Accessibility links

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან აქცია გამართეს საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა, დევნილებმა და მათი უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრ ტინა აკეტოფტთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ტინა აკეტოფტი მხოლოდ ხელისუფლებასა და ხელისუფლების მიერ შერჩეულ დევნილებთან შეხვედრით ვერ მიიღებს ობიექტურ ინფორმაციას დევნილთა რეალური მდგომარეობის შესახებ.
მივმართავთ ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში, რომ ორგანიზება გაუწიოს ჩვენს შეხვედრას, რათა ამ ქალატონს მივაწოდოთ სრული, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია...

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან გამართულ აქციაზე მისული საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენი დავით ლილუაშვილი აცხადებდა, რომ დევნილთა მდგომარეობისა და მათი უფლებების დარღვევის შესახებ რეალური და ამომწურავი ინფორმაცია იმ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებიც ევროსაბჭოს ოფისის წინ შეიკრიბნენ, სწორედ ამიტომ სრულყოფილი შთაბეჭდილების შესაქმნელად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი, ტინა აკეტოფტი, სწორედ მათ უნდა შეხვდეს:

”მივმართავთ ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში, რომ ორგანიზება გაუწიოს ჩვენს შეხვედრას, რათა ამ ქალატონს მივაწოდოთ სრული, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდებოდა დევნილების ქუჩაში გამოყრა. სხვათა შორის, ჩვენ ამ პროცესზე მონიტორინგს ვახორციელებდით, ვიყავით დევნილთა უფლებების დაცვისათვის გამართული აქციების ორგანიზატორები, ამიტომ გვინდა, რომ ტინა აკეტოფტი ინფორმირებული იყოს და მარტო ხელისუფლებისა და კობა სუბელიანისგან არ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ბედნიერები არიან სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დევნილები”.

ვიზიტის ფარგლებში, ტინა აკეტოფტი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ასევე მოინახულებს წეროვანის კომპაქტური ჩასახლების ადგილებს, დაგეგემილია შეხვედრა სახალხო დამცველთანაც.
ვიცი, რომ მას ძალიან დატვირთული განრიგი აქვს, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ მას თქვენ მიერ წერილობითი ფორმით მომზადებული ინფორმაცია წარვუდგინო...

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წინ შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასაუბროდ გამოსულმა ოფისის ხელმძღვანელმა კარეტინა ბოლონიეზემ თქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, აქციის მონაწილეებისა და ტინა აკეტოფტის შეხვედრა ვერ მოხერხდება, რადგან ვიზიტის განრიგი ცენტრალურმა ოფისმა დაგეგმა და მასში კორექტივები ვერ შევა, თუმცა აღნიშნა, რომ მომავალში მათი შეხვედრის ორგანიზებას ეცდება.

”ვიცი, რომ მას ძალიან დატვირთული განრიგი აქვს, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ მას თქვენ მიერ წერილობითი ფორმით მომზადებული ინფორმაცია წარვუდგინო და ასევე ვეცდები, შემდეგი ვიზიტის პროგრამის ფარგლებში ჩაგრთოთ”.

აქციაზე მისული დევნილებისთვის ასეთი პასუხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ყოფილ სასატუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებული, ცხინვალიდან დევნილი გულიკო ნიკოლიშვილი აქციაზე იმ იმედით იყო მისული, რომ საკუთარ გასაჭირს ევროსაბჭოს წარმომადგენელს ეტყოდა. მან სასტუმრო „აფხაზეთის“ დატოვების სანაცვლოდ 10 000-დოლარიანი კომპენსაცია აიღო, მაგრამ კომპენსაციის გაცემის პრინციპით უკმაყოფილოა:
ერთი თვე ბიძაშვილის ავტოფარეხში ვცხოვრობდი, მაგრამ გაუსაძლისი პირობები იყო და დიდ დიღომში ამ კომპენსაციით ბინა ვიქირავეთ, არ ვიცი, როდემდე შევძლებ ქირის გადახდას...

”არ მაძლევდნენ მაგ თანხასაც, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი სამინისტროში, ვეხვეწებოდი ოჯახის გაყოფას, მაგრამ არ გეკუთვნისო, ასე მითხრეს. ოჯახში ვართ მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი, ასევე ძმისშვილი, რომელიც აქამდე ცალკე ცხოვრობდა და ცალკე ფართი ჰქონდა, მაგრამ შემომიერთეს მე და ერთი, 10 000-დოლარიანი კომპანსაცია მომცეს. ახლა ეს თანხა უნდა გავყო – 5 000 მივცე ძმისშვილს და 5 000-ით სად წავიდე, ერთი თვე ბიძაშვილის ავტოფარეხში ვცხოვრობდი, მაგრამ გაუსაძლისი პირობები იყო და დიდ დიღომში ამ კომპენსაციით, ერთი კვირის წინ, ბინა ვიქირავეთ, არ ვიცი, როდემდე შევძლებ ქირის გადახდას, სასოწარკვეთილი ვარ”.

აქციაზე მისული ”დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის” თავმჯდომარე ლელა გულედანი ამბობდა, რომ ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას დევნილებთან ღია დიალოგის მაგალითი უნდა მისცეს. თუმცა, ამჯერად, ასეთი დიალოგი ვერ შედგა, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წერილობითი სახით მოამზადონ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს მიაწოდონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG