Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები გმობენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობას


მსოფლიო ლიდერები გმობენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობას. რაბანი ხელმძღვანელობდა ოფიციალურ საბჭოს, რომელიც ავღანეთში ომის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ცდილობდა. ბურჰანუდინ რაბანი თვითმკვლელმა ტერორისტმა სამშაბათს ქაბულში მოკლა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება თალიბანის წარმომადგენლისგან, რომელიც ”ტყუილს” უწოდებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას რაბანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის თალიბანის მიერ აღების შესახებ. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელ თავდამსხმელს ჩალმაში ჰქონდა დამალული. ბურჰანუდინ რაბანი 70 წლს იყო. ის ავღანეთის პრეზიდენტი იყო 1992-1996 წლებში. რაბანიზე თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა ავღანეთის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი მასუმ სტანეკზაი. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა. მას გაეროს გენერალურ ასამბლეაში უნდა მიეღო მონაწილეობა. დღეს ავღანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებ სხდომა გაიმართება. რაბანის მკვლელობა დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს შტაბბინაში ჰამიდ კარზაისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაბანის მკვლელობა ”ტრაგიკული” დანაკარგია, თუმცა, ეს ხელს ვერ შეუშლის აშშ-ს ავღანეთის დახმარებაში.
XS
SM
MD
LG