Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ნორშტეინი - 70


იური ნორშტეინი
იური ნორშტეინი
15 სექტემბერს ცნობილ რუს მულტიპლიკატორს, რეჟისორს, რომლის სურათს ”ზღაპართა ზღაპარი” ზოგიერთი კრიტიკოსი ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის მოიხსენიებს, იური ნორშტეინს 70 წელი შეუსრულდა.
ეს მუდმივად საუბარი იმაზე, რომ პუტინი ჩვენი ”ყველაფერია”, რომ, ბოლოს და ბოლოს, მივაგენით ჭეშმარიტ გზას, პუტინი ჩვენი საბრძოლო მიღწევაა... ჩემში ბადებს არა გაკვირვებას, არამედ რაღაც საშინელ განცდას...

იური ნორშტეინს შეუძლია გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის პრეტენზია გამოხატოს - იგი ერთადერთი რეჟისორია კინოს ისტორიაში, რომელსაც პირველი კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მონრეალში, 1981 წელს გადასცეს პრიზი არა ფილმისთვის, არამედ ფილმის მასალისთვის - იმხანად იგი მხოლოდ იწყებდა გოგოლის ”შინელის” ეკრანიზაციას ანიმაციურ კინოში - პერსონაჟები დაიხატა, მუსიკა შეირჩა... მაგრამ ნორშტეინს ჯერ ბრეჟნევის ხელისუფლებამ შეუჩერა დაფინანსება, მერე ”გარდაქმნილმა საბჭოთა ხელისუფლებამ” გორბაჩოვის ეპოქაში, მერე კი პოსტსაბჭოთა ხელისუფლებამ: მეტისმეტად ძვირად ღირებული აღმოჩნდა ტექნიკა, რომელსაც უპირატესობა მიანიჭა დიდმა ანიმატორმა, როგორც ნორშტეინის მეგობარმა ალექსეი გერმანმა აღნიშნა, ”მკვდრის გაცოცხლება” - იგი კი მართლაც ყველაფერს აცოცხლებს - არა მარტო დახატულ პერსონაჟებს, როგორც, მაგალითად, დისნეის ფილმებში, არამედ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ჩანს კადრში - ყველა დეტალს. ასეთი იყო მისი ფილმები ”ზღარბი ნისლში”, ”ყანჩა და წერო”, ”ზღაპართა ზღაპარი”...

მერე რუსეთში პოსტსაბჭოთა ხელისუფლება პუტინმა შეცვალა და დაიწყო ლაპარაკი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე, ანიმაციის აღმავლობაზეც კი. თუმცა ნორშტეინი, რეჟისორი, რომელსაც დასავლეთის კინოსამყარო ”მსოფლიოს ნომერ პირველ ანიმატორად” აფასებს, თავად რუსეთის ხელისუფლებამ ისევ არ დააფასა. განსაკუთრებით - რეჟისორის კრიტიკული გამოსვლების შემდეგ. 2008 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში იური ნორშტეინი აღნიშნავდა:

”ეს მუდმივად საუბარი იმაზე, რომ პუტინი ჩვენი ”ყველაფერია”, რომ, ბოლოს და ბოლოს, მივაგენით ჭეშმარიტ გზას, პუტინი ჩვენი საბრძოლო მიღწევაა... ჩემში ბადებს არა გაკვირვებას, არამედ რაღაც საშინელ განცდას - ეს რა დროში აღმოვჩნდით ისევ? ეს ხომ ნაცნობი ტექსტებია!..”

იური ნორშტეინის ზღაპრული სამყარო მხოლოდ ერთი შეხედვითაა ზღაპარი - სამართლიანობა, ღირსება, თავისუფლება მისი ყველა ფილმის თემაა. ნორშტეინი ქმნის არა იმდენად ზღაპრულ, რამდენადაც თავისუფალ სამყაროს, რათა მაყურებელს, თუ შეიძლება ითქვას, ”თავისუფლების გემო” აგრძნობინოს. ამიტომაცაა ბუნებრივი, რომ კაცი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა ანიმაციას, ასეთ განცხადებებს აკეთებს:
ლაპარაკობენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ერთადერთი, რისგანაც სასამართლო დამოუკიდებელია, ეს სინდისია. რადგანაც სასამართლო სრულიადაა დამოკიდებული ქრთამზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და ა.შ...

”ლაპარაკობენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ერთადერთი, რისგანაც სასამართლო დამოუკიდებელია, ეს სინდისია. რადგანაც სასამართლო სრულიადაა დამოკიდებული ქრთამზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და ა.შ... პრეზიდენტის არჩევნები? ასეთი ცირკი დიდი ხანია არ გვინახავს. რვა წლის წინაც კი არჩევნები ნაწილობრივ მაინც ჰგავდა არჩევნებს, თუმცა მაშინაც ელცინმა მემკვიდრე დაასახელა. ეს რა უბედურებაა - ეს მემკვიდრეები. ყველა საკითხი ისევ კრემლში წყდება.”

იური ნორშტეინი კატეგორიულად ამბობს უარს კომპიუტერულ გრაფიკაზე და არ ღალატობს ტექნიკას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია - მრავალიარუსიან, ეგრეთ წოდებულ ”გადაფარულ გამოსახულებას”, რაც ეკრანს სამგანზომილებიანს ხდის - ყოველგვარი 3დ-ეს ეფექტის გარეშე. დიდი ანიმატორი ცდილობს შექმნას სიმულტანური გამოსახულების ეფექტი - აჩვენოს არა მარტო სამყაროს სახე, არამედ სამყაროს ზურგიც - ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ აღიქვამს. ეს კი უკვე ზღაპარზე უფრო ზღაპარია, რეალობაზე უფრო მეტი რეალობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG