Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

iamgeorgian.com - სოციალური ქსელი დიასპორისთვის


iamgeorgian.com-ის წარდგენა
iamgeorgian.com-ის წარდგენა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სოციალური ქსელი iamgeorgian.com წარუდგინა. სამინისტროს მიერ შექმნილი სოციალური ქსლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგნლებს შორის ურთიერთობის გამყარებას, ასევე დაეხმაროს ერთმანეთთან დაკავშირებაში უცხოეთში მცხოვრებ დიასპორას. თავის მხრივ, სამინისტრო სოციალური ქსლის მეშვეობით დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურებასა და შრომითი მიგრაციის საინფორმაციო ბაზის შექმნასაც გეგმავს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, იმისათვის რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარონ, იმისათვის რომ მათ შექმნან ერთგვარი დიასპორული ქსელი და დიასპორული ორგანიზაციები, ქართული ინტერნეტ სოციალური ქსელი iamgeorgian.com დარეგისტრირდა. პაპუნა დავითაიას განცხადებით, ასეთი ქსელი სამინისტროსაც დაეხმარება უფრო სრულად და დროულად იყოს ინფორმირებული უცხოეთში მცხოვრები ქართველების საჭიროებების შესახებ:
ეს სოციალური ქსელი გვაძლევს საშუალებას ერთმანეთთან დავაკავშიროთ ის ქართველები, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ცხოვრობენ...

”ეს სოციალური ქსელი გვაძლევს საშუალებას ერთმანეთთან დავაკავშიროთ ის ქართველები, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ცხოვრობენ. ასევე კარგი საშულება იქნება ჩვენთვისაც, რომ მივაწოდოთ ჩვენი იდეები, პროექტები და რომ გვქონდეს მათთან ყოველდღიური შეხება. ქსლის წარმატების იმედს ის გვაძლევს, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც ამ ქსლის შესახებ ითქვა და უკვე 3 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს და მათი 50 % არის ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.”

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სოციალური ქსლის პრეზენტაცია დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის გამართა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორა იცნობდეს იმ კულტურულ პროცესს, რომელიც მათ სამშობლოში მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე მისული პოეტი დავით დეფი გოგიბედაშვილი, რომელიც თავს ქართველ კოსმოპოლიტს უწოდებს, ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი ხიდის გადების მცდელობა, რომელიც პირადად მას მოსწონს:

”ნიუ-იორკში მქონდა "ლაივი" ლორი ანდერსონთან ერთად და იქ მცხოვრები ქართველების 1 პროცენტი მოვიდა, დანარჩენი მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ. ეს არის ძალიან დასანანი და ვფიქრობ, რომ ასეთი რაღაცები რომ აღარ მოხდეს, ამისთვისაც არის ეს საიტი შექმნილი.”

როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, სხვა სოციალურ ქსელებთან iamgeorgian.com-ს ის უპირატესობა აქვს, რომ ქალაქების მიხედვითაც ეძიებს ადამიანებს, რაც დაეხმარება, მაგალითად, ერთ ქალაქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთი იპოვონ, რადგან, პაპუნა დავითაიას განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როცა უცხოეთის ერთსა და იმავე ქალაქში მცხოვრები ქართველები ერთმანეთს არ იცნობენ.
დიასპორის წარმომადგენლები ძირითადად შრომითი მიგრანტები არიან, რომელთაგან ზოგი დიდი ხნის წინ, ზოგიც ახლა გაემგზავრა უცხოეთში...

სოციალურ ქსელში დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საიტზე სხვადასხვა ორგანიზაციას საშუალება აქვს განათავსოს ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და, შესაბამისად, მათთვის საინტერესო კადრებიც მოიძიონ. სწორედ ამ მოტივაციით ჩაერთო პროექტის განხორციელებაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც პროექტი დააფინანსა. საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ საქართველოდან სამუშაოს საძებნელად წასული მიგრანტებისთვის საიტი სასარგებლო იქნება.

”დიასპორის წარმომადგენლები ძირითადად შრომითი მიგრანტები არიან, რომელთაგან ზოგი დიდი ხნის წინ, ზოგიც ახლა გაემგზავრა უცხოეთში. ამიტომ გავიზიარეთ ეს იდეა და გვინდა შრომითი მიგრანტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, რათა გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.”

ახალი ქართული სოციალური ქსლის მეშვეობით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ის მოლოდინიც აქვს, რომ შეიქმნება შრომითი მიგრანტების საინფორმაციო ბაზა, რაც აქამდე ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG