Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 სექტემბერი, 2011


”კვირის ქრონიკაში” რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ის, რომ მეფის კარზე რაღაც ვერ არის კარგად, აშკარად ჩანს, ბევრი რაღაციდან გამომდინარე, თუნდაც, სააკაშვილის ანტურაჟიდან გამომდინარე, ვისთან ერთად დადიოდა, დღეს ვისთან ერთად დადის. არის ხალხი, რომელიც ეკრანზე მის გვერდით აღარ ჩანს... უგულავას პოლიტიკური სამეგობრო აშკარად გვერდზეა გაწეული, ის პრივილეგიები აღარ აქვთ, რაც მათ მანამდე ჰქონდათ.”

”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი კახა კუკავას ესაუბრა: ”შეიძლება, გიგი უგულავას ისეთივე უბედურება შეემთხვეს, რაც ზურაბ ჟვანიას, რადგან ის აშკარად მიუღებელი გახდა სააკაშვილისთვის. მე მას ვურჩევ, ფრთხილად იყოს!”, - ამბობს კუკავა.

”მერაბიშვილი უგულავა-ბოკერიაზე კომპრომატებს აგროვებს. ალასანიას პრემიერ-მინისტრად ამზადებენ?” - ასეთ სათაურს ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ. ავტორი, უცნობ წყაროზე დაყრდნობით, ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე წერს: ”ჩვენი კონფიდენციალური წყარო როგორც ამბობს, უგულავა-ბოკერია-ადეიშვილის დაჯგუფებაზე უამრავი კომპრომატი არსებობს - მათ შორის, ფინანსური - და ეს კომპრომატები მერაბიშვილის მაგიდის სულ ქვედა უჯრაში ინახება, თანაც, პრეზიდენტსა და მერაბიშვილს შორის არც შავ კატასა და არც პატარა კნუტს ჯერჯერობით არ გაურბენია”, - წერს ”ახალი თაობა”.

”კვირის პალიტრაში” ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ბოკერიასა და მის თანამოაზრეებთან დაახლოების საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე.”

ისევ ”ახალ თაობას” დავუბრუნდები, სადაც ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია ამბობს: ”ჩვენ, ”ახალი მემარჯვენეები”, შევეცადეთ, რომ დაგვენგრია ეს სტერეოტიპი - ”ყველაფერი ან არაფერი” და ვთქვით, რომ ის, რასაც მივაღწიეთ, უკვე არის გამარჯვება.”

ამავე გაზეთის კორესპონდენტს ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ უთხრა: ”ოპოზიცია, სამწუხაროდ, ვერ სწავლობს მთავარ გაკვეთილს, რომელიც მდგომარეობს პირად ამბიციებზე ამაღლებასა და გაერთიანებაში.”

”ვერსია” კობა დავითაშვილისგან შეეცადა გაერკვია რა ხდება ოპოზიციურ ”ექვსიანში”. დავითაშვილის პასუხი: ”საარსებო გარემოსთვის, ალბათ, სწორედ ხუთნი დავრჩით, საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში კი კვლავ ექვსნი ვართ.”

”ვერსიაში” დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - ”ნოღაიდელი ”მაესტროს” 50%-იან წილს ითხოვს”. ავტორი წერს: ”სავარაუდოდ, კიწმარიშვილ-ოქრუაშვილის ერთობლივი გეგმით, ”უმცროსი გრეჩიხა” და კოტე გოგელია ”მაესტროს” უნდა ჩამოშორდნენ, მათი კუთვნილი 50% კი ნოღაიდელმა იყიდოს, თუ უკვე ნაყიდი არ აქვს. ამის აფიშირება კი საკუთარ პარტიასთან სასამართლო დავის დასრულებამდე, ანუ 7 ოქტომბრამდე, ფიზიკურად გაუმართლებელია.”

”ასავალ-დასავალი” ანაკლიის საკურორტო ზონაში არსებულ ვითარებას უძღვნის სტატიას, სათაურით - ”ბაკქანაკლია”. ავტორი ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა. ისინი მშენებლობების გამო საძოვრების მოშლაზე ჩივიან. ავტორი მშენებლობების უხარისხობასა და მშენებლებისთვის ხელფასის გადაუხდელობაზე წერს.

”მთელ კვირის” ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტზე ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ის ამბობს: ”შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყოს საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებაზე გაკეთებული განცხადება, კონკრეტული ვადებისა და თარიღების მითითებითაც კი.”

საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის საკითხზე წერს ვრცელ სტატიაში ”24 საათის” კორესპონდენტი. სტატიის დასაწყისში ის სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ამომწურავი ინფორმაციის მიღების სირთულეზე წერს: ”მაქვს ბევრი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა და არ მაქვს თითქმის არც ერთი პასუხი - შესაბამისად, სწორი დასკვნის გამოტანა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, მე რომ კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებთან მქონდეს საქმე.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG