Accessibility links

logo-print

რუსეთის ბაზები და პრეტენზიები სოხუმსა და ცხინვალს


რუსული სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში

რუსული სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში

22 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ისახავს მიზნად. მართალია, რატიფიცირების პროცედურა ზედმეტი პრობლემების გარეშე ჩატარდა, მაგრამ განხილვის პროცესში კარგად გამოჩნდა, რომ დუმაში ასეთ ნაბიჯს დიდ წყალობად მიიჩნევენ აფხაზებისა და ოსების მიმართ და მათ ამას ამადლიან კიდეც. ისმის მწვავე პრეტენზიები ცხინვალისა და სოხუმის მისამართით.

22 სექტემბერს, რატიფიცირებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზებმა უკანონოდ დაიკანონეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირების 49-წლიანი უფლება და, საჭიროების შემთხვევაში, ვადას ავტომატურად კიდევ 15 წლით გაიგრძელებენ. როგორც მთავარმა მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა აუხსნა რუს დეპუტატებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმებები განსაზღვრავს, მაგალითად, სამხედრო ბაზების ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისა და ფუნქციონირების წესებს, მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობებს. გარდა ამისა, ეს შეთანხმებები არეგულირებს სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის, სამხედროთა ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსს და აქვეა პირობები სამხედრო დანიშნულების მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცის თავისუფლად გამოყენების თაობაზე.

ანალიტიკოსები არ დავობენ, რომ მთელი ამ სამხედრო რეგულაციების მიხედვით, სარგებელს და თანაც ძალიან დიდს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი ღებულობს. თუმცა რუსეთი ცდილობს, ეს სათავისო საქმე აქეთ დაამადლოს აფხაზებსა და ოსებს. რატიფიცირებული შეთანხმებების კონტექსტში მუდმივად ხაზგასმულია ის გარემოება, რომ აგრესორი საქართველო კვლავაც შეეცდება პატარა ერების გაჟლეტას და ვინ დაიცავს მათ, თუ არა რუსეთი? მოსალოდნელ ომთან დაკავშირებული განცხადებები 22 სექტემბერს დუმის სხდომაზეც ისმოდა. მაგალითად, პარტია ”სპრავედლივაია როსიას” წარმომადგენელი, დეპუტატი სემიონ ბაღდარასაროვი ამბობს, რომ ომი აუცილებლად იქნება 2014 წლამდე და ამ ომს, უცხოელების დახმარებით, თბილისი დაიწყებს.

შესაბამისად, დეპუტატი ბაღდასაროვი რატიფიცირებულ დოკუმენტებს მტკიცედ უჭერს მხარს, თუმცა სულაც არ ფიქრობს, რომ, ოსის ან აფხაზის ნაცვლად, რუსმა ივანოვმა ან პეტროვმა უნდა იბრძოლოს... და რას აკეთებს ამისთვის, მაგალითად, ოსი? რას და, ბაღდასაროვის დაკვირვებით, რუსეთისგან მიწოდებულ დიდ ფულს მომავალზე ფიქრის გარეშე ჭამს:

”სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, მე ასე მახსოვს, – კი, უნდა გადავაიარაღოთ სამხრეთ ოსეთის არმია, მაგრამ ბიუჯეტში ფული არ არისო... მაშინ, აბა, სად წავიდა 43 მილიარდზე მეტი რუბლი, რესპუბლიკაში, სადაც 50 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს? კი მაგრამ, თქვენ რას აკეთებთ? ხომ არ შეიძლება ყველაფრის მოპარვა, არა?! ცოტა ხომ შეიძლება თავდაცვის სფეროზე მაინც დახარჯო?! ”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 22 სექტემბრის სხდომაზე მსგავსი ბრალდებები აფხაზეთის მისამართითაც ისმოდა. მართალია, ბაზების დაკანონების მომხრეა, მაგრამ აფხაზებს ასეთი დიდი პატივის ღირსად არ მიიჩნევს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი ვალერი სელეზნიოვი. მისი ლოგიკა მარტივია – უსაფრთხოებისთვის აფხაზებს საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა ევალებათ:

”ჩვენ ისევ ვაჭმევთ აფხაზეთს ცალმხრივ რეჟიმში: 2009-2010 წლებში ხარჯი, დაახლოებით, 8 მილიარდი იყო, 2011 წელს კი – დაახლოებით, 5 მილიარდი... მაშინ, როცა ასეთი თანხები არცკი დასიზმრებია ჩვენი ფედერაციის ზოგიერთ სუბიექტს. აქედან გამომდინარე, მებადება კითხვა – რამდენად ასრულებენ აფხაზები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობას, ქონების გადმოცემასთან დაკავშირებით? ეს პირობა მათ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში უნდა შეესრულებინათ... და რა დამატებითი უპირატესობები გვაქვს, სამხედრო უპირატესობების გარდა?”

დეპუტატ სელეზნიოვის დამშვიდებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი წყნარი ტონითა და იმის მტკიცებით ცდილობს, რომ მოსკოვსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა მეტად კონსტრუქციულია და რომ აფხაზები მისაცემს აუცილებლად მისცემენ რუსეთს – იქნება ეს მიწა თუ უძრავი ქონება.
თუმცა, ზოგიერთი დეპუტატისთვის ფაქტები მაინც სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს და ასეთები სერიოზულად ინტერესდებიან თითეული კონკრეტული ობიექტის ბედით. დეპუტატების განსაკუთრებული აქცენტი ხშირად კეთდება სამხედრო სანატორიუმ ”სოხუმზე”. მათ დასამშვიდებლად ისევ ნიკოლაი პანკოვი იკრებს ძალას და განმარტავს, რომ რუსი სამხედროებისთვის სანატორიუმის წართმევას არც არავინ აპირებს.
შეთანხმებების რატიფიცირება უალტერნატივო ნაბიჯი იყო დუმის ვიცე-სპიკერის, ვლადიმირ ჟირინოვსკისთვისაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ეშინია, რომ, საქართველოსადმი დამოკიდებულების დათბობის შემთხვევაში, ოსები და აფხაზები რუსეთს ზურგს შეაქცევენ, რატიფიცირებული შეთანხმებები კი მათ მუდმივად გაახსენებს საშვილიშვილო ვალდებულებებს.
რუსეთი ამ მხრივაც რომ იჭერს თადარიგს, ნათელია საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტ ბაკურ კვაშილავასთვის. თუმცა 22 სექტემბერს რატიფიცირებული შეთანხმებები მას უფრო მიაჩნია მოსკოვის გზავნილად საერთაშორისო საზოგადოების მისამართით, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის უკვე მიღწეულის დათმობას არ აპირებს.

რაც შეეხება თბილისის პოზიციას, ჯერჯერობით, საგანგებო განცხადებები არ გაკეთებულა. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აღნიშნა 8 აგვისტოს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბაზების დაკანონების საკითხის თხოვნით მიმართა სახელმწიფო დუმას, ”რაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფო დუმამ... რეალობა არის ის, რაც ასახულია საერთაშორისო დოკუმენტებში... რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა უნდა შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან”.

თბილისში უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბაზების დაკანონებასთან დაკავშირებული შესაბამისი შეთანხმებების რატიფიცირების თხოვნით პრეზიდენტმა მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს სწორედ 8 აგვისტოს მიმართა, მაშინ, როცა ამ დოკუმენტებს მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მოაწერეს ხელი.
XS
SM
MD
LG