Accessibility links

logo-print
22 სექტემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაიმართა ზეპირი მოსმენა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთშორისი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ მოსმენა, თბილისის დროით, 11 საათზე დაიწყო. სამსაათიანი მოსმენის შემდეგ დადგინდა, რომ რამდენიმე თვეში გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას. რა არგუმენტები დაუპირისპირა რუსულმა მხარემ საქართველოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და როგორ იცავს საკუთარ პოზიციას ქართული მხარე?

”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნომერი ორი” – ასე ჰქვია საქმეს, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ძირითადი ნორმების სავარაუდო დარღვევებს.
რუსული მხარე სიცოცხლის მოსპობის შეუზღუდავ უფლებაზე საუბრობდა, ანუ რუს ჯარისკაცებს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები და რუსი მშვიდობისმყოფელები დაეცვა, ჰქონდათ მკვლელობის უფლება...

”აგვისტოს ხუთდღიან ომად” წოდებული რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევის გამო მიმართა. სარჩელის დასრულებული ვერსია ევროსასამართლოში 2009 წლის დასაწყისში შევიდა. თუმცა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებისაგან დამატებითი დოკუმენტები კვლავაც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე 22 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოში, ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი, 18-კაციანი დელეგაციით გამოცხადდა, როგორც მოსარჩელე საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ გახმოვანებული არგუმენტები, რომლებზეც დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია ააგო, ქართული მხარის ბრალდებების ფონზე, არაგონივრულად და უსუსურად ჟღერდა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტი, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში რუსი და რუსეთის მიერ დაქირავებული უცხოელი ადვოკატების რამდენიმე არგუმენტს ახმოვანებს და აღნიშნავს, რომ რუსული მხარე, მაგალითად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გადახედვას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ ის აღნიშნულ შემთხვევაში არარელევანტურია: ”მათი თქმით, სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხედველობაში საკუთარი გადაწყვეტილებები, რომლებიც, დაახლოებით, მსგავს იურისდიქციის საკითხებს შეეხება, მეორე გახლდათ ის, რომ ადვოკატები, რატომღაც, აპელირებდნენ აშშ-ის მონაწილეობაზე სამხედრო მოქმედებებში და აცხადებდნენ, რომ აშშ არ არის წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. საკმაოდ გაურკვეველი არგუმენტები იყო და ამ არგუმენტებმა გაკვირვება გამოიწვია არა მარტო ჩემში, არამედ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებშიც, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და ისინი რუსული მხარისგან უფრო დეტალურ არგუმენტებს ელოდებოდნენ”, – აღნიშნავს მამუკა ჟღენტი.

სტრასბურგში გამართულ ზეპირ მოსმენას ესწრებოდა საერთაშორისო უფლებადამცველი ცენტრის, ”მემორიალის”, იურისტი კირილ კოროტეევი. რადიო „თავისუფლებას“ ის რუსული მხარის კიდევ ერთ არგუმენტზე ესაუბრება – ”ომის უფლებაზე”, ტერმინზე, რომელიც კირილ კოროტეევის განმარტებით, 60 წელზე მეტია, საერთაშორისო სამართალში აღარ გამოიყენება. თუმცა, მისივე თქმით, რუსულმა მხარემ აღნიშნული ტერმინი 22 სექტემბერს გამართულ ზეპირ მოსმენაზე გაახმოვანა: ”რუსული მხარე სიცოცხლის მოსპობის შეუზღუდავ უფლებაზე საუბრობდა, ანუ რუს ჯარისკაცებს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები და რუსი მშვიდობისმყოფელები დაეცვა, ჰქონდათ მკვლელობის უფლება. მართალია, რუსული მხარე საუბრობს ”მოწინააღმდეგე ჯარისკაცზე”, მაგრამ აქ მოიაზრება ყველა მკვლელობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი”, – აცხადებს კირილ კოროტეევი.

სტრასბურგის სასამართლოში ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, არის უცვლელი და დოკუმენტურად გამყარებული: ”სწორედ რუსეთმა განახორციელა აგრესია და ოკუპაცია საქართველოს ორი რეგიონის. სრული და ტოტალური კონტროლი აქვს აღნიშნულ რეგიონებზე და ეს ე.წ. ადგილობრივი სტრუქტურები, დე ფაქტო ორგანოები სხვა არაფერია, თუ არა კონტროლირებადი გაგრძელება რუსეთის სტრუქტურებისა. ჩვენ შევეცადეთ სასამართლოსთვის მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა იმ საერთაშორისო ანგარიშების შესახებ, რომელშიც ეს ფაქტორები დადასტურებულია”, – განმარტავს თინა ბურჯალიანი.

თეა წულუკიანი, ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში 2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებს. ის სტრასბურგის სასამართლოში იმ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოდან შეტანილ საჩივრებზე მუშაობდა. საქართველომ საჩივარი რუსეთის წინაარმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ტელეფონის საშუალებით შეიტანა: ”იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს ევაკუაცია, რადგან მოდის რუსის ჯარი, ჩვენ შემოგვაქვს საჩივარი, მიიღე საჩივარი ზეპირად და გადაეცი სტრასბურგის მოსამართლეებს, რომ იღუპება ქართველი ერი”, – იხსენებს თეა წულუკიანი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაიწყებს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG