Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არამუსლიმან უმცირესობებს ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებს


თურქეთის დროშა
თურქეთის დროშა
დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე რომ სხვადასხვა, დღეს უმცირესობად ქცეული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფი სახლობს, გასაგებია ამ ქვეყნის ისტორიის გამო. ისინი სახლობენ, მაგრამ თურქეთში უმცირესობას არასოდეს ადგა კარგი დღე როგორც ნაციონალური, ასევე რელიგიური თვალსაზრისით. ამ ქვეყნის მთავრობამ, რომელსაც ევროპის თანასწორუფლებიანი წევრობის სურვილი ამოძრავებს, ახლა გადაწყვიტა არამაჰმადიან უმცირესობებს ადრე ჩამორთმეული ქონება დაუბრუნოს. ეს უმცირესობები - ბერძენი მართლმადიდებლები, სომხები თუ იუდეველები - დისკრიმინაციას ყოველთვის გრძნობდნენ თურქეთში. ახლა, ოპტიმიზმის მიუხედავად, მათ არ აქვთ ილუზია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მოაგვარებს საქმეს და სამართლიანობა უცბად აღდგება. აქვე გეტყვით, რომ თურქეთში მცხოვრები ის მოსახლეობა, რომელიც თავს თურქ ქართველებად თვლის, ამ პროცესში ჩართული ვერ იქნება, რადგან იმავე სომხებისგან, ებრალებისა თუ ბერძნებისგან განსხვავებით, ისინი ოფიციალურად თემს, ანუ უმცირესობას, არ წარმოადგენენ.
დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულად, სხვათა შორის, ბერძნული სახელმწიფოები არსებობდნენ, მაგრამ ერთ დროს იქ მცხოვრები მილიონობით ბერძნიდან დღეს თურქეთში რამდენიმე ათასიღა შეიძლება იყოს. არამარტო საკუთრივ თურქეთში არ განელებულა ამ სახელმწიფოს დაპირისპირება დღევანდელ საბერძნეთთან. გასულ კვირაში თურქმა ბერძნებმა სტამბულში მათი თემის დარბევის 56-ე წლისთავი აღნიშნეს. დღეს საქმე უკეთაა: ბერძნები, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ სტამბულში მაინც ჩადიან სამუშაოს საძებნელად. მათი თემის წევრია ლაკი ვინგასი, რომელიც თურქეთის სახელმწიფოსთან ქონების დაბრუნების საქმეზე მოლაპარაკებაში წარმომადგენლად აირჩია თემმა. ვინგასი თვლის, რომ ქონების დაბრუნება მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ფულის უკან მიღებაა:
საავადმყოფოს გარშემო ეს დიდი ფართობი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სომხურ, მაცხოვრის სახელობის საავადმყოფოს ეკუთვნოდა. 1952 წელს ჩამოგვართვეს, რადგან მაშინ ძველი სახელმწიფოებრივი აზროვნება ბატონობდა...

„ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა. საქმე გვაქვს კულტურულ საგანძურთან. ამიტომაა, რომ ხალხს ასე სურდა ქონების დაბრუნება. მთავარი ის არ არის, გაამდიდრებს თუ არა ეს თემს - აუცილებელია ჩვენს დიდ ოჯახს თავისი საკუთრება დაუბრუნონ. თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იტანჯებოდნენ უმცირესობები. აქ დიდხანს გვთვლიდნენ უცხოელებად. უნდა დაგემალა, როცა თემს ფულით ეხმარებოდი ან მისთვის მუშაობდი, არაფერი არ უნდა გეთქვა ამაზე მედიისთვის. ახლა თურქეთის საზოგადოება უფრო გახსნილია, საქმე წინ მიდის.“

თურქეთში ცხოვრობს და იქაურობას თავის ფესვებად თვლის სომხური თემიც. მელკონ კარაკოსე თურქი სომეხია. ის დადებითად უყურებს თურქეთის მთავრობის ნაბიჯს და მიაჩნია, რომ მის 25 წლიან ბრძოლას შედეგი მოჰყვა. კარაკოსემ ანკარას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოშიც კი უჩივლა. სტამბულის ჩაიხანაში მჯდომი, პირდაპირ მიუთითებს ტერიტორიაზე, რომელიც სომხურ თემს ეკუთვნოდა:
ის დღეები, როცა ჩვენი მოქალაქეები თავიანთი რელიგიური და ეთნიკური წარმოშობის გამო იჩაგრებოდნენ, წარსულს ჩაბარდა. ეს პრივილეგიის მინიჭება არაა ...

„ჩემი ქვეყანა მიყვარს. არმიაშიც ვიმსახურე. ჩვენი ფესვები აქაა. საავადმყოფოს გარშემო ეს დიდი ფართობი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სომხურ, მაცხოვრის სახელობის საავადმყოფოს ეკუთვნოდა. 1952 წელს ჩამოგვართვეს, რადგან მაშინ ძველი სახელმწიფოებრივი აზროვნება ბატონობდა. ახლა ვიბრძვით ამ მიწის დაბრუნებისთვის. იქ ფეხბურთის მოედანი და სამთავრობო შენობები ააშენეს. ბოლო 25 წელიწადია ვიბრძვი მიწის და შენობების დაბრუნებისთვის. დისკრიმინაცია გვტანჯავდა, მაგრამ იმედია, მთავრობის ახლებური აზროვნება ამ მიწას დაგვაბრუნებინებს.“

კარაკოსეს დაკვირვებით, ეს ახალი აზროვნება მოიტანა მმართველმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ, რომელსაც თავისი ფესვები ისლამში აქვს. მისივე ნაამბობით, ამ პარტიას მიეწერება თურქეთში არაერთი რეფორმა, რომელთა მიზანიც ამ ქვეყანაში ჩამორთმეული ქონების და მიწების საკითხის მოგვარება იყო. 1936 წლიდან ჩამოერთვა ქონება ყველა არამუსლიმანურ თემს, რომელთა საკუთრება - ეკლესიები, სასაფლაოები, სკოლები - სახელმწიფომ ჩაიბარა. მაგრამ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პირობა დადო, რომ ჩამორთმეული ქონება პატრონებს გადაეცემა:

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
„ის დღეები, როცა ჩვენი მოქალაქეები თავიანთი რელიგიური და ეთნიკური წარმოშობის გამო იჩაგრებოდნენ, წარსულს ჩაბარდა. ეს პრივილეგიის მინიჭება არაა. ეს მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა.“

სტამბულში მე-15 ს-ის შემდეგ ყოველთვის ცხოვრობდნენ ებრაელები. უხსოვარ დროში, რომაელების მიერ იუდეის დანგრევის შემდეგ, მათ ესპანეთს შეაფარეს თავი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი - ესპანელი ებრაელები - კათოლიკურმა ინკვიზიციამ განდევნა. ისინი ოსმალეთის სულთანმა შეიფარა და მას მერე ცხოვრობენ ისინი სტამბულში, სადაც აურაცხელი ქონება ჩამოართვეს. ებრაელთა თემის ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელი, მეწარმე ისჰაკ ალატონი ფიქრობს, რომ ერდოანის დაპირების მიუხედავად, არ იქნება იოლი სამართლიანობის აღდგენა და ქონების დაბრუნება:
ეს მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის. ის მაჩვენებელია მთავრობის კეთილი ნებისა ამ საქმეში, რომელიც მოსაგვარებელია 1936 წლიდან...

„საქმე გვაქვს უზარმაზარ თანხებთან. თითოეული საქმე ცალკე უნდა განიხილოს სასამართლომ. ეს ხანგძლივი ბრძოლა იქნება. მაგრამ, ბოლოს, მივალთ დასკვნამდე, რომ თუ სამართლიანი მფლობელისთვის შეუძლებელია ქონების დაბრუნება, მას ზარალი იმგვარად უნდა აუნაზღაურონ, რომ კმაყოფილი დარჩეს.“

თურქეთში უმცირესობათა უფლებებს სწავლობს ჩენგიზ აქთარი, რომელიც ბაჰჩესეჰირის უნივერსიტეტში მუშაობს. მისი თქმით, მოსაგვარებელია ერთი რთული საკითხიც: უმცირესობათა ქონების დიდი ნაწილი კერძო პირებმა მიითვისეს და ამათ უნდა დააბრუნონ, რაც უკანონოდ მიიღეს. მაგრამ, აქთარის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია:

„ეს მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის. ის მაჩვენებელია მთავრობის კეთილი ნებისა ამ საქმეში, რომელიც მოსაგვარებელია 1936 წლიდან - შეიძლება ითქვას, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დროიდან. მაგრამ წამოწყებული საქმე კარგად უნდა განხორციელდეს, რათა არამაჰმადიანებმა თავი მართლაც ისე იგრძნონ, როგორც შინ.“

არამაჰმადიანები თურქეთში თავს კარგად მალე ვერ იგრძნობენ, თუკი სამართლიანობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში არ აღდგა. ერთი მაგალითია კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, სადაც მცირე რაოდენობის სასულიერო პირებს აქვთ უფლება ღვთისმსახურება ჩაატარონ. მიზეზი კი ეგრეთ წოდებული ჰალკის სემინარიის, სასულიერო უმაღლესი სკოლის დახურვაა. ეს სკოლა წვრთნიდა მღვდლებს და ამზადებდა უფრო მაღალ სასულიერო პირებს, სანამ თურქეთის მთავრობა არ დახურავდა მას 1971 წელს, როცა კერძო სასწავლებლების არსებობა აიკრძალა თურქეთში. ანკარაზე ზეწოლა საერთაშორისო მასშტაბით ხორციელდება. ევროპაში თურქეთის ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად ევროკავშირი ჰალკის სემინარიის გახსნას აყენებს. სემინარიას 1999 წელს აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ესტუმრა. წელს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სწორედ ეს სკოლა ახსენა და თქვა, იმედი მაქვს სემინარია გაიხსნება მალე და ეს დაგვიდასტურებს თურქეთის დემოკრატიულ სიძლიერესო. მაგრამ თურქეთის მთავრობა არ აპირებს ჰალკის სემინარიის - 150 წლის ისტორიის მქონე სასწავლებლის - გახსნას სანამ, როგორც ის ამბობს, საბერნეთი არ გადადგამს საპასუხო ნაბიჯს და იქ მცხოვრები თურქების მიმართ დათმობებზე არ წავა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG