Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აზრი აქვს, მაინც ისე გააკეთებენ, როგორც უნდათ


საქართველო ღარიბია, ოღონდ არა, უბრალოდ, კაპიტალით, არამედ სოციალური კაპიტალით. ეს ერთ-ერთი დასკვნაა კავკასიის
რესურსების კვლევის ცენტრის 2011 წლის ანგარიშისა, რომლის მიხედვით, ადამიანებში ძალიან დაბალია რწმენა სოციალური ერთობისა. კვლევის თემაა: პერსონალური ურთიერთობანი ვიწრო ჯგუფებში და სახელმწიფოს მოწყობასა და მართვაზე ამის გავლენა.

სოციალური კაპიტალი, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს ადამიანების უნარს საზოგადოების შიგნით რაციონალურად, ერთად გადაჭრან კონკრეტული პრობლემები - იქნება ეს გაერთიანება რაიმე სავაჭრო შედეგების მისაღწევად, სახლის სახურავის შესაკეთებლად თუ პოლიტიკური ცვლილების რაციონალურად, გეგმაზომიერად მოსახდენად - მოკლედ, ყველაფერი, რაც საერთო სივრცეში ჯგუფის და, აქედან გამომდინარე, ინდივიდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრის 2011 წლის კვლევა. კვლევა, მარტივად რომ ვთქვათ, ასკვნის, რომ ჯგუფში მოქმედების უნარი საქართველოს საზოგადოებაში დაბალია, დაბალია ნდობა უცხოს მიმართ და, საპირისპიროდ, მაღალია მოთხოვნილება ქარიზმატულ ბელადზე, რომელმაც უნდა გადაჭრას პრობლემები. თუმცა ამ ბოლო ფაქტორზე გამოკვლევაში მხოლოდ გაკვრითაა საუბარი.

თავი პირველი: ინდივიდუალური ურთიერთობანი

აქ ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ კვლევაში ხაზგასმულია ძლიერი ინდივიდუალური კავშირები ქვეყანაში, როცა ადამიანებს აქვთ უნარი საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ მეგობრის თუ ახლობელ წრეში მყოფი ადამიანის ინტერესი. აღნიშნულია სტუმარმასპინძლობის სტრუქტურაც. თუმცა ამაზე, მოდით, ბევრს ნუ ვილაპარაკებთ. შევეხოთ პრობლემას.

თავი მეორე: სოციალური ერთობა

აქ კი საკითხი რადიკალურად შეტრიალებულია. დაბალი ნდობა, მაღალი ბელადის მოთხოვნილება, დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოს მიმართ. 24 გვერდიანი გამოკვლევა დახუნძლულია ამ თემაზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევიდან მოხმობილი საინტერესო ციტატებითა თუ ციფრებით. გთავაზობთ ფრაგმენტებს:

”15 პროცენტი ქართველებისა ფატალისტურადაა განწყობილი, ანუ ისინი არ ფიქრობენ, რომ საკუთარ ცხოვრებას განაგებენ.”

”2008 წლის მსოფლიო ნდობის კვლევის რაოდენობრივი პარამეტრებით, 82 პროცენტი საქართველოში უნდობლობით ეკიდება უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. შედარებისთვის: შვეიცარიაში ნდობის ხარისხი 54 პროცენტის ფარგლებშია, ნორვეგიაში - 65 პროცენტი.”

”ხუთზე ნაკლები პროცენტი საქართველოს მოქალაქეთა არის ჩართული სოციალურ სამოქალაქო აქტივობაში.”

კვლევის მიხედვით:

”50 პროცენტი მოქალაქეთა სხვადასხვა ფორმით სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ამის მიუხედავად, ამ დარგს მხოლოდ 10 პროცენტი მოაქვს ქვეყნის შემოსავლისა - მხოლოდ 50 პროცენტი მოსავლიანი მიწისა არის დამუშავებული.”

აღნიშნულის გარდა, კვლევაში საუბარია, მაგალითად, დაბალ ჩართულობაზე მშობლებისა სასკოლო სისტემაში, მოქალაქეებისა ეზოების მოვლასა და კომუნალური პრობლემების გადაჭრაში…მოკლედ, სია გრძელია, დაწყებული ეკონომიკური თუ სოციალური და დამთავრებული პოლიტიკური კავშირებით. აი, ერთი საინტერესო ციტატა კვლევიდან:

”ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულება კოლაბორაციის ნაკლებობისა სახლებზე აისახება. ბევრი მოგზაური აღნიშნავს, როგორ არის თბილისის ლამაზად მოწყობილი სახლების შიდა ინტერიერი მკვეთრ კონტრასტში იმასთან, თუ რა მდგომარეობაშია შენობა, რომელშიც ეს ინდივიდუალური ბინააა განთავსებული. ხშირად ჩაბნელებული სადარბაზოებისა და დაზიანებული საძირკვლების ფონზე ადამიანებს რკინის თანამედროვე კარებები აქვთ და ფეშენებელური ავტომობილები დგას დაზიანებულ და მოუვლელ ეზოებში.”

თავი მესამე: მმართველობა

ყველაზე ბოლო მაგალითი, რომელიც ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დავასახელოთ, არის გაფიცვა ქუთაისის საწარმო „ჰერკულესში“. ადამიანები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის მუშათა დიდი ნაწილი გამოვიდა გაფიცვაზე, ისინი პოლიციამ სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდის გამოყენებით ქარხანაში დააბრუნა. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი ჩვენი რადიოს რუსულ რედაქციას ეუბნება:

„ყველაზე საშინელი არის ის, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ ეხება ქართულ საზოგადოებას. საზოგადოებაში ინდიფერენტულობაა მსგავსი რამეების მიმართ და ეს არის ყველაზე საშიში. არ არის სოლიდარობა ამ ადამიანების მიმართ და ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ახალი ამბავი არ არის ქართული საზოგადოებისათვის.“

მსგავსი მაგალითი ბევრია. როცა ვეტერანები სოციალური პირობების გაუმჯობესებას ძვირად ღირებული გარდაცვლილი მეომრების სვეტის ქვეშ ითხოვდნენ და პოლიციამ ისინი დაარბია, პროტესტი ამის იქით არ წასულა. კვლევას თუ დავუბრუნდებით, მაშინ, როცა სოციუმში დაბალია თანამშრომლობის, ერთობის ან ჯგუფურად მოქმედების უნარი, ”ასეთი არაერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს მთავრობის ხელს.”

კვლევა არაპირდაპირ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთავრობის მკაცრი ხელი არაპირდაპირი დაკვეთაა თავად საზოგადოებისა, რომელსაც არა აქვს უნარი თავის მართვისა და მას სჭირდება კონკრეტული დირექტივები რამის გასაკეთებლად:

”ყველაფერი ტრიალებს ლიდერის გარშემო. ლიდერების გარეშე ხალხი მობილიზებას ვერ ახერხებს და მობილიზების ინსტიტუციონალიზება შეუძლებელი ხდება.”

გამოკვლევაში ნათქვამია, რომ სოციალური კაპიტალით ძლიერ სოციუმებს, პირიქით, არ სჭირდებათ კონკრეტული დირექტივების მიმცემი ქარიზმატული ლიდერები:

”თანამშრომლობისკენ მიდრეკილ ორგანიზაციებსა თუ ჯგუფებს არ სჭირდებათ ქარიზმატული ლიდერები იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. პირიქით, ზედმეტად ქარიზმატული ლიდერი, შესაძლოა, პრობლემა გახდეს როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ კავშირებში.”

ანუ არაპირდაპირ კვლევის ავტორები პრობლემას ხედავენ სოციუმში, უფრო კი სოციალურ პროცესში, რომლის ნაწილიც არის მთავრობა.

თავი მეოთხე: სოციალიზმის ნაბახუსევი

სოციალური ერთობისადმი უნდობლობის ფესვებს კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი, სხვა ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ძალისმიერ სოციალიზმში ხედავს - სახელმწიფო სოციალიზმში, რომელსაც, მაგალითად, ფრანგი ავტორები სახელმწიფო კაპიტალიზმსაც უწოდებენ. თუმცა ამაზე მოგვიანებით. კვლევის მიხედვით, სოციალური ელემენტი საზოგადოებაში ძალისმიერად ჩაინერგა, სისტემის მორღვევის შემდეგ კი ამან პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში ნიჰილიზმი და ცინიზმი გააჩინა სოციალური კავშირების მიმართ. გაჩნდა დამოკიდებულება:

”რა აზრი აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება.”

სხვაგვარად რომ ვთქვათ, რადგანაც არაფერი შეიცვლება, მოდი თავს მივხედავ, სახლს შევირემონტებ. თუმცა კვლევაში ასევე არაპირდაპირაა მითითებული არაგრძელვადიანობა ასეთი მიდგომისა, რადგან თუ კორპუსი ვერ ახერხებს საძირკვლის გასამაგრებლად გაერთიანებას, მაშინ, თეორიულად, სათითაოდ შერემონტებული ბინები მთლიანი სახლის ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დგანან. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუმცა კვლევაში მსგავსი აქცენტების პირდაპირ ამოკითხვაც შეიძლება, როცა, მაგალითად, ხაზგასმულია, რომ მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ქვეყნები უფრო მდიდარი სახელმწიფოებია როგორც მთლიანი შემოსავლით, ასევე ინდივიდუალურით.

თავი მეხუთე: კიდევ უფრო ღრმად ისტორიაში

კვლევაში საუბარია საქართველოს ფეოდალურ წარსულსა და ქვეცნობიერში, ასე ვთქვათ, დალექილ მიდგომაზე, რომ გადაწყვეტილებას ძირითადად მცირე ჯგუფები და ელიტები იღებდნენ. ამის საპირისპიროდ კვლევაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დასავლეთში სოციალური ურთიერთობები სხვადასხვა ფორმით წინარე საუკუნეებშიც არსებობდა. ასეთ კონტექსტში საკითხი არა ცალკე მთავრობაში ან ცალკე საზოგადოებაში, არამედ ერთიან კონტექსტშია განხილული - პრობლემა სოციალურ პროცესშია. მაგალითად, კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობლემა არის არა მარტო ადამიანების ნაკლები უნარი გაერთიანდნენ, არამედ ეს პრობლემა კანონმდებლობის დონეზეც კი იჩენს თავს. კვლევაში ასეთი მაგალითია მოყვანილი:

წარმოიდგინეთ, გლეხებმა, ანუ მიწაზე მომუშავე ადამიანებმა, რომ შეძლონ გაერთიანება რაიმე ფორმის ჯგუფებში, ეს, სავარაუდოდ, შეამცირებდა მათ ინდივიდუალურ ხარჯებს - ანუ, მაგალითად, ერთად იყიდიდნენ ინსტრუმენტებს და ასე შემდეგ - და, ამავე დროს, გააადვილებდა მათ ურთიერთობას მყიდველთან. თუმცა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მათ ორმაგად დაბეგრავდაო, შენიშნავენ კვლევის ავტორები: ყველას ერთად, როგორც ბიზნესს, და ყველას ცალ-ცალკე, როგორც შემოსავლის მიმღებთო. ასეთ პირობებში კი, დაასკვნიან ავტორები, ერთობის სურვილი კვდება, ხოლო ასეთ გათითოკაცებულ მდგომარეობაში მთავრობას სულ უფრო მეტად უჩნდება მოთხოვნილება კონტროლის, ჩარევისა და პრობლემის საკუთარი ხედვის მიხედვით გადაწყვეტისაო. კვლევაში ციტირებულია ერთ-ერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ფრაზა:

”მთავარი გამოწვევა მთავრობისთვის არის ითამაშოს ძლიერი როლი სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებაში ისე, რომ არ გაუჩნდეს მათი კონტროლის სურვილი.”

ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

პრობლემის საფუძველში კვლევის ავტორები სოციალური პასუხისმგებლობის უქონლობას ხედავენ, თუმცა კვლევა მხოლოდ გაკვრით ეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას - ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, როგორც მთავარ მამოძრავებელს არა, უბრალოდ, ერთობებისა, არამედ არამექანიკურად შექმნილი ერთობებისა… ეს საკითხი წლების წინ სხვადასხვა ფორმით დააყენა ქართველმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა. დღეს კი საკითხი, ალბათ, მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ არსებობს სხვა კრიტიკული მიდგომებიც, რომელთა მიხედვით, დასავლურ ქვეყნებში კაპიტალის, პროდუქტიულობის, წარმოებისა თუ მოხმარების იდეებმა, მეორე უკიდურესობაში, გამოიწვია ადამიანური ურთიერთობების მექანიზაცია, დათვლა, გაზომვა და აწონა. მაგალითად, ფრანგი ფილოსოფოსები დელუზი და გიტარი განიხილავენ სოციალური ქმნის, წარმოების საკითხს, როგორც ადამიანის მექანიზაციისა და მისი მართვის ინსტრუმენტს, როცა ადამიანს ფიქრისთვის - თავისუფალი თუ ინდივიდუალური რეფლექსიისთვის -მოხმარებისა და წარმოების გარეთ სივრცე არ რჩება. ამ გაგებით, არსებობს მეორე უკიდურესობაც, რომელზეც კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი, გასაგები მიზეზებით, არ საუბრობს. ეს კვლევის მიზანი არ არის. თუმცა იდეა, რომ ინდივიდმა - იმისათვის, რომ იყოს სოციუმის წევრი - უნდა შეძლოს საკუთარი თავის რაციონალური განსჯა, საკუთარი თავის სხვისი თვალით დანახვა და გახსნა და არა ჩაკეტვა, ანუ ის, რასაც მერაბ მამარდაშვილი წლების წინ ამბობდა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას. მისი ნათქვამია: როცა სოციუმი საკუთარი გამოცდილებიდან დასკვნის გამოტანას ვერ ახერხებს, ის მუდმივ ჯოჯოხეთურ გამეორებაში იქნება.
XS
SM
MD
LG