Accessibility links

4 სექტემბერი, კვირა
დაახლოებით 5 დღის განმავლობაში ბათუმში კარგი, მზიანი ამინდი იდგა და ამ პერიოდში იმის მაგივრად, რომ, როგორც უბრალო საშუალო სტატისტიკურ დამსვენებელს ეკადრება, გავსულიყავი ზღვის ნაპირზე და მეცურა, უმეტესწილად სახლში ვიჯექი. მე კიდევ არ შემშინებია ორგანიზმში მელანინის ნაკლებობაც და გარუჯვაც ვერ გახდა ჩემთვის სტიმული იმისა, რომ გავსულიყავი გარეთ სიცხეში და მიმეღო ულტრაიისფერი აბაზანები.

მე ნამდვილად არ ვიცი, იქნება თუ არა ან თუნდაც რატომ უნდა იყოს საინტერესო ერთი ან რამდენიმე დღე ჩემი ცხოვრებიდან უცხო ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შევხვედრივარ, და შეიძლება ვერც ვერასოდეს შევხვდე და შეიძლება ზუსტად ამ დღეებმა ჩაიროს ყველაზე უკვალოდ და უინტერესოდ.

მაგრამ თუ ნატურალისტი არ დააჭერს კამერის ჩასაწერ ღილაკს, შეიძლება ვერ დააფიქსიროს და ვერ შეუნახოს მსოფლიოს შემდეგივე მომენტში მომხდარი, აქამდე არნახული ბუნებრივი მოვლენა.

ჩემი კონკრეტული შემთხვევა შეიძლება არაფრით გამოირჩეოდეს და არც არავის წაადგეს, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გამოხატავს თავს, თუნდაც ასეთი მარტივი ფორმით, მით უფრო მეტი საინტერესო მოსაზრება, ან იქნებ აფორიზმიც დარჩეს საზოგადოებას, როგორც ერთგვარი ინფორმაცია ფიქრისთვის.

დღეს კვირაა და ასე დამათენდა ბათუმის სანაპიროზე მრავალრიცხოვანი კაფეებიდან ერთ-ერთში, სადაც მე, ჩემმა მეგობარმა სანდრომ და მისმა მეუღლემ - ნათიამ - ადრეულ საუზმეზე გადავწყვიტეთ მისვლა, კუბური ჯგუფის კონცერტის მერე. კონცერტი ერთ-ერთ კლუბში გაიმართა და ძალზე კმაყოფილები დავრჩით.

შავ ზღვაში ახლდაჭერილმა, შემწვარმა "ბარაბულკამ" ფოსფორის და კრეატინინის ბალანსი შეგვივსო, ღამენათევებმა თვალებში გამოვიხედეთ, თან დაღლილმა კუნთებმაც უკეთესი ფუნქციონირება დაიწყეს. სასიამოვნოდ ვისაუბრეთ და გავნაწილდით სახლებში. დაუყონებლივ ჩავიძირე ძილში.

სადღაც 11 საათისთვის ძილი უცხო ტელეფონის ზარმა დამირღვია, რომელსაც არ ვიმჩნევდი, სანამ აუტანლად გამაღიზიანებელი არ გახდა. თან უნისონში ისმოდა ნერვული კაკუნი კარებზე. მივხვდი რაშიც ყოფილა საქმე. ირაკლი და მარიამი არიან. დღეს მიდიან თბილისში და ირაკლის წინა საღამოს ჩემთან დარჩა მობილური. ”მოვდივარ, მოვდივარ, ერთი წამით. შემოდი, ხო, აქ დაგრჩა გუშინ”. მარიამმა - ”ჩვენ მივდივართ, შენ რას შვები?”. ”მე ჯერ ვერ მოვდივარ”, ”მაშინ წამოდი ხაში ვჭამოთ, არ გინდათ, არ მოგენატრათ პირსახოცები?” მარიამს უყვარს პირსახოცები. მე, როგორც ყოველთვის, დამეზარა, მაგრამ მაინც წავედით. მაგრად წვიმდა, იდეა სასიამოვნო აღმოჩნდა. დანარჩენი დღე ერთად გავატარეთ, მოვითავეთ საქმეები, მოვინახულეთ ახლობლები, ბევრი ვიცინეთ, საშუალო იუმორის გრძნობის მქონე ადამინიც კი აუცილებლად ბევრს იცინებს ამ წყვილის კამპანიაში, ირაკლის და მარიამს ვგულისხმობ. ძალიან არ უნდოდათ, მაგრამ საღამოსკენ მაინც წავიდნენ, მე კი დავრჩი სახლში, ცოტა ხანი მოვუსმინე 90-იანი წლების ღრმა ანდერგრაუნდის, ჰიპ-ჰოპის მარგალიტებს და ამ რითმებით სავსე ჩემი თავი სასიამოვნოდ დაეშვა ბალიშზე.

5 სექტემბერი, ორშაბათი
”ორშაბათი რთული დღეა”, არ ვიცი, არ ვიცი, შეიძლება რადგან წუხელ ადრე დამეძინა, დღესაც ადრე წამოვხტი, სადღაც 6 საათზე ან უფრო ადრე. ჯერ კიდევ ბნელოდა, ჩემი მეგობარი ლაშა თურმე ჯერ კიდევ არც დაწოლილა, იჯდა და უყურებდა თავისი საყვარელი MARVELL-ის ერთ-ერთი კომიქსის ეკრანიზაციას. მეც მივუჯექი.

ლაშასგან განსხვავებით, არ ვარ კომიქსების დიდი მოყვარული, მაგრამ მან ექსპრეს-მეთოდით ჩამახედა სუპერგმირების საკმაოდ რთულ და უმეტესად ადამიანურად უბედურ და დრამატიზმით სავსე ხვედრში და მეც საკმაოდ დიდი ინტერესით განვაგრძე ცხოვრება, სასოწარკვეთილად მეოცნებე სუპერგმირობაზე. როცა ფილმი მორჩა, ლაშამ დაიძინა, მე კი გამახსენდა ოდესღაც მოსმენილი სიმღერა, 90-იანების ურბანისტული სუბკულტურის ოქროს ხანიდან, ამომავალი მზის ქვეყნის რეჩიტატიული ჟანრის წარმომადგენლის რეპერტუარიდან... ვნახე და გავიხსენე ის სიმღერაც, და ბევრიც სხვა, ჩემთვის ახალი-ძველი, და კიდევე ერთხელ გავოცდი მათი შესრულების მანერის თვითმყოფადობით, იაპონური ენის იმდენად ჰარმონიული ინტეგრირებით ამ თავიდანვე დასავლურ ჟანრში, რომ არ იქნა დარღვეული ამ სპეციფიური დინების შიდა ესთეტიკა. ერთ მომენტში მე უფრო ვრწმუნდები ჩემს ისედაც ძლიერ პოზიციაში, რომ რასაც არ უნდა ამბობდნენ სკეპტიკოსები, ეს შესაძლებელია, ნამდვილად შესაძლებელია. ამ სუბკულტურის გადმოტანა და არმიღება ქართულ რეალობასთან, რა არის ამისთვის აუცილებელი და რანაირად უნდა შეაღწიოს ამ ვიბრაციამ უმტკივნეულოდ, ძლიერი წინაღობის გარეშე, სუფთა ქართულ ცნობიერებაში. ეს არის საკითხი, რომელიც უკვე დიდი ხანია მინთებს ნათურას თავში და უკვე გახდა ჩემი პირადი ამბიცია, იდეური ვენდეტა. ასეთი საბრძოლო განწყობით გავიხედე გარეთ, ისევ ცრიდა. რას იზამ, ძილის ამინდია და კიდევ ცოტა ხნით ვეწვიე ძილის სამეფოს.

ავდექით მშივრები და წავედით ხაჭაპურის საჭმელად. ბათუმი, აჭარული ხაჭაპური -ხომ უხდება ერთმანეთს ეს სამი სიტყვა? კაფეში შემოგვიერთდა მეგობარი ზოზო, მას არ შიოდა, სვამდა წვენს და ჩვენ ველოდებოდით ხაჭაპურს, რომელიც იმაზე გვიან მოვიდა, ვიდრე ჩვენ თვითონ ვისწავლიდით მის გამოცხობას, მოვწველიდით ძროხას, გავაკეთებდით ყველს და სოფლიდან ჩამოვიტანდით კვერცხს... მაგრამ ლოდინი ღირდა.

ამასობასი გამოვიდა ამინდი, გავისეირნეთ ნაპირზე და სანამ ველოდებოდით მზის ჩასვლას, ვეჯიბრებოდით წყალზე ბრტყელი ქვების გასრიალებაში. მგონი ისე გავერთეთ, რომ მზის ჩასვლაც ნახევრად გამომეპარა. სახლამდე ვისეირნეთ და ჩვენმა სუპერგმირმა აგვიყოლია კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაციის საყურებლად. სულაც არ ვიყავით წინააღმდეგი, კარგი დღის დასასრულია.

6 სექტემბერი, სამშაბათი
სამშაბათს დაგვიმთავრდა ბინის ქირა. აქაურობა უნდა დავცალოთ. ლაშა მიდის თბილისში. სახლიდან იმდენი ნივთი ჰქონდა წამოღებული, რომ ძლივს ჩავიტანეთ ბარგი, ნაქირავები ბინა დაცარიელდა. უზენაესი ძალების წყალობით ჩავტენეთ ბარგი მანქანაში ისე, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის დარჩა ადგილი, მძღოლიც კი ჩაეკვეხა. გავეშურეთ ქალაქის გასასვლელისკენ. მე კიდევ ჩამოვხტი გზაში და დავემშვიდობე ლაშას.

შევხვდი ბათუმელ მეგობარს, ერთად ვისადილეთ, მერე ბულვარში გავისეირნე. ამინდი იყო მზიანი. პარკში დიდხანს ვესაუბრე ადგილობრივ მეთევზეს. ძალიან მიყვარს თევზაობა, გამოვკითხე, რას და რა მონტაჟზე იჭერდა. მეც გავუზიარე რამდენიმე მეთოდი, რომელიც მისთვის უცნობი აღმოჩნდა. საღამოსკენ დავურეკე თანამშრომლებს ტელევიზიიდან და მივედი პოკერის ტურნირზე, რომელსაც ისინი იღებდნენ. ის ტარდებოდა სასტუმროში. ატმოსფერო საკმაოდ წყნარი აღმოჩნდა. ვინაიდან არ მიყვარს აზარტული თამაშები და მათ შორის პოკერიც, ჩემთვის მარტო ჩამოვჯექი წყნარ ადგილას და წერას შევუდექი.

წამოვედი გვიან. შევხვდი თბილისელ მეგობრებს, წავივარჯიშეთ ტურნიკზე და ორძელზე. მომნატრებია ვარჯიში, მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული სპორტში. სასიამოვნოდ დავიღალე და სახლში მისვლისა და მსუბუქი ვახშმის შემდეგ ეს დღეც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

7 სექტემბერი, ოთხშაბათი
ეს დღე არაფრით იყო განსხვავებული. თუნდაც კარგი, მზიანი ამინდებით ჰგავდა წინა დღეებს, რაც საკმაოდ სასიხარულო ამბავია, როცა ზღვაზე ხარ... თანაც აქამდე წვიმა საკმაოდ ხშირად გვიშლიდა გეგმებს. ბევრი ნამდვილად არ არის მოსაყოლი, რადგან გავიღვიძეთ ძალიან გვიან და სანამ ვისაუზმეთ და თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები მოითავა, ნახევარ დღეზე მეტი გასული იყო.ამიტომ, ვიდრე ანათებდა მზე აჭარის ცაზე, ვიჩქარეთ დროზე ჩავსულიყავით სარფში.

ზღვა დაგვხვდა აუზივით, თან კარგად დასუფთავებული აუზივით, ვინაიდან ფსკერი საკმაოდ დიდი სიღრმიდან გამოსჭვიოდა. ბათუმში დაბრუნებისას მე და დათომ ვივარჯიშეთ, რის შემდეგაც ძალიან მძიმე ვახშამი გველოდებოდა აჭარული ხაჭაპურის ჩათვლით.

8 სექტემბერი, ხუთშაბათი
ეს დღე კი საკმაოდ განსხვავებული და მოვლენებით სავსე იყო სხვა დღეებთან შედარებით და თან საკმაოდ დაგეგმილი და ორგანიზებული.

ავდექი 10 საათისთვის მეგობრის სახლში და ვიჩქარე, დროზე მივსულიყავით ცენტრალურ პარკში, სადაც შევხვდი ოთარს. როგორც წინა დღეს დავთქვით, ადრე მივედით ბათუმის დელფინარიუმის კართან, რათა გვეყიდა ბილეთები 3 საათის წარმოდგენისთვის. არასოდეს გვინახავს დელფინები ახლოს და სანამ ჩვენი სასიამოვნო მოლოდინი გრძელდებოდა, სახლში წავედით და ფილმის ყურება მოვასწარით. 3 საათზე უკვე ვისხედით დელფინარიუმის ცენტრალურ ტრიბუნაზე, უშუალო სიახლოვეში ამ საოცრად გონიერ (არც მინდა, რომ ცხოველები დავარქვა) არსებებთან. სანამ მწვრთნელები და დელფინები თავისუფლად თამაშობდნენ აუზში, ქარიზმატულმა წამყვანმა სამ ენაზე გააცნო ძირითადად ბავშვებისგან შემდგარ აუდიტორიას ზოგადი ინფორმაცია ამ საოცარი ძუძუმწოვრების შესახებ. შემდგომი 45 წუთი ნამდვილად ძალიან საინტერესო და ემოციური იყო. დადებითად დამუხტუმლა დავტოვე დელფინარიუმი.

მერე დავირაზმე კიდევ ერთი გეგმის შესასრულებლად. ვეწვიე თევზის ბაზრობას ბათუმიდან გასასვლელ გზაზე, რომლის გვერდითაც მდებარეობს ლუდის ბარი, სადაც შეგიძლია მიიტანო და მოამზადებინო თევზის ბაზრობაზე შენივე არჩეული, ახლადდაჭერილი თევზი. ამ ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე ვარ ჩამოსული ბათუმში უმეტესწილად საქმეებზე, მაგრამ ეს ბოლო ხუთი დღე საკმაოდ კარგი დასვენება გამომივიდა. 30 ივნისს ბათუმის ახალ ბულვარში ჩატარდა ჩვენი - ”funky staff”-ის კონცერტი. რეპერტუარი ძირითადად შეადგენს ფანკს, ბენდი 11 ადამიანისაგან შედგება და ძალიან ახალგაზრდა მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული. ყველა კომპოზიციაც მათ მიერ არის შექმნილი, მეტწილად ირაკლი ფარავას, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ. მე, მუსიკალური განათლების უქონლობის გამო, რაზეც გული მწყდება, სიმღერის ტექსტებზე ვარ პასუხისმგებელი. თუ მე, ჩემის მხრივ, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად ვცდილობ არარსებული ქართული თვითმყოფადი ჰიპ პოპის კულტურის შობას, მეორე - მე, როგორც funky staff-ის წევრი, სხვა ბენდის წევრებთან ერთად ვზრუნავ უკვე ქართული ფანკის კეთილდღეობაზე და უკვე ბევრი გეგმაც მაქვს და ცოტა დრო, მაგრამ მოძრაობა სიცოცხლეა და ვეცდები არასოდეს გავჩერდე.

9 სექტემბერი, პარასკევი
გვიან გავიღვიძე, დღიურების კითხვა დავიწყე, მაინტერესებდა, საბოლოო ჯამში რა გამოვიდა. ალბათ ისევ იმ არგუმენტით გავამართლებ, რითაც თავიდანვე წერა დავიწყე, მაგრამ, ისევ მაინტერესებს, ვინ მოუსმენს უცნობი ადამიანის რამდენიმე დღის ისტორიას, რომელსაც, შესაძლოა, ვერასოდეს შეხვდე.

10 სექტემბერი, შაბათი
ბათუმში ბათუმურად წვიმს, რაც მეც და ჩემს მასპინძელს გვაძლევს საფუძვლიან საბაბს, გარეთ არ გავიდეთ. ვისვენებ. სასიამოვნოა ასეთ ამინდში სახლში ყოფნა.

ვბზუით ქალაქის სკაში
ვიძირები დაასფალტებულ ზღვაში
უბნის ტბაში.
ტოქსიკური ხმაურის განგაში
კენჭებს ვყრით საკუთარ ჭაში
მასში სითხეა მლაშე
უფლის გემოს შეჩვეულები
მით დაფარულ სხეულებზე
გამრუდებულად ირეკლება საგნები.
შორს მეგაპოლისის წოდებისგან
მაგრამ აქაც სიბინძურე საკმაო და შრომა ამაო
წესიერება თემა გამხდარი საღადაო
ბილწია საკმაოდ გამდიდრების
ამ გარემოში გზები
მევახშეობით ნაშოვი ლუკმები
ნაყროვანებით მეგობრები დავიწყებული
თითქოს ადამიანური გაჭირვების
ჟამს შველოდეს ფული
ვართ ქრომოსომების ბმული
ევოლუციურ ჩიხში შესული
ტექნოლოგიურ მწვერვალზე
ცნობიერება მოთავსებული.
კრატერის ნაპრალს გადაფარებული
ნიკაპი ამაყად წამოწეული
მზერა ვიწრო ვექტორს მიმართული
და ოდესღაც მთავარი, დღეს შეუმჩნეველი
პერიფერიად ქცეული
რჩება მივიწყებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG