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “ექვსიანში” უთანხმოება “ეროვნული ფორუმის” მიერ საარჩევნო სიაში პირველი შვიდი ადგილის მოთხოვნამ გამოიწვია. “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ “ახალ თაობას” არ დაუდასტურა ეს და დააზუსტა, რომ 27 სექტემბერს “ეროვნული ფორუმის” მიერ “ქართველთა მარშის” გამოცხადებაც არ ნიშნავს “ექვსიანიდან” გამოსვლას.

“ახალ თაობაში” ადვოკატ ლალი აფციაურთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: “პატიმართა რაოდენობა, ზუსტად ვიცით, რომ 45 ათასზე მეტია ჩვენი დათვლებით. ამის გამოთვლა მარტივად შეიძლება. 18 მოქმედი ციხე გვაქვს. თითოეულში ყველაზე მინიმუმ 2000 პატიმარი იანგარიშეთ. გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ მე-8 საპყრობილეში, დღეის მდგომარეობით, 6000 პატიმარია. რამდენი პატიმარია ქუთაისის საპყრობილეში, რამდენი - ზუგდიდის საპყრობილეში და ა.შ. მინიმუმზე დაიყვანეთ და ისე იანგარიშეთ რამდენი გამოდის.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG