Accessibility links

logo-print

ქაბული შეძრა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობამ


ქაბულში დღეს ათასობით ადამიანი გამოეთხოვა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს, ბურჰანუდინ რაბანის. მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ეთნიკურად ტაჯიკი რაბანი, თვითმკვლელმა მოიერიშემ 20 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა.
მისია, რომელსაც იგი ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბატონო პრეზიდენტო, ავღანეთის ხალხისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის...

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობის გამო, ქაბულში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. რაბანის საცხოვრებელ სახლთან აკრძალულია მანქანების გადაადგილება, ფეხით მოსიარულეებს კი პოლიციის რაზმები ჩხრეკდნენ. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელმაც მოსალოდნელი არეულობის შიშით შეწყვიტა ვიზიტი ნიუ-იორკში, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად, გააკეთა სპეციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ რაბანის მკვლელობა ვერ გადაახვევინებს მათ სამშვიდობო გზიდან.

„მისია, რომელსაც იგი [რაბანი] ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბატონო პრეზიდენტო, ავღანეთის ხალხისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ჩვენ ის ძალიან, ძალიან დაგვაკლდება. მე არ ვფიქრობ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენთვის იოლი იქნება მისი ადგილის შევსება“.

ბურჰანუდინ რაბანი თვითმკვლელმა ტერორისტმა სამშაბათს, ქაბულში, საკუთარ საცხოვრებელში მოკლა. მკვლელობის უკან თალიბანის ხელწერას ვარაუდობდნენ, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა რადიო „თავისუფლების“ ავღანური სამსახურის კორესპონდენტს ეს-ემ-ესის საშუალებით აუწყა, რომ თალიბანის ხელი არ ურევია რაბანის მკვლელობაში. დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს რაბანის მკვლელობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ ის და ავღანეთის პრეზიდენტი მოწოდებულნი არიან, მიაღწიონ ომის დასრულებას მოლაპარაკების გზით.
ჰამიდ კარზაი და ბარაკ ობამა

„ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ, ამ ინციდენტის მიუხედავად, არ შევწყვეტთ იმ გზით სვლას, რომლითაც ავღანელები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში. ამიტომაც აუცილებელია, გაგრძელდეს ძალისხმევა იმისათვის, რომ ავღანეთის საზოგადოების ყველა შემადგენელი ნაწილი ერთად შეიკრიბოს და ბოლო მოეღოს ცივსისხლიანი ძალადობის ციკლს“ .

70 წლის ბურჰანუდინ რაბანი სიკვდილამდე მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო და მოლაპარაკებებს აწარმოებდა თალიბანის წარმომადგენლებთან. მას დიდი გავლენა ჰქონდა ავღანეთში, სადაც რაბანი, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. თალიბების სასტიკი რეჟიმის დროს კი რაბანი ოპოზიციურად განწყობილი ჩრდილოეთ ალიანსის წამყვანი ფიგურა და ეთნიკური ტაჯიკების სამხედრო დაჯგუფების ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის, პოლიტიკური მოკავშირე იყო. რაბანის პოლიტიკური წონის მიუხედავად, მშვიდობის უზენაესმა საბჭომ ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში რეალურად ცოტას მიაღწია თალიბანის მებრძოლების შერიგების საქმეში. თუმცა, თავად ბურჰანუდინ რაბანი რადიო „თავისუფლების“ ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში ჯერ კიდევ მარტში ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
დავიწყეთ ურთიერთობა ოპოზიციასთან. ჩავატარეთ რამდენიმე შეხვედრა და ასეთი შეხვედრები გრძელდება. თუმცა, ჩვენ კონტაქტებს არ მიუღწევია იმ დონისათვის...

„ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა ოპოზიციასთან [თალიბანთან]. ჩავატარეთ რამდენიმე შეხვედრა და ასეთი შეხვედრები გრძელდება. ჩვენ ასევე ვცვლით წერილებს. თუმცა, ჩვენ კონტაქტებს არ მიუღწევია იმ დონისათვის, რომ მათზე საჯაროდ ვილაპარაკოთ“.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულად შეძლო სამშვიდობო შუამავლობა რაბანიმ, მისი მკვლელობა ღრმად სიმბოლური დარტყმაა ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისათვის და შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გააუარესოს ავღანეთის უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ 20 სექტემბერს რაბანის მკვლელობა ავღანეთის დედაქალაქის ყველაზე უფრო დაცულ ნაწილში მოხდა და თანაც, სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც თალიბი მეამბოხეები გარს შემოერტყნენ და 20 საათის განმავლობაში ჰყავდათ ალყაში ქაბულში განლაგებული დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოები და ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა.
XS
SM
MD
LG