Accessibility links

logo-print
დავიწყოთ იმით, რამაც რატომღაც ნაციონალური მაუწყებლები არ დააინტერესა: ქუთაისში ქარხანა „ჰერკულესში“ მუშების ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება, მათი ცუდი სამუშაო პირობები, დარჩენილების გაფიცვა, მოგვიანებით დიდი რაოდენობით პოლიციის გამოჩენა და ჯერ კიდევ გაუშვებელი მუშების სამუშაო ადგილებზე ხელწერილების პირობით დაბრუნება… ეს ყველაფერი ხდებოდა ქუთაისის ხელმძღვანელ პირთა განცხადებების ფონზე, რომ ისინი სახელმწიფოს ცენტრალურ კურსს და განცხადებულ მიზნებს მისდევდნენ ყურადღებით და ამიტომაც იდგნენ ინვესტორების გვერდით, რადგან ინვესტორები ქმნიან სამუშაო ადგილებსო… მუშათა მხარე დაიკავა პროფკავშირებმა, ჩავიდნენ ადგილზე, ისაუბრეს კონსტიტუციის დარღვევაზე, როცა მუშებს არაცივილიზებურ პირობებში - მაგალითად, დაფინანსებული შვებულების გარეშე, ელემენტარული ჰიგიენური პირობების უქონლად - უწევდათ მთელი წელი მუშაობა. პროფკავშირებმა წერილიც გამოაქვეყნა, ეს წერილი მთლიანად გადმობეჭდა ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთმა“. ერთადერთი კომენტარი მკითხველთა მხრიდან არის, რომ პროფკავშირები საეჭვო ორგანიზაციაა…
"ჰერკულესის" გაფიცული თანამშრომლები

ასე რომ, მუშები ქარხანაში დააბრუნეს, ლევან ბერძენიშვილმა კი რადიო „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს განუცხადა:

„ყველაზე საშინელი არის ის, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ ეხება ქართულ საზოგადოებას. საზოგადოებაში ინდიფერენტულობაა მსგავსი რამეების მიმართ.“

საზოგადოებაა მთავარი ფაქტორი ევროინტეგრაციისა და ევროპეიზაციის გზაზეო, კეთდებოდა განცხადებები კვირის განმავლობაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამების ამოქმედებისას თბილისში. პროექტები, მოსამზადებელი ეტაპები და ღირებულებითი ინტეგრაცია - ისევ ისმოდა ამ კვირას მედიაში, ინტეგრაცია საზოგადოებრივ ფართო დონეზეო, უსვამდნენ ხაზს. საზოგადოებას, ტრადიციულად, შეხვედრებზე არასამთავრობო სექტორი წარმოადგენდა, ძირითადად დასავლური გრანტებით არსებული ორგანიზაციები, რომელიც, სხვადასხვა კვლევით, მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. აქ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ამ კვირას.

არასამთავრობოებმა, ანუ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, გააპროტესტა ტყის კოდექსი, რომელიც მიიღეს, თუმცა პროტესტი შინაარსს არ შეეხებოდა.

ალექსანდრე ხეთაგური: „ბევრმა არასამთავრობომ ისიც შეგვახსენა, რომ თურმე სახელმწიფო ენა არის ქართული. სახელმწიფო ენა, რა თქმა უნდა, არის ქართული, მაგრამ ეს შეეხება ოფიციალურ მიმოწერას და არა სამუშაო შეხვედრებს.“
არასამთავრობო ორგანიზაციები არც პროფკავშირებია და არც პოლიტიკური ორგანიზაციები რათა გაფიცვები და მიტინგები მოაწყონ. მათი სიძლიერე და ძირითადი დანიშნულება ხელისუფლებასთან დიალოგია...

დიახ, სამუშაო შეხვედრებზე ინგლისური დოკუმენტებით მოდიანო, კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერ მალავდა ბუნების დაცვაში ჩართული არასამთავრობო სექტორი. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო კრიტიკის მიზეზი: არ გველაპარაკებიანო, ვერ ვარკვევთ გვეპატიჟებიან ღია დისკუსიაზე თუ სამუშაო შეხვედრაზეო. ინფორმაცია დახურულია და საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებაო, დასძენდნენ, თუმცა არც თავად ცდილობდნენ ესაუბრათ შინაარსზე, ანუ იმაზე, რა წერია ტყის კოდექსში… ასე რომ, სავარაუდოდ, მსმენელის, მაყურებლისა და მედიის მკითხველთა უმეტესობამ არ იცის რა წერია ტყის კოდექსში. მეორე მხრივ, არაკომუნიკაბელურობაში შეამჩნიეს მმართველი გუნდიც, ზოგადად, არამარტო ტყის კოდექსის მიღების პროცესში. ამ ტენდენციებს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

ფილიპ დიმიტროვი: „არასამთავრობო ორგანიზაციები არც პროფკავშირებია და არც პოლიტიკური ორგანიზაციები რათა გაფიცვები და მიტინგები მოაწყონ. მათი სიძლიერე და ძირითადი დანიშნულება ხელისუფლებასთან დიალოგია, მაგრამ დიალოგი არ გამოვა, თუკი განწყობა უკიდურესად უარყოფითი იქნება. შესაბამისად, ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გამოავლინონ გონიერება. ეს ეხება როგორც მთავრობას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.“

პირველკლასელებმა ინგლისურად დაიწყეს სწავლა, უფრო სწორად, ინგლისური, როგორც საგანი, პირველი კლასიდან სავალდებულო გახდა.

ამ ბავშვებმა არა მარტო ანბანი, არამედ კომპიუტერიც კარგად იციან...
ალბათ უფრო საინტერესოა სკოლათა ოპტიმიზაციის ტენდენცია. კვირის განმავლობაში ხაზი გაესვა კონტრასტებს სოფლებსა და ქალაქებს შორის. სოფლებში სკოლები ხშირად საცხოვრებელ სახლებშია და, ერთი მასწავლებლის ამარა, წიგნების გარეშეა დარჩენილი. ’წიგნებს ჩამოგვიტანენ, ეგ არ არისო პრობლემა’, - თქვა ერთმა მონდომებულმა მასწავლებელმა, რომელიც ფიქრობს, რომ სოფლებში სკოლების სისტემის მოშლა ზოგიერთი პატარა სოფლის გაქრობის წინაპირობა შეიძლება გახდეს… მეორე მხრივ, პრეზიდენტი სხვა, შედარებით მსხვილ პუნქტებში, სადაც ბევრი ამომრჩეველია და, შესაბამისად, ბევრი მოსწავლე სწავლობს, ნეტბუქების პოპულარიზაციას აგრძელებს…

მიხეილ სააკაშვილი: „ამ ბავშვებმა არა მარტო ანბანი, არამედ კომპიუტერიც კარგად იციან.“

საარჩევნო კამპანიისთვის კეთდება ბევრი რამ და ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს ასეთი მიდგომაო - ამგვარი კონოტაციის მომცველი ხმებიც ისმოდა კვირის განმავლობაში. მაგალითად, პრეზიდენტმა შეიძინა კახეთში მიწის ნაკვეთი ვენახით, რაც, ერთი მხრივ, სოფლის პოპულარიზაციად აღიქვეს, მეორე მხრივ კი, ითქვა, ზოგადი პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში სულ სხვა რამეს იწვევსო.
თუ მოსახლეობა ირჩევს ასეთ პოლიტიკურ კურსს და ასეთი პოლიტიკური კურსის გამტარებელ ხელისუფლებას, ეს უკვე ხელისუფლების საქმეა...

მალხაზ ხარბედია: „უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომლის ინიციატივაც არის ბოლო წლების მანძილზე კახეთში გლეხის გაზარმაცება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ გაგებით, რომ ქვეყანა ბოლო ოთხი-ხუთი წელია განუწყვეტლივ რაღაც სუბსიდიებს იძლევა რთვლის პერიოდში, ანუ, ფაქტობრივად, იქრთამება გლეხი, შეიძლება ასე ითქვას, იმის ნაცვლად, რომ მას რაღაცა ინტერესი ჰქონდეს და იყოს დამოკიდებული საკუთარ თავზე, ანუ შრომა დაუფასდეს იმის ნაცვლად, რომ რაღაც სუბსიდიებით და დახმარებებით გაიტანოს თავი შემოდგომიდან შემოდგომამდე.“

მედიაში ნაკლებია საუბარი სოფლის მეურნეობაში სისტემურ პრობლემებზე და ვრცელი ეთერები ეთმობა კახეთში პრეზიდენტის ახლად შეძენილ ეზოში მწვადის შეწვას, მწვადისა, რომლითაც პრეზიდენტი კარგ მოსწავლეებს მასპინძლობს.

ასეთი მიდგომები მოსახლეობაში მუშაობს. ეს არ არის კანონის დარღვევა, საქმე ღირებულებებს და მოთხოვნებს ეხება და მთავარია, რა უნდა თავად მოსახლეობასო - დაახლოებით ასეთი განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელმა ბილბორდზე დაწერა, სამ მილიონამდე თანხა უნდა დაიხარჯოს პარკებში სანახაობებისთვის, რაც ქალაქის მმართველი გუნდის გადარჩევას ემსახურებაო. ეს თქვენი ფულით კეთდებაო, ამბობდა თინა ხიდაშელი. პასუხი მარტივი იყო: არჩევანი მოსახლეობამ უნდა გააკეთოსო, აღნიშნავდა ევროსაბჭოს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე.

დავით ლოსაბერიძე: „სამმილიონნახევარმილიარდიანი ბიუჯეტიდან ნამდვილად არ არის დიდი თანხა. სხვა საკითხია, პოლიტიკურად რამდენად არის გამართლებული. მაგრამ ეს არის პოლიტიკური საკითხი. ამაზე ვერც ვერავინ მიედავება, თუ მოსახლეობა ირჩევს ასეთ პოლიტიკურ კურსს და ასეთი პოლიტიკური კურსის გამტარებელ ხელისუფლებას, ეს უკვე ხელისუფლების საქმეა...
თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთელი ბიუჯეტი ბუშტების გაშვებაზე უნდა დაიხარჯოს, მას ამის უფლება, რა თქმა უნდა, იურიდიული აქვს. სხვა საკითხია, პოლიტიკურად რამდენად აქვს ამის უფლება...

თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთელი ბიუჯეტი ბუშტების გაშვებაზე უნდა დაიხარჯოს, მას ამის უფლება, რა თქმა უნდა, იურიდიული აქვს. სხვა საკითხია, პოლიტიკურად რამდენად აქვს ამის უფლება. პოლიტიკურ უფლებას კი ის ანიჭებს, რომ, თვითონ მათივე განცხადებით, მოსახლეობის 90 პროცენტი მათ უჭერს მხარს.“

ბუშტების ფონზე თბილისში პოსტსაბჭოთა პოპულარული ფილმის „მიმინოს“ გმირების ძეგლი გაიხსნება წელს თბილისობის მასობრივ ღონისძიებაზე. ძეგლი უკვე დამონტაჟებულია. ეს ძეგლი საბჭოთა არქიტექტურაა და წარსულში დაბრუნებაო და ის არ ჯდება ჩვენი მთავრობის სტილშიო, მთავრობისა, რომელმაც ცნობილი გერმანელი არქიტექტორი დაიქირავა სვანეთში კოშკის ფორმის იუსტიციის სახლის დასაპროექტებლადო, აღნიშნავდნენ კულტურის დარგის სპეციალისტები...

ქანდაკებების თემითვე დავასრულოთ. პატრიარქ ილია მეორის ძეგლი, სავარაუდოდ, უკვე თბილისშია. ვრცელდება ძეგლის ფოტოები, სადაც ილია მეორე ხელგაშლილი დგას. ძეგლი ზურაბ წერეთელს ეკუთვნის - მოქანდაკეს, რომელმაც ვლადიმირ პუტინის ხელებშეკრული ძეგლი შექმნა თავის დროზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG