Accessibility links

logo-print

ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს მეტალურგიულ ქარხანაში გაფიცვის სამ მონაწილეს


პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა პოლიციის მიერ გასულ ღამით დაკავებულ ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძესა და მალხაზ გოგიავას, რომლებიც მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვაში მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიანსტილსის” კუთვნილი საწარმოს მუშები 13 სექტემბერს გაიფიცნენ პროფკავშირული საქმიანობისთვის სამსახურიდან დათხოვნილთა დაბრუნებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით, 15 სექტემბერს ღამით კი, პოლიციამ მათი აქცია დაშალა, 40-მდე პირი დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა. მათი ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები გასულ კვირაში აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. დღეს გაირკვა, რომ გასულ ღამით დაკავებულ სამ პირს პოლიციისთვის წინააღმდეგობოს გაწევაში ადანაშაულებენ. ასოციაციის ადვოკატები მათი ინტერესების დაცვას დღევანდელ სასამართლო პროცესზეც აპირებდნენ, თუმცა, დაკავებულებმა დაცვაზე უარი თქვეს და დანაშაული აღიარეს. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ქუთაისში გასულ ღამით დაკავებული მეტალურგები პოლიციის მიერ გაფიცულთა ძალით დაშლის გამო სასამართლო სარჩელის მოსამზადებლად და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შესახვედრად დღეს თბილისში უნდა ჩასულიყვნენ.
XS
SM
MD
LG