Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკოცნელ მოხუცთა რაზმეულები


ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე
ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ ასაკოვან მკოცნელ ქალთა რაზმეულები. შეიძლება ითქვას, რომ მათი სახით არაფორმალურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. ეს ქალბატონები ამაღელვებელი სიმსუნაგით ეტანებიან ჩინოვნიკებს და თუკი იქვე ოპერატორებიც მუშაობენ, ალერსს მგზნებარე და სადღეგრძელოსმაგვარ პატრიოტულ ტექსტებსაც აყოლებენ.

მკოცნელ ქალბატონთა რაზმების სიმცირეს არასდროს ვუჩიოდით - კოცნიდნენ გამსახურდიას, კოცნიდნენ შევარდნაძეს, კოცნიდნენ ასლან აბაშიძესაც (ეს ცოტა უკარება გახლდათ, თუმცა მასაც უხერხებდნენ მოფერებას), მაგრამ სააკაშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა: ხნიერი და ალერსიანი ქალბატონები, როგორც თაფლს ფუტკრები, ისე ეტანებიან ჩვენს ახალგაზრდა პრეზიდენტს.

სადაც არ უნდა ჩავიდეს სააკაშვილი, ერთი-ორი მკოცნელი ბებო ყველგან უხვდება. ზოგი ადგილობრივ გამგეობაში მუშაობს, ზოგიც იმედიანი და ჯიბეგაფხეკილი გლეხია. ჭკვიანი მკოცნელი ბებო პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს (ცხადია, კამერების წინ): "დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო... წყალიც გვაქვს, გაზიც გვაქვს, შეშაც გვაქვს", ხოლო ძალიან ჭკვიანი, მართალია, პრეზიდენტს კოცნის, მაგრამ მშობლიურ მაჟორიტარს ან გამგებელს უხდის მადლობას, რადგან პრეზიდენტი წავა, გამგებელი კი ადგილზე დარჩება...

ჩვენი პრეზიდენტი გამორჩეული პატივისცემით ეპყრობა მკოცნელ ხნიერ ქალბატონებს - საკმარისია ასეთი ქალი მივარდეს, მაშინვე ყუჩდება და თავს სრულად უთმობს აღტყინებულ ამომრჩეველს. თუკი დადუმებული სააკაშვილის ნახვა გნებავთ, მას მკოცნელი მოხუცები უნდა მიუსიოთ - ტელეარქივში უხვად მოიპოვება კადრები, სადაც განაბულ პრეზიდენტს დიდი ვნებით ეპოტინება რიგითი ქართველი ბებია.

ამას წინათ უდიდესი დილემის წინაშე დადგა ერთი ლოყებშეფაკლული ქალბატონი - მარჯვნიდან "საკოცნელად გამზადებული" პრეზიდენტი ედგა, წინ კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ჰოდა ვეღარ გადაწყვიტა, პირველად ვისთვის უნდა ეკოცნა (ამ დროს, პირდაპირ კლავდა კოცნის ჟინი); ცხადია, საერო წინამძღოლი მაშინვე "გაეხსნა", მაგრამ ქალბატონს სულიერი მოძღვრისთვისაც უნდოდა სიყვარულის დამტკიცება. თუმცა ბოლოს მაინც პრეზიდენტს ეცა (პერანგი და კისერი ჩაუკოცნა), პაუზებში კი (კოცნა-კოცნის პარალელურად) სამადლობელო-პოლიტიკური ტექსტიც დაამღერა: "მადლობლები ვართ... მპუ-მპუ-მპუ... შუქი... ახალი სკოლის შენობა... მპუ-მპუ... ჩვენი გამგეობა... ლომივით ბიჭები... მპუ-მპუ-მპუ-მპუ... გაზრდილი პენსია... პმა-პმა-მპა!.. ვაიმე, ცუდად ვარ... მპა-მპა!"

სხვათა შორის, პრეზიდენტს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ედგა უკან და მთელი თავისი არსებით გამოხატავდა "დაკოცვნისთვის მზაობას"; აქტიურ ქალბატონს ღიმილით (თუმცა გამომწვევად) უცქერდა და, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ ლოყებით ეტენებოდა ერთ-ერთ ტელეკამერაში - მაკოცეთ, ქალბატონო, რამ დაგაბრმავათო...

არ შეიძლებოდა, რომ მასაც რგებოდა ერთი პატარა საკოცნელი ტელესიუჟეტი?

იყო დრო, როცა საქართველოში უპრინციპო მკოცნელთა რაზმები დათარეშობდნენ (მათ კოლაბორაციონისტებიც შეგვიძლია ვუწოდოთ), - ერთი და იგივე ბებოები გამაოგნებელი ინფანტილიზმით (თუ ანგარებით) კოცნიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერებს; გააჩნია, ვინ ჩადიოდა მათთან და რა ტელევიზია იღებდა. ერთმა ბებომ "იმედზე" დიდი ვნებით დაპროშნა პარლამენტის თავმჯდომარე (შესაბამისი ტექსტებით, ცხადია), ხოლო "მაესტროზე" "ქართული პარტიის" წევრებს შესთავაზა ტკივილიანი კოცნაობა. ეჭვი არ მეპარება, ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო. თან მეტად ნიჭიერი - თუკი ხელისუფლებას ოპტიმისტურად ეფერებოდა, ოპოზიცია პროფესიონალი მოტირალივით დალოშნა ("ვაი, რას გვიშვებიან... ვაი, რა გვეშველება...").

ამიტომ ყველა ბებოს ნდობაც არ შეიძლება. ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა გვკოცნის და მერეღა დავუთმოთ პოლიტიკური სხეული.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG