Accessibility links

logo-print
პროექტის ”ჰუმანურობა პირველ რიგში” ფარგლებში, თბილისში ნარკოპოლიტიკის თემაზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ნარკოპოლიტიკის დარგში ევროპის მოწინავე ქვეყნების - კერძოდ, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს - გამოცდილების გაცნობა იყო.

საქართველოს ნარკოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. დღეს არსებული პოლიტიკა ძალოვანი ღონისძიებების გატარებას ანიჭებს უპირატესობას, რაც უამრავი ადამიანის კრიმინალიზებას, დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს, - განმარტავენ კონფერენციის ერთ-ერთ მასპინძელ ორგანიზაციაში ”ალტერნატივა ჯორჯიაში.” ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ დასჯაზე მიმართული პოლიტიკის შესაცვლელად უცხოეთის საუკეთესო გამოცდილების ქართულ გარემოსთან ადაპტაციაა აუცილებელი:

” არის მნიშვნელოვანი განსხვავებები მიდგომებში. როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელს ეხება საქმე, ფოკუსი მთლიანად გადატანილია მისი ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და ამ მხრივ პრობლემის გადაჭრაზე და არა მხოლოდ მის დასჯასა და ციხეში ჩასმაზე. და წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ზუსტად ასეთი მიდგომა არის ეფექტური.”

საქართველოს ნარკოკანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაშია შემჩნეული, 500 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. თუ იგივე პირი ერთი წლის მანძილზე განმეორებით იქნა შემჩნეული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება 2008-2009 წლებში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ”ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის” თავმჯდომარე ზურაბ სიხარულიძე ამბობს:

”დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ანუ ის კანონები, რომლებიც არის შეტანილი, უნდა იყოს განხილული საბოლოოდ და უნდა დავადგეთ რაღაცა ცივილიზებულ გზას. დაახლოებით 4 წელიწადია აღარ ხდება კანონის განხილვა და, შესაბამისად, სიტუაცია არის რთული.”

საქართველოს პარლამენტში 2008 წლის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების 2 პაკეტია შესული, თუმცა დღემდე არც ერთი არ განხილულა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამას ობიექტური გარემოებებით ხსნის:

”ძველმა კანონმა და ახალმა რეალიებმა მოიტანა ის, რომ საჭირო იყო ერთმანეთთან შეწონასწორება სამედიცინო რისკებისა, სოციალური რისკებისა და საზოგადოებრივი აზრისა - რამდენად რეალურია ის სასჯელები, რაც იყო მანამდე და შესაძლებელია და აიტანს თუ არა დღევანდელი საზოგადოება უფრო შემსუბუქებულ ან გამკაცრებულ სასჯელებს.ზღვარის გავლება შესაძლებელია მხოლოდ დოზაზე და მის სოციალურ ხიფათზე. მაგრამ საზოგადოება ვითარდება და მისი შეხედულებები ნარკოპოლიტიკასთან ერთად ვითარდება. ამიტომ პრაქტიკულად ყოველწლიურად ჩვენ გვიწევს რამოდენიმეჯერ ამ საკითხთან მოტრიალება.”

კონფერენციის ორგანიზატორებმა კონფერენციის დაწყებისას ოთარ თოიძეს განუმარტეს, რომ ნარკოპოლიტიკის განსაზღვრაში საერთაშორისო გამოცდილების გასაცნობად კონფერენციის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ისიც, რომ პარლამენტმა კანონპროექტების განხილვა განაახლოს და საქმე ადგილიდან დაძრას.

კონფერენციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის დარგში ევროპის მოწინავე ქვეყნების,კერძოდ, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გატარებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ პორტუგალიამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციითა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმის 10 წლის მანძილზე მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, საგრძნობლად შეამცირა ასევე ნარკომოხმარებით ინფიცირების მასშტაბი და მკვეთრად გაზარდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების ბრუნვიდან ამოღების მაჩვენებელი. ამ მხრივ, როგორც ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენელმა ჰიუგო ლაკიმ განაცხადა, პროგრესი თვალშისაცემია დიდ ბრიტანეთშიც.

” მე არ მგონია, რომ ნარკოტიკების პრობლემის სრულად მოგვარება შესაძლებელია. ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა ჯერ არავის გადაუწყვეტია, თუმცა მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ არა დასჯა, არამედ ნარკომანის მკურნალობა და ფართო სპექტრის სოციალური სერვისების შეთავაზება, მათ შორის დასაქმება, ანუ რეინტეგრაცია არის ნარკომანთა გამოჯანმრთელების და საზოგადოებაში დაბრუნების ერთ-ერთი გზა.“

ჰიუგო ლაკი ამბობს, რომ ზოგადად ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს კარგად კოორდინირებული უწყებათშორისი თანამშრომლობა იმ მიზნით, რომ ნარკომოხმარების პრობლემა გადაიჭრას ლიბერალური მიდგომებით და არა ძალისმიერი საშუალებებით.

ისევ ”ალტერნატივა ჯორჯიას” მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ნარკოდამოკიდებულების გამო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 1500 ადამიანი ხვდება, აღნიშნული პოლიტიკის გატარების სამართლებრივ პროცედურებზე კი დაახლოებით 18 მილიონი ლარი იხარჯება. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნული პოლიტიკის ეფექტურობას დაადასტურებდა.
XS
SM
MD
LG