Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირღვევა თუ არა ისრაელის მოქალაქეების უფლებები საქართველოს ციხეში


ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ, უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ისრაელის საელჩო იტყობინება, რომ საპროტესტო წერილები უკვე გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს. ისრაელის მოქალაქეების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ რონი ფუქსს, რომელიც სასჯელს ქსნის მე-15 დაწესებულებაში იხდის, სამი დღის განმავლობაში ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ.
შაბათს, ღამის 2 საათზე, ფორმიანი, ნიღბიანი ადამიანები შევიდნენ მასთან საკანში, საცვლებისამარა დააყენეს სახით კედლისკენ ნახევარი საათის განმავლობაში...

ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი უკვე თერთმეტი თვეა, სასჯელს ქართულ ციხეში იხდიან. ისინი 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს ბათუმში, ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობის ბრალდებით. მათი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ, ამ დროის განმავლობაში, მათდამი მოპყრობა ქართული სასჯელაღსრულების სისტემის სტანდარტს შეესაბამებოდა, თუმცა ადვოკატისთვის მიმდინარე კვირის ორშაბათს გახდა ცნობილი, ერთ-ერთი პატიმრის, რონი ფუქსის მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ.

”შაბათს, ღამის 2 საათზე, ფორმიანი, ნიღბიანი ადამიანები შევიდნენ მასთან საკანში, საცვლებისამარა დააყენეს სახით კედლისკენ ნახევარი საათის განმავლობაში, ამ დროს მისი პირადი ნივთები: წიგნები, ლოცვები, მედიკამენტები, საწოლის თეთრეული ძირს დაყარეს და ფეხით გათელეს. კვირას განმეორდა იგივე ორჯერ, ერთხელ – ღამის 2 საათზე, მეორედ – დილის 5-ის ნახევარზე, ყველაფერი აბსოლუტურად იგივე ხელწერით, ამას თან ახლდა გინება პირადად მის მიმართ და მისი ოჯახის წევრების მისამართით”.

არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი საქციელი ციხის ადმინისტრაციის მიერ მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ადვოკატის განცხადებით, რონი ფუქსს მის საკანში შესული ნიღბიანი ადამიანები დაემუქრნენ, რომ, შესაძლოა, ერთ დღეს მას ნარკოტიკებიც აღმოუჩინონ და, ამის გამო, 20 წელი ციხეში გაატაროს.

რაც შეეხება მეორე პატიმარს, ზეევ ფრენკელს, ის ცოტა ხნის წინ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გეგუთის ციხეში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მასაც აქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორიც რონი ფიქსს.

ისრაელის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს საკუთარ ვებ-გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩო აღშფოთებულია ისრაელის მოქალაქეების მიმართ უხეში და არასათანადო მოპყრობის გამო.

რადიო „თავისუფლება“ ცდილობდა ინფორმაცია მიეღო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსგან, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, სამინისტროსგან პასუხი ვერც წერილობით გაგზავნილ კითხვებზე მივიღეთ.
არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს გადასინჯვის პროცედურა...


სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მათთვის წერილობით არავის უცნობებია, მათ შორის, არც საქართველოში ისრაელის საელჩოს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 14 ოქტომბერს დაკავებული ისრაელი ბიზნესმენების სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის პირველ აპრილს შედგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს, შესაბამისად, შვიდი და ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეუფარდა. ივლისში განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. გამოძიების მასალების მიხედვით, ფუქსმა და ფრენკელმა 7 მილიონი დოლარის ქრთამი შეაძლიეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებდა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბიზნესმენებს გადაუხდიდა 72 მილიონ დოლარს 1996 წელს ჩაშლილ ენერგეტიკულ პროექტში. თავად დაპატიმრებული ბიზნესმენები თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ რონი ფუქსის მიმართ ზეწოლა სწორედ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავას უკავშირდება. მიუხედავად პატიმრობისა, მან არ განაცხადა უარი 100 მილიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

”არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს გადასინჯვის პროცედურა, რომლის განხილვაც ნოემბრის ბოლოს დაიწყება. საერთოდ, რონის და მასთან ერთად იმათ, ვინც მოიგო სასამართლო, უარი რომ განეცხადებინათ მოგებულ თანხაზე, პროცესი დაიხურებოდა და ის კარგა ხანია თავისუფალი იქნებოდა, რაც არ მოხდა”, – აცხადებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი

რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ისრაელის ინტერნეტპორტალ "იზრუსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლდენშტეინი საქმის პოლიტიკურ დატვირთვას უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ თავის დროზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა, პირადი შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების მიმართ საქართველოში. ალექსანდრ გოლშტეინისთვის უცნობია, ადევნებს თუ არა ისრაელის ხელისუფლება თვალს ბიზნესმენების საქმეს, მაგრამ ის, რომ საქართველოში ისრაელის საელჩომ გამოხატა საკუთარი შეშფოთება პატიმარ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, აფიქრებინებს, რომ საქმე გაცილებით მაღალ დონეზე წყდება. მით უფრო, როცა საელჩოს განცხადება მაშინ ქვეყნდება, როცა ორი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლებო პირები ნიუ-იურკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფებიან.

”რადგან საკუთარი პროტესტი საელჩომ გამოხატა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს გაცილებით ოფიციალურ განცხადებასთან, ბოლოს და ბოლოს, ეს არ უთქვამს ვიღაც ჟურნალისტს ან ბიზნესმენს. ეს განცხადება ოფიციალურმა უწყებამ გააკეთა და საფიქრებელია, რომ ის შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტთან”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG