Accessibility links

საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები ლიბიაში ჩავიდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლიბიაში ჩავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლიბიაში ჩავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლიბიაში ჩავიდნენ, რაც ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ორივე ლიდერი ხმამაღლა გამოხატავდა ნატოს საავიაციო იერიშების მხარდაჭერას, რამაც მუამარ კადაფის 42 წლიან მმართველობას ბოლო მოუღო.

ნიკოლა სარკოზი და დევიდ კამერონი პირველი დასავლელი ლიდერები არიან, რომლებიც მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიას ესტუმრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ლიდერი აპირებს ჩავიდეს ტრიპოლიში და ბენღაზიში, სადაც ლიბიის გარდამავალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქმიანობას იმისდა მიუხედავად, რომ კადაფის ოპოზიციამ სამი კვირაა, რაც ტრიპოლზე კონტროლი დაამყარა. ტრიპოლიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნიკოლა სარკოზიმ და დევიდ კამერონმა განაცხადეს, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი დაეხმარება ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რათა მოიშუშონ სამოქალაქო ომის ჭრილობები, შეიპყრონ კადაფი და გაათავისუფლონ ქვეყანა საშიში იარაღის ნარჩენებისაგან:
რამდენიმე კვირის წინ კადაფი ჯერ კიდევ აკონტროლებდა ტრიპოლის, ხოლო რასაც დღეს ხედავს მსოფლიო, ვფიქრობ, ნამდვილად შთამბეჭდავი ტრანსფორმაციაა...

„ჩვენ დაგეხმარებით კადაფის მოძებნასა და მართლმსაჯულებისათვის მის გადაცემაში. ჩვენ ასევე გვსურს დაგეხმაროთ თქვენ, რათა ლიბიიდან გატანილ იქნეს სახიფათო იარაღი, იქნება ეს დედამიწა-ჰაერის კლასის რაკეტები თუ ჭურვები, რომელიც პრობლემას შეუქმნის თქვენს ხალხს. და დღეს ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს დაგეხმაროთ თქვენ ნაღმების ლიბიიდან გატანაში.“

კამერონის თქმით, ვიდრე მუამარ კადაფი თავისუფალია და კვლავ აკონტროლებს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს, ნატოს საავიაციო ოპერაცია გაგრძელდება. თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის, რაც ლიბიის დედაქალაქში იხილა, შთამბეჭდავია:
ჩვენა მხარს ვუჭერთ, რათა უსაფრთხოების საპოლიციო ძალებმა გააუმჯობესონ მართვა და კონტროლი...

„რამდენიმე კვირის წინ კადაფი ჯერ კიდევ აკონტროლებდა ტრიპოლის, ხოლო რასაც დღეს ხედავს მსოფლიო, ვფიქრობ, ნამდვილად შთამბეჭდავი ტრანსფორმაციაა. ცხადია, მომავალშიც იარსებებს სირთულეები ქვეყანაში და საჭირო იქნება ბევრი რამის მოგვარება, მაგრამ შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ გზებზე დიდ მოძრაობაა, წყალი მოდის და თქვენი ჰოსპიტლები მუშაობენ.“

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, დასავლეთის სხვა ქვეყნებიც დიდ მონდომებას იჩენენ, რათა დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს. როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ ლიბიაში ვიზიტს. 14 სექტემბერს კი ტრიპოლიში უკვე იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანი, რომელიც ლიბიის გარდამავალ ლიდერებს ვაშინგტონის დახმარებას დაჰპირდა:

„ჩვენა მხარს ვუჭერთ, რათა უსაფრთხოების საპოლიციო ძალებმა გააუმჯობესონ მართვა და კონტროლი. გვესმის, რომ ეს არის რთული ამოცანა. ლიბიის გარდამავალი ხელისუფლება ამ კუთხით მტკიცე ნაბიჯებს დგამს, რათა სამოქალაქო ხელისუფლებას დაუქვემდებაროს რევოლუციური სამხედრო ბრიგადები.“

თუმცა სამხედრო ბრიგადების ყაზარმებში შეყვანა და დემობილიზაცია მალე ვერ განხორციელდება, რადგან ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს კვლავ ძალით უხდება იმ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება, სადაც კადაფის მომხრე ძალები იმყოფებიან. მუსტაფა აბდელ ჯალილმა, რომელიც გარდამავალი საბჭოს ერთ-ერთი ლიდერია, ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ლიბიის დამხობილ ლიდერს ხელი მიუწვდება ქვეყნის ოქროს მარაგზე და კვლავ შეუძლია დასახლებულ პუნქტებზე, ნავთობის საბადოებსა და ელექტროსადგურებზე იერიშების ორგანიზება. ჯალილმა, რომელიც ბენგაზიდან ჩავიდა ტრიპოლიში, დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს გარდამავალი მთავრობის ყველა სტრუქტურის დედაქალაქში გადატანას მანამდე, ვიდრე კადაფის მომხრეთა საბოლოო კერები არ განადგურდება. ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით კვლავ უცნობია.
XS
SM
MD
LG