Accessibility links

logo-print
ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიანსტილსის” კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის - „ჰერკულესის“ - მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სიმშვიდეა. იქ დღეს დილიდან აღარ შეკრებილან საწარმოს მუშები, რომელთა საპროტესტო აქცია გასული ღამით პოლიციამ დაშალა და რამდენიმე საათით დააკავა 40-მდე ადამიანი. ქარხნის მუშები 13 სექტემბერს გაიფიცნენ სამსახურიდან პროფკავშირული საქმიანობისთვის დათხოვნილთა დაბრუნებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 4-მა კი შიმშილობა გამოაცხადა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც გაფიცულთა ძალით დაშლამდე საკმაოდ აქტიურობდა საწარმოს პროფკავშირების ეგიდით, დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად სახლში იმყოფება და მომხდარზე საუბარი არ სურს. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, დაკავებული გაფიცულებისთვის სამართალდამცავებს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა სრულიად კანონიერი გაფიცვა ძალით ჩაშალეს. მისივე ინფორმაციით, საწარმოს მუშებს სამართალდამცავებმა იძულებით ჩამოართვეს ხელწერილები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. რაც შეეხება გაფიცვას, თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, მის შეწყვეტას კონკრეტული პროცედურა სჭირდება და აქციის გაგრძელებისა და უფლებათა დასაცავად სხვა კანონიერი მოქმედებების საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. დოლაბერიძის ინფორმაციით, მეტალურგიული ქარხანა ამჟამად მუშაობას განაგრძობს, რადგან საწარმოში დასაქმებულები სამართალდამცავებმა აიძულეს სამსახურში დაბრუნებულიყვნენ.
მუშების საპროტესტო აქცია

პოლიციის მიერ დაშლილი აქციის მონაწილეთა დაცვის პროცესში მათი დაკავებისთანავე ჩაერთვნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები. ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას განმარტებით, პოლიციის მოქმედება უკანონო იყო, რადგან გაფიცულებთან სამართალდამცავებს არაფერი ესაქმებოდათ. ფაჩულიას ცნობით, სამართალდამცავებს რაიმე კანონდარღვევის მტკიცებულებები არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა არც ერთი დაკავებულის მიმართ და ყველა მათგანი გაათავისუფლეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა მხოლოდ გაფიცულთა ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა დარჯანიას წინააღმდეგ, რომელსაც სამი წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. ქარხნის წინ მოშიმშილე მუშები ღამეს სწორედ დარჯანიას კუთვნილ ავტომანქანაში ათევდნენ. საპატრულო პოლიციის ამ გადაწყვეტილებას იურისტები უკანონოდ მიიჩნევენ და უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოს მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვის ძალით დაშლის შესახებ არანაირი განმარტება არ გაუვრცელებია. მომხდარის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას ამზადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. დღესვე ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც მეტალურგიული ქარხნის მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG