Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა პალესტინელებს მოუწოდებს ისრაელთან მოლაპარაკებისაკენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ისევ მოუწოდა პალესტინელების ლიდერებს, ისრაელთან მოლაპარაკების გზით შეეცადონ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მიღწევას. ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა მოლაპარაკების მეშვეობით უნდა მოაგვარონ ხანგრძძლივი უთანხმოება. „საბოლოოდ, ჩვენ კი არა, ისრაელმა და პალესტინელებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას მათ შორის განხეთქილების გამომწვევ საკითხებზე: საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე, ლტოლვილებსა და იერუსალიმზე. საბოლოოდ, მშვიდობა დამოკიდებულია კომპრომისზე იმ ხალხებს შორის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს მას შემდეგ, რაც ჩვენი გამოსვლები დამთავრდება“, - განაცხადა ობამამ. პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აპირებს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პარასკევს, 23 სექტემბერს ოფიციალურად ითხოვოს გაეროსაგან პალესტინელების სახელმწიფოს აღიარება. შეერთებული შტატები წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ვეტოთი დაბლოკავს პალესტინელების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გაეროს უშიშროების საბჭოში. მაგრამ გაეროს გენერალურ ასამბლეას შეუძლია პალესტინის აღიარება არაწევრ სახელმწიფოდ, თუ ამას მიემხრობა გაეროს წევრი 193 ქვეყნის ორი მესამედი.
XS
SM
MD
LG