Accessibility links

მიმოხილვას “რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას “მედიაპალიტრაში” საგადასახადო შემოწმების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შესახებ. “რეზონანსი” წერს, – როგორც შემოსავლების სამსახურში განგვიცხადეს, მონაცემების შეჯამება მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ მოხდა შემოწმების შეჩერება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, მონაცემების შეჯერებას რისთვის სჭირდება განუსაზღვრელი დროო. გაზეთი თავის მხრიდან დასძენს, რომ "რეზონანსის" რედაქცია სერიოზულადაა შეშფოთებული შემოსავლების სამსახურის ამ გადაწყვეტილების გამო. “მედიაპალიტრაში“ შემოწმების დასრულების განუსაზღვრელი ვადით გადადება, სულ მცირე, არაჯანსაღ ვითარებას ქმნის ქართულ მედიასივრცეში. გარდა ამისა, როდესაც შემოსავლების სამსახური უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს განაახლოს "მედიაპალიტრაში" დაწყებული შემოწმება, რომელიც ისედაც უკვე თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს, ეს ამ კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებაზე და, ზოგადად, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობადაც უნდა იყოს განხილულიო. სტატიას, კიდევ ერთხელ, “რეზონანსში“ წაიკითხავთ.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. რომელიც სახელისუფლებო გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავს სააკაშვილის და არა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას. მისი კამპანია ჰგავს არა ოპოზიციასთან ბრძოლას, ხმების მოპოვებისთვის ბრძოლას, არამედ საკუთარ გუნდთან ბრძოლას, იმის მტკიცებას, რომ მის გარეშე საქართველოს ისტორია არ შედგება, ნაციონალური მოძრაობა მის გარეშე არ ივარგებს და ა. შ. – განუცხადა რესპონდენტმა „ახალ თაობას“ და დასძინა – სააკაშვილს უნდა, პრემიერი იყოს. მერე თუ საჭირო იქნება, კიდევ გადაწერს კონსტიტუციას, მერე ისევ პრეზიდენტი გახდება და ასე იტრიალებსო.

”ალია” კინოსტუდია” ქართული ფილმის” გარშემო შექმნილ ვითარებაზე წერს. გაზეთი გვახსენებს: ამჟამად კინოსტუდია გაყოფილია ორად, სადაც აქციების 65% ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო 35% ყოფილ თანამშრომლებს. მას შემდეგ, რაც რეზო ჩხეიძე წავიდა კინოსტუდიიდან, იქ არაერთი დირექტორი გამოიცვალა და დიდი ფულიც გაკეთდაო. კინოსტუდიის თანამშრომელთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შენგელაიამ, ”ალიას” აუწყა: სასამართლოში ვიწყებ დავას, იმიტომ რომ, სააქციო საზოგადოებას, ანუ ყოფილ თანამშრომლებს არ გვიმტკიცებენ უკვე მეორე დირექტორს – მერაბ თავაძესო. შენგელაია ასევე ამბობს: ”უნდოდათ, რომ მოეყვანათ გიგი უგულავას ცოლი. მე ავტეხე ერთი ამბავი, მივედი კულტურის სამინისტროში და ვეღარ გაბედეს უგულავას ცოლის მოყვანა”, – აცხადებს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში გიორგი შენგელაია.
XS
SM
MD
LG