Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენგენის ზონასთან დაკავშირებული უთანხმოება


ჰოლანდიელი პარლამენტარი რუმინეთს ჰოლანდიისთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს – მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში რუმინეთის საზღვარზე ჰოლანდიური ტიტებით სავსე ათზე მეტი სატვირთო მანქანა გააჩერეს. პარლამენტარი ესტერ დე ლარგი ამას “ძველმოდურ შანტაჟს” უწოდებს.

ტვირთის გაჩერებას წინ უძღვოდა ჰოლანდიის მთავრობის განცხადება, რომ ვეტოს დაადებს რუმინეთის შესვლას შენგენის ზონაში, სადაც ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ მოქმედებს.

ცხადია, საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს შენგენთან უთანხმოებასთან ღიად არავინ აკავშირებს და ამ კავშირის არსებობა, მეტწილად, ვარაუდად რჩება. ბუქარესტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტიტები შესაძლოა “საშიში ბაქტერიით” იყოს დაბინძურებული. სამი სატვირთო მანქანა უკან, ჰოლანდიაში, დააბრუნეს. დანარჩენების ტვირთს, როგორც იუწყებიან, ლაბორატორიული ანალიზი უტარდება.

ჰოლანდია რუმინეთის ბაზარზე ყვავილების მთავარი მიმწოდებელია. შარშან რუმინეთმა 20 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ყვავილების იმპორტი განახორციელა ჰოლანდიიდან.

უთანხმოებას ჰოლანდიაში უკვე დაარქვეს “ყვავილების ომი”. თუმცა ჰოლანდის ეკონომიკის სამინისტრო ფრთხილ განცხადებებს აკეთებს და რუმინეთის კრიტიკას თავს არიდებს.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰოლანდიის მთავრობა რუმინეთს სთხოვს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ შეაჩერეს ტვირთი საბაჟოზე, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელმა იქვე დასძინა, რომ ჰოლანდიას არ აქვს იმის მიზეზი, ყვავილების იმპორტის შეფერხება დაუკავშიროს შენგენის ზონასთან მიმართებით არსებულ უთანხმოებას.

თუმცა, როგორც ვთქვით, ასეთი ვარაუდი არსებობს, ვინაიდან რუმინეთის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ჰოლანდიის მთავრობის მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება, რომ კვლავაც შეეწინააღმდეგება რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში.

ჰოლანდიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის იმედის გამაცრუებელია, თუმცა გასაკვირი არ არის...


ამ ორი ქვეყნის შენგენის ზონაში დაშვების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთხმად უნდა მიიღოს. ტექნიკური შემოწმებების შედეგად გამოცხადდა, რომ ორი ქვეყანა შენგენის ზონაში შესვლისთვის მზად არის. თუმცა ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიციზმით გამორჩეული ქვეყნები – უწინარესად საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია – მოითხოვენ რუმინეთმა და ბულგარეთმა, შენგენის ზონაში დაშვებამდე, კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიურონ.

ამასთან, ბერლინმა და პარიზმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა დათანხმდნენ ამ ქვეყნების შენგენში ეტაპობრივ გაწევრიანებას – რუმინეთსა და ბულგარეთში ჯერ სააეროპორტო შემოწმებების მოხსნას, შემდეგ კი, უფრო გვიანდელ ეტაპზე, უკვე სახმელეთო საზღვრების გაუქმებას, თუმცა ჰოლანდია ამასაც ეწინააღმდეგება.

“ჰოლანდიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის იმედის გამაცრუებელია, თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან [ამ მთავრობის] გადარჩენა დამოკიდებულია პოპულისტ და ანტი-მიგრაციულ თავისუფლების პარტიაზე” – აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტეოდორ ბაკონსჩი, გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქვეყნები ევროკავშირის წესებს მხოლოდ და მხოლოდ შიდაპოლიტიკური მიზეზებით უგულებელყოფენო. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლანდიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას “გაუმართლებელს” და “ხელოვნურს” უწოდებს, თუმცა იქვე ვარაუდობს, რომ კომპრომისის მიღწევა მოხერხდება. “საქმე ის კი არ არის, შევა თუ არა რუმინეთი [შენგენში], საუბარი იმაზეა, როდის გაუქმდება მისი სახმელეთო საზღვრებიო” – განაცხადა მან.

ჰოლანდიის მთავრობის წინააღმდეგობას ბულგარეთიც გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ თუკი შენგენის ზონაში არ შეუშვებენ, შესაძლოა ამ ზონისთვის დაგეგმილი ფართო რეფორმა დაბლოკოს. საუბარია შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის წესების შესაძლო შეცვლაზე – ამ ინიციატივით ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა გამოდის, ევროპაში იმიგრაციასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე.

XS
SM
MD
LG