Accessibility links

ვაჟა-ფშაველა - დაბადებიდან 150 წლისთავი


ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად

ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად

ზაფხულში შესრულდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავი.

ყველამ იცის, რომ ვაჟა ჩარგალში დაიბადა, 1861 წლის 27 ივლისს, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნის, პავლე რაზიკაშვილისა და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის ოჯახში. როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, ბავშვს უხვი შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული, მნახველები ამბობდნენ თურმე, ეს თმიანობა იმის ნიშანია, რომ დავლათიანი და სახელიანი იქნებაო. პატარა ლუკა ბლაღოჩინ იობ ცისკარაშვილს მოუნათლავს.

იგი ოჯახის ყველაზე საყვარელი შვილი ყოფილა. როგორც ვაჟას დედა იხსენებდა: “ექვს-ექვსი შვილი ისე დავზარდე, რომ მამას ვაჟას მეტი ხელში არავინ აუყვანიაო”.
ისეთი პროგრამით იყო გაკეთებული, რომ მთელი ხალხი უნდა ჩაბმულიყო ამ ამბავში. ხალხი ჩაერთო ვაჟაში და რაღაცა მაინც გაიგო, რაღაცით მაინც გაცოცხლდა ვაჟა...

ვაჟას ბიოგრაფიაზე სხვას არაფერს ვიტყვი, დიდ დროს წაიღებს. ჯობს გიგი ხორნაულის წიგნს მიმართოთ ან ვაჟას ათტომეულის ბოლოს დაბეჭდილ დაწვრილებით ქრონიკას ვაჟას ცხოვრებისას, დღეს კი იმაზე ჯობს ორი სიტყვა ვთქვათ, თუ რა აზრი აქვს იუბილეებს და რა სარგებლობა შეუძლია მოგვიტანოს ამ მოძველებულმა ტრადიციამ. პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ჩემთან საუბრისას ვაჟას 100 წლის იუბილე გაიხსენა:

“ვაჟა-ფშაველას 100 წლისთავი მახსოვს ძალიან კარგად. იმიტომ, რომ თიანეთი, როგორც ყოფილი ფშავ-ხევსურეთის სამაზრო ცენტრი, რაღაცნაირად აუცილებელი რგოლი იყო ამ იუბილეს პროცესში და ძალიან დიდი, საყოველთაო დღესასწაული იყო, იმიტომ რომ ისეთი პროგრამით იყო გაკეთებული, რომ მთელი ხალხი უნდა ჩაბმულიყო ამ ამბავში. ხალხი ჩაერთო ვაჟაში და რაღაცა მაინც გაიგო, რაღაცით მაინც გაცოცხლდა ვაჟა.”

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაჟას სახე დაიკარგა. იგი მხოლოდ ათასში ერთხელ გაიელვებს ხოლმე რომელიმე მოსაწყენ საუბარში ან პუბლიკაციაში, სადაც ვაჟას ციტატებს იმოწმებენ მისი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმიდან” ან რომელიმე სხვა სტატიიდან. არადა, ბოლო 10 წლის მანძილზე 10-ზე მეტი მონოგრაფია გამოვიდა მისი შემოქმედების შესახებ. იკვლევდნენ ქრისტიანულ მოტივებს მის შემოქმედებაში, ადამიანის პრობლემას, ფრთხილი ნაბიჯით შედიოდნენ ვაჟას მისტიკურ-ზღაპრულ სამყაროში, არჩევდნენ მის ლიტერატურულ-კრიტიკულ მემკვიდრეობას, აინტერესებდათ ვაჟას დრამატურგია და ზეპირსიტყვიერების როლი მის პროზაში. 2 წლის წინ თამაზ ჩხენკელის “ტრაგიკული ნიღბებიც” გამოვიდა ხელახლა, 8 წლის წინ კი გიგი ხორნაულის “ცხოვრება ვაჟა-ფშაველას” მეორე, შევსებული გამოცემა. 2003-შივე გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ 700-გვერდიანი “ქართველი მწერლები ვაჟას შესახებ”, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა ვაჟას წაკითხვაში, ახალმა დროებამ, სამწუხაროდ, ვაჟა ჯერ ვერ დაინახა.

ბესიკ ხარანაული ერთ სახალისო ფაქტს იხსენებს, რომელიც გასულ საუკუნეში მოხდა:
ბესიკ ხარანაული

“ლენინგრადიდან ჩამოსულები იყვნენ გამომცემლები ვაჟას კრებულის გამოსაცემად და მე და გოგი ოჩიაური გავყევით ჩარგალში. გზაში რომ მივდიოდით, ხალხიც გვხვდებოდა, რა თქმა უნდა, უკვე ფშავ-ხევსურეთისკენ რომ გადავუხვიეთ, და გოგიმ უთხრა მხიარულად, რომელსაც თქვენ იტყვით, გავაჩეროთ და ვკითხოთო, ვაჟა იცის თუ არაო. ე.ი. უკვე ფშავლების ზონაში ვართ. მართლაც, ვხედავთ, ვიღაც მენახირეს ნახირი გადაჰყავს გზაზე. ჩვენც რაღაცნაირად შევანელეთ, ამანაც გადაიყვანა ეს ნახირი გზის მეორე მხარეს და გოგიც ეძახის ამ კაცს. ბოდიში, მოდი ერთი წუთიო. ვაჟასი გვითხარი რამე, იციო? როგორ არ ვიციო, იმან ისე თქვა, თითქოს გვარი და სახელი ეკითხათ. დაიწყო ზეპირად, დაიწყო პოემა “ბახტრიონი” და აღარ ჩერდება... არადა, ჩვენ ამდენი არ გვინდა, ეს დოზა არ გვინდა. ჩვენ გვინდა, ასე ვთქვათ, რომ გოგის დაუდებელი სანაძლეო გამართლდეს... მერე კიდე გზაში გვეკითხებოდა ხოლმე, კიდე გავაჩეროო? არა, არაო! იციანო!...”

საინტერესოა, დღეს თუ ვიცით, დღეს თუ გვესმის ვაჟა? ჯერ კიდევ 20-იან წლებში წერდა სერგი დანელია მწვავედ ვაჟას შესახებ და ძალიან მკაცრად აფასებდა თავისი თანამედროვეებისა და წინამორბედების შეხედულებებს მის შესახებ. მაგალითად, იგი კიტა აბაშიძეს საყვედურობდა მრავალნაირი იზმისა და იარლიყების მიკერებას მწერლებზე და განსაკუთრებით ვაჟაზე, რომელიც რატომღაც სიმბოლისტად მოგვევლინა მის ნარკვევებში. ძალზე მკაცრია სერგი დანელია კონსტანტინე კაპანელის მიმართაც:

“ერთი თანამედროვე მწერალი, რომლის უმეცრებას მხოლოდ მისი თავხედობა თუ შეედრება, გვიმტკიცებს, რომ ვითომ ვაჟა იმიტომ იყოს სიმბოლისტი, რომ ის თურმე ადამიანებს ახასიათებს, როდესაც მცენარეებზე და ფრინველებზე მოგვითხრობს და, მაგალითად, “შაშვის განცდაში იძლევა სიმბოლოს ადამიანის განცდისა”.

სხვათა შორის, ნაწილობრივ ამ თემას ბესიკ ხარანაულიც შეეხო ჩემთან საუბარში და შემდეგი საინტერესო რამ გვითხრა:
ეს ბუნება ვაჟა-ფშაველას საერთოდ ყოფიერებად ესმის. აი, სადამდისაც მიწვდება კაცის მზერა მიწიდან - ზემოთ ახედულზე, ქუდი რო არ გადავარდეს ისე, რაც კი არსებობს ქვეყნიერებაზე, ეს არის ბუნება ვაჟასთვის ...

“რა აღმოვაჩინე, იცი, რომ ეს ბუნება ვაჟა-ფშაველას საერთოდ ყოფიერებად ესმის. აი, სადამდისაც მიწვდება კაცის მზერა მიწიდან - ზემოთ ახედულზე, ქუდი რო არ გადავარდეს ისე, რაც კი არსებობს ქვეყნიერებაზე, ეს არის ბუნება ვაჟასთვის. თანაც, ბუნება განყენებული კი არ არის, არამედ შენ გელაპარაკება, შენთან ცხოვრება უნდა ამ ბუნებას. ქარი იქნება, წვიმა იქნება, ზამთარი იქნება, ზაფხული იქნება თუ გაზაფხული, ამას ყველაფერს უნდა, რომ ადამიანთან ერთად იყოს, უნდა, რომ ადამიანი აიყოლიოს, თავის წრებრუნვაში, თავის ცვლილებებში, თავის განახლებაში უნდა რომ ჩართოს და ადამიანი რაღაცნაირად ეუბნება, რომ შენ სხვა ხარ, მე სხვა ვარ. იმიტომ, რომ ადამიანმა ვერ შეკრა ეს წრე თუ ხაზი, ვერ დაიჭირა ის ვერტიკალი. და ვაჟა-ფშაველა იმიტომ იყო მთლიანი არსება, რომ ეს იცოდა...”

სხვათა შორის, ბესიკ ხარანაულმა ვაჟას იუბილეს ერთი მოზრდილი ესე მიუძღვნა, რომელიც მალე, ალბათ, “არილის” საიტზეც დაიდება. იქ ბევრი სხვა საინტერესო დაკვირვებაა ვაჟას შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე. მანამდე კი მოდით, გადმოვიღოთ ვაჟას რომელიმე ტომი ან კრებული და წავიკითხოთ მისი ნაწერი: ლექსები, რომელიც რამდენიმე წლის წინ გულთან ახლოს ვერ მოდიოდნენ, იქნებ ახლა აჟღერდნენ, ვინ იცის, იქნებ პოემები მოგბეზრდათ, ანდა ვაჟას პროზა ელის თქვენგან აღმოჩენებს, ან მისი სტატიები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და კორესპონდენციები. მეც გადავიკითხე რაღაცები, სანამ ამ საიუბილეო გადაცემას ჩავწერდი და მივხვდი, რომ ვაჟა უფრო ვრცელი ნაშრომის ღირსია, ვიდრე ეს პატარა მიძღვნა.

სამწუხაროდ, ჟურნალის გარეშე დავრჩი, თორემ სიამოვნებით მოვამზადებდი თემატურ ნომერსაც, მთლიანად ვაჟას შესახებ, სადაც სხვადასხვა თაობის ყველაზე დაკვირვებულ მკითხველებს ვთხოვდი დაეწერათ მასზე, დაეწერათ ახლებურად, საინტერესოდ. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ რაღაც ძალიან დამძიმდა ჰაერი ვაჟას გარშემო. იმედია, არ დარჩება ვაჟა მხოლოდ ვაჟაობების ამარა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG