Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომიდან დაბრუნებული ვეტერანების პრობლემა ამერიკაში


ბარაკ ობამა ვეტერანებთან შეხვედრისას
ბარაკ ობამა ვეტერანებთან შეხვედრისას
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მომდევნო დღეებში აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო წვევამდელთა ცენტრებთან იმ ამერიკელთა რიგები დადგა, რომლებსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება სწყუროდათ. მაგრამ ბევრი ის ჯარისკაცი, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა ბრძოლის ველი, 10 წლის შემდეგ დასახიჩრებული და ტრავმირებული დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მათთვის სამუშაო ადგილის მოძებნა არც ისე იოლი აღმოჩნდა.

ამერიკა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომში იმყოფება. იგულისხმება თითქმის თერთმეტწლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში და რვაწლიანი - ერაყში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ პატივი მიაგო და „11 სექტემბრის თაობა“ უწოდა იმ სამხედრო მოსამსახურე ქალებსა და კაცებს, რომლებმაც სამხედრო კარიერა 2001 წლის შემდეგ აირჩიეს:
ბარაკ ობამა

„ეს ის დროა, როდესაც მივესალმებით 9/11-ის თაობის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების ათწლეულს, რომლის დროსაც ხუთ მილიონზე მეტმა ამერიკელმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა. ისინი იმ სექტემბრის დილიდან ასრულებენ თავის მოვალეობას, მაგრამ მშვიდობიან დროს სამხედრო სამსახურში ჩარიცხულებს, მალევე მოუხდათ ომის გზაზე გასვლა. ესენი არიან მილიონობით წვევამდელები, რომლებიც ომში მყოფ ქვეყანას თავის სამსახურს სთავაზობდნენ სიტყვებით: ‘მე გამიშვით’ .“

მაგრამ ომი ყოველთვის ჯარისკაცების სიკვდილთან და ჭრილობებთან არის დაკავშირებული. მეორე მსოფლიო ომში თითოეულ დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცზე თითქმის ორი დაჭრილი ჯარისკაცი მოდიოდა, ერაყში მიმდინარე „უდრეკი თავისუფლების“ ოპერაციაში კი ყოველ დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცზე მოდიოდა შვიდი დაჭრილი სამხედრო. საერთო ჯამში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში 40 000 ჯარისკაცი დაიჭრა.

მათ შორის არის ლეიტენანტი კამერონ კერი, რომელიც ამა წლის თებერვალში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა ყანდაარის პროვინციაში. მას ფეხი მუხლს ქვემოთ მოაჭრეს. ოფიცერი, რომელიც ჭრილობებს ვაშინგტონის ოლქში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში იშუშებს, ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ნაღმზე ის ახალგაზრდა ჯარისკაცები ფეთქდებოდნენ, რომლებიც არმიაში პირდაპირ უმაღლესი სკოლებიდან მიდიოდნენ:

“მიღებული ჭრილობები ზოგჯერ რადიკალურად ცვლის ცხოვრებას. ზოგიერთი ადამიანი ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდა. არიან ადამიანები, რომლებმაც, სასქესო ორგანოების ჩათვლით, წელს ქვემოთ ყველაფერი დაკარგეს, რაც დიდი დარტყმაა ახალგაზრდა კაცისათვის. თუ ადამიანს მანამდე არ ჰყავდა შვილი, ეს აშკარად ნიშნავს, რომ იგი ვერასოდეს შეძლებს შვილის გაჩენას. განსაკურებით ასეთი ხალხი იმყოფება სასტიკ დეპრესიაში, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ თვითმკვლელობებს იწვევს.“


თვითმკვლელობის საგანგაშო მაჩვენებელი აშშ-ის არმიაში

თვითმკვლელობა არა მხოლოდ ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ვეტერანების, არამედ მოქმედ სამსახურში მყოფ სამხედროთა რიგებშიც იზრდება. ეს კი, როგორც „რენდ კორპორეიშენის“ (RAND Corporation) კვლევაშია აღნიშნული, პოსტტრავმატული მოშლილობის სინდრომით არის გამოწვეული. გასული ივლისი ამ მხრივ ყველაზე ტრაგიკული იყო აშშ-ის არმიაში: 32-მა ადამიანმა დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე. 2010 წელს კი არმიის ყველა სახეობაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა და 468 შეადგინა. ეს კი ორჯერ აღემატება ავღანეთში წელს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვს. ლეიტენანტი კამერონ კერი იცნობს ბევრ თანამებრძოლს, რომლებიც პოსტტრავმატული მოშლილობის გამო იტანჯებიან:

„ცხადია, ბევრ შემთხვევაში ჭრილობა ძალიან ტრამვატულია. ნაღმზე აფეთქება არ არის ისეთი სასიამოვნო განცდა, რომ შეიძლებოდეს ის ვინმეს უსურვო. ზოგიერთ ადამიანს გაუმართლა, როდესაც აფეთქების შემდეგ გონება დაკარგა, მაგრამ ბევრი ჩვენგანი გრძნობაზე ვიყავით, რაც კიდევ უფრო რთულია. მით უფრო, რომ ამის შემდეგ ბევრი ჯარისკაცი კიდევ რამდენჯერმე გადაისროლეს ბრძოლის ველზე და ისეთი რამეების ნახვა მოუხდათ, რაც არავინ უნდა ნახოს, რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი, განსაკუთრებით კი 19-20 წლის კაცმა.“

შინ დაბრუნებული ბევრი კონტუზირებული და ტრავმირებული ჯარისკაცი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. აშშ-ის არმიის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა ალკოჰოლის მომხმარებელი ჯარისკაცების რიცხვი, რაც 2010 წელს 13 ათასს შეადგენდა.
ტკივილებისა და დეპრესიის გამო ძლიერმოქმედ პრეპარატებს ვიღებდი, მაგრამ მერე და მერე წამალზე უფრო და უფრო დამოკიდებული გავხდი...

ნენსი შირილო ერაყში - ალ ასადში - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ნაღმსატყორცნის ნამსხვრევისაგან თვალის ბადურა დაუზიანდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ნენსიმ იგრძნო, რომ დეპრესიაში ვარდებოდა:

„25 წლისა ვიყავი, როდესაც თვალი დავკარგე და მომიხდა თვალის სახვევის ტარება. ტკივილებისა და დეპრესიის გამო ძლიერმოქმედ პრეპარატებს ვიღებდი, მაგრამ მერე და მერე წამალზე უფრო და უფრო დამოკიდებული გავხდი, რადგან მათ არა ფიზიკური ტკივილის გასაყუჩებლად, არამედ განცდილი ემოციური ტანჯვისაგან გასათავისუფლებლად ვიღებდი. არ მინდოდა მეფიქრა, არ მინდოდა მეგრძნო.“

კონსულტანტებმა და მეგობრებმა შირილოს ურჩიეს დასწრებოდა პროექტ „ოდისეას“ შეხვედრებს, რომელსაც ომის ვეტერანთა დახმარების ჯგუფი „დაჭრილი მეომრები“ მართავს. ჯგუფის მიზანია დაეხმაროს და პატივი მიაგოს დაჭრილ ვეტერანებს სხვადასხვა პროგრამების სახით, მოახდინოს მათი რეაბილიტირება და ინტეგრირება საზოგადოებაში. ნენსი შირილოს ისტორია ამ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ისტორიაა. ომში დაჭრილმა სამხედრო ქალმა მიიღო ის დახმარება, რაც სჭირდებოდა და ახლა კონსულტაციებით იმ ვეტერანებს ეხმარება, რომლებიც „დაჭრილი მეომრების“ ორგანიზაციას დახმარებისათვის აკითხავენ. მისი მესიჯი მარტივია: გასაჭირში მყოფი ვეტერანები მარტოობაში არ უნდა იტანჯებოდნენ.


ვეტერანები ვეტერანების დასახმარებლად

ფსიქოლოგი ექიმი შარი ბატლერი 20 წელია მკურნალობს ომის ვეტერანებს, 2001 წლიდან კი იგი ფლორიდაში არსებულ ვეტერანთა დახმარების ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობს. ეს არის ყოველდღიური მუშაობა იმ ყოფილ სამხედროებთან, რომლებსაც სამხედრო სამსახურის შემდგომ ცხოვრებასთან ბრძოლა უხდებათ.

ბევრ ჩვენს ვეტერანს ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეულ პობლემებთან გამკლავება უხდება ...
„ბევრმა ჩვენმა ვეტერანმა დიდი დანაკარგი განიცადა. ეს შესაძლოა იყოს თანამებრძოლის, მეგობრის სიკვდილი, ანდა ფიზიკური ფუნქციებისათვის საჭირო სხეულის ნაწილის დაკარგვა, შეგუება იმასთან, რასაც ადამიანური ურთიერთობის, ჯარისკაცებს შორის ბრძოლის ველზე ჩამოყალიბებული ურთიერთობის დაკარგვა ჰქვია. ბევრ ჩვენს ვეტერანს ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეულ პობლემებთან გამკლავება უხდება.“

ბატლერის თქმით, ჯარისკაცებს ეწყებათ კოშმარული ხილვები, ცუდად სძინავთ და როდესაც ხელახლა ღებულობენ ტრავმას, იწყებენ თვითმკვლელობაზე ფიქრს. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ჯარისკაცებში, რომლებმაც, საბრძოლო მოქმედებებში მრავალგზის მონაწილეობის შედეგად, არაერთხელ იხილეს სასტიკი ინციდენტები.

ჯგუფი, რომელშიც ბატლერი მუშაობს, ხელმძღვანელობს „თადარიგში გასულთა სახლს“ („ Stand Down House”), სადაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისაგან დაავადებული ანდა მენტალური პრობლემების მქონე ვეტერანები მშვიდად ცხოვრობენ, ჯანმრთელობას აღიდგენენ და ცდილობენ ხელახლა დაიწყონ ცხოვრება.

სხვათა შორის, უბინაობა ასევე მზარდი პრობლემაა, რასაც შინ დაბრუნებული ვეტერანები განიცდიან. არა მხოლოდ პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობაა მიზეზი იმისა, რაც ვეტერანს ცხოვრებას უნგრევს და ალკოჰოლიზმის მანკიერი გზისკენ უბიძგებს. აშშ-ის ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მაღალი, 9.1 პროცენტია უმუშევრობის დონე. ასეთ არასახარბიელო ვითარებაში კი სამხედრო ვეტერანები, რომლებიც სამოქალაქო სამუშაოს წლების განმავლობაში იყვნენ ჩამოცილებული, დიდ პრობლემებს აწყდებიან. ეს პრობლემები ყველაზე კარგად უწყის პილ ლანდისმა, რომელიც სან დიეგოს „ვეტერანების სოფლის“ თავკაცია.
საზოგადოება ყოველთვის არ იღებს მხედველობაში იმ ნალექს, რაც შენ ომიდან გამოგყვა და რაც, შესაძლოა, შენსავე ცნობიერებას წამლავს. მოთმინების გარეშე აქ არაფერი გამოვა...

„როდესაც თქვენ ბრძოლაში მონაწილეობდით და სამხედრო სამსახურს თავს ანებებთ, სამყარო ყოველთვის აღარ გეჩვენებათ ისეთ გულისხმიერად, როგორიც გსურდათ, რომ ყოფილიყო. საზოგადოება ყოველთვის არ იღებს მხედველობაში იმ ნალექს, რაც შენ ომიდან გამოგყვა და რაც, შესაძლოა, შენსავე ცნობიერებას წამლავს. მოთმინების გარეშე აქ არაფერი გამოვა.“

ვიეტნამის ვეტერანი ჯარისკაცი და მისი ჯგუფი ეხმარება ყოველწლიურად 2000 უსახლკარო ვეტერანს, ვინც ფსკერზე აღმოჩნდა. „ვეტერანთა სოფელი“ აშშ-ის ყველაზე დიდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ყველაფრით ეხმარება ვეტერანებს, რათა ფეხზე დადგნენ: ზრუნავენ ვეტერანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, ეხმარებიან სამუშაოს მოძებნაში და ასწავლიან სპეციალობას, აძლევენ ბინას, საჭმელს, ტანსაცმელს და უწევენ იურიდიულ დახმარებას. ლანდისის თქმით, ჯგუფი წლის განმავლობაში 4000 ვეტერანს ეხმარება სამუშაოს მოძებნაში და ასეთი პროგრამების წარმატების რეიტინგი 50 პროცენტს აღწევს.

მდგომარეობა უმუშევარი სამხედრო ვეტერანებისა, რომელთა რაოდენობა მილიონს გასცდა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სახლის ყურადღება მიიპყრო. გასულ თვეში, ვეტერანთა ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ვეტერანებისთვის, მათ გადამზადებასა და განათლებას, რაც დაეხმარება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ, ომებგამოვლილ თაობას ხელახლა ჩაებას შრომაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG