Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის მოგვარება და საზოგადოების დაკვეთა


აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისადმი დასავლეთის არაღიარებისა და ჩაურთველობის ხისტ პოლიტიკას შეცდომად აფასებენ ამერიკელი მკვლევარები ლინკოლნ მიტჩელი და ალექს კული. მათი აზრით, ამ ხისტი პოზიციით დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების შეცდომას იმეორებს და რეალურად, კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, აფხაზეთის საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლაციას და მის რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის აღიარება გამოსავალი არ არის, თუმცა, მათი თქმით, ურთიერთობა აფხაზეთთან უფრო მჭიდრო უნდა იყოს. ამ საკითხსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენაზე, მათდამი საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულებაზე თბილისის სტუდიაში კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დათო ჩაგანავა ესაუბრა.

პაატა ზაქარეიშვილი: 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა ნდობა ოსებისა და აფხაზებისა ახალი სახელმწიფოს მიმართ. ისინი გვენდობოდნენ, მოლაპარაკებებზე დადიოდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ ახალი სახელმწიფო მათთვის მისაღები და უსაფრთხო იქნებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ, საბოლოო ჯამში, ამ ურთიერთობებზე უარი თქვა. ხელისუფლების მტრული რიტორიკა გაძლიერდა და 2006 წლის შემდეგ, ერთი ხელის მოსმით, შეწყდა კონტაქტები როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან. გაიხსენეთ: 2006 წლის ზაფხულში შევდივართ კოდორში და წყდება კონტაქტები, იმიტომ რომ, ჩვენ ვარღვევთ ჩვენ მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს; 2006 წლის ნოემბერში ვმონაწილეობთ კოკოითის მიერ დაგეგმილ არჩევნებში და ჩვენ ვითომდა დანარჩენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვატარებთ არჩევნებს, სადაც დიმიტრი სანაკოევს ვირჩევთ ვითომ პრეზიდენტად. ამით ვაძლიერებთ რუსულ პოზიციებს, იმიტომ რომ, აფხაზები და ოსები, რომლებიც ჩვენ გვენდობოდნენ, უცებ ზურგს გვაქცევენ და ბარდებიან რუსეთს, მართვას იწყებს რუსეთი.

რადიო თავისუფლება: ანუ სტრატეგიაც იყო ნაწილი გაფუჭებული, დაღმავალი ურთიერთობებისა?

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, ის ცალმხრივი იყო და ვერანაირად ვერ იქნებოდა ურთიერთობის აღმდგენი, მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ, ცალმხრივად იყო საკითხი დანახული, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების ჭრილში. და ეს გრძელდება დღესაც, დღემდე ჩვენ გავიძახით ოკუპაციას და მეტს არაფერს.

რადიო თავისუფლება: რატომ ხდება ეს, რატომ მუდმივად მტრული რიტორიკა?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს გამოსავალს და მას არ სურს მტრული რუსული ფაქტორის გაქრობა. ხელისუფლება უკვე გახდა მძევალი მის მიერვე შეთხზული მითისა, რომ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, ეს მისი ძალაუფლების დასაყრდენი გახდა… რუსეთი ბევრ რამეშია დამნაშავე, მაგრამ არა ყველაფერში… როგორც კი ჩვენ გავალთ და აღვადგენთ კონტაქტებს აფხაზებსა და ოსებთან, ჩვენ დავინახავთ, რომ შემცირდება რუსეთის ზეწოლა და ხელისუფლებას ეს არ უნდა. მათ არ უნდათ აჩვენონ მსოფლიოს, რომ, თურმე, ეს წლები იტყუებოდნენ ან ცდებოდნენ და მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ, თითქოს, რუსეთია ყველაფერში დამნაშავე. ჯერ კიდევ რუსეთთან დაძაბული ვითარება არ იყო და 2005 წლის მაისში ჩამოდის ჯორჯ ბუში და პირველად სააკაშვილი რუსეთს ადარებს შაჰ-აბაზს… რუსეთისგან საქართველოს ბევრი ცუდი რამ უწვნევია, მაგრამ შაჰ-აბაზთან შედარება?!

რადიო თავისუფლება: ეს რესპუბლიკური პარტიის გავლენა ხომ არ იყო, ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიას ვგულისხმობ, რომლის რიტორიკა, ცივი ომიდან მოყოლებული, პოლიტიკაში უფრო აგრესიული რჩებოდა რუსული ფაქტორის მიმართ…

პაატა ზაქარეიშვილი: არა მარტო რესპუბლიკური პარტიის გავლენა, არამედ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე აგრესიული ფრთის, ნეოკონსერვატიული ფრთის გავლენა, ფრთისა, რომელიც თვით რესპუბლიკურ პარტიაში მარცხდებოდა.

რადიო თავისუფლება: რესპუბლიკური პარტია დღეს ხელისუფლებაში აღარ არის, არიან დემოკრატები, პრეზიდენტია ობამა, რომლის რიტორიკაც განსხვავებულია, გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა ბოლო ჯამში და თამაშგარე აღმოჩნდა…

პაატა ზაქარეიშვილი: რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის მთავარი ბირთვი ანტიისლამური და ანტიბოლშევიკური მიდგომები იყო. მათ, ამ შემთხვევაში, საქართველო სჭირდებოდათ როგორც იარაღი რუსეთის აგრესიის გამოსავლენად, რუსეთის საწინააღმდეგო რესურსად. ობამამ –საქართველო პატარა თევზს რომ შევადარო, ზვიგენზე ნადირობის დროს რომ აბამენ ანკესს, ობამამ ეს თევზი მოაძრო ანკესს, გადააგდო ზღვაში და უთხრა: იცურავე… მან თქვა: მე რუსეთთან მოვაგვარებ ურთიერთობას თქვენ გარეშე, მე არ მჭირდებით თქვენ, როგორც მსხვერპლი.

რადიო თავისუფლება: საპრეზიდენტო არჩევნების დროს ობამას მთავარი არგუმენტი იყო, რომ ამერიკა არ არის პოლიციელი და მსოფლიოში, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, თვითონ უნდა დაბალანსდეს ურთიერთობები ადგილებზე, ადამიანებმა თვითონ უნდა დაიწყონ საერთო ენის გამონახვა და ა.შ…

პაატა ზაქარეიშვილი: არამარტო ადამიანებმა, მთავრობებმა უნდა გამონახონ საერთო ენა… იპოვეთ საერთო ენა რუსეთთან, ჩვენ ნუ გამოგვიყენებთ რუსეთის წინააღმდეგ. ბუშის დროს როგორ იყო? ჩვენ ამერიკელებს ვიყენებდით ძალად, რათა რუსეთს შევბრძოლებოდით. ამერიკა, თავის მხრივ, გვიყენებდა ჩვენ იარაღად, რათა მომხდარიყო რუსეთის აგრესიის გამოვლენა, გაიხსენეთ მაკკეინის წინასაარჩევნო რიტორიკა.

რადიო თავისუფლება: არგუმენტი ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას, რომ იმიტომ ვართ, ასე ვთქვათ, პოლიციელები, რომ ჯერ კიდევ არსებობენ აგრესიული ძალები…

პაატა ზაქარეიშვილი: აშკარად ჩანდა, რომ მათ სურდათ ჩვენ მაქსიმალურად ჩავბმულიყავით ამაში და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა რუსეთის მახეში აღმოვჩენილიყავით, საბოლოო ჯამში… ნეოკონსერვატორიზმი რაზეა დაფუძნებული? – ანტიისლამურ და ანტიბოლშევიკურ იდეოლოგიაზე. ამით გაძლიერდა თავის დროზე რეიგანი, თუმცა მაშინ ამან მართლა ეფექტურად დაამარცხა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დღეს რეალობა შეიცვალა… დღეს რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი, რაც არ უნდა გვინდოდეს ჩვენ, რომ ეს ასე იყოს. რუსეთი არის სხვა სახელმწიფო, შეიძლება უფრო აგრესიული, შეიძლება ბევრი რამე გადმოიღო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ რუსეთი დღეს ცდილობს საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობას…

რადიო თავისუფლება: ცდილობს რომ გადაეწყოს, როგორ გამოსდის?

პაატა ზაქარეიშვილი: ყოველ შემთხვევაში, იდეოლოგიური საფრთხე აღარაა, იდეოლოგიურ საფრთხეს არ უქმნის ამერიკას რუსეთი მსოფლიოში. აფრიკას არ იპყრობს, ლათინურ ამერიკას არ იპყრობს, როგორც ამას აკეთებდა… ანუ რუსეთი, ამ მხრივ, შესუსტებულია და გადაყვანილია საბაზრო ეკონომიკაზე, კერძო საკუთრებაზეა ორიენტირებული… ამიტომ მსოფლიო რუსეთის მიმართ უფრო მშვიდია, ვიდრე იყო კომუნისტების დროს…

რადიო თავისუფლება: ანუ ხელისუფლება წარსულის რიტორიკაში დარჩა და, როგორც თქვენ ამბობთ, საკუთარი რიტორიკის მძევალი გახდა და გამოსავალს ვერ პოულობს. მეორე მხრივ, ახლახან კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრმა რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, საქართველოში ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ გამოსავალი საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობაა, რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად?

პაატა ზაქარეიშვილი: სამოქალაქო საზოგადოებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება ვერ მოაგვარებს კონფლიქტებს, გამორიცხულია. სამოქალაქო საზოგადოება ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური ნება რაკი არ არის, ჩვენ მხოლოდ ვხნავთ და ვხნავთ მიწას და მთესველი არ მოდის…

რადიო თავისუფლება: იქნებ არ ხართ საკმარისი რაოდენობა? რატომ ამბობთ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია ამის მოგვარება? ფართოდ რომ შევხედოთ საკითხს, იქნებ თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ხართ საზოგადოებისა, რომ არსებობდეს საერთო განწყობა, პოლიტიკოსები ხომ, საბოლო ჯამში, საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ თუ საქართველოს მასშტაბით ვილაპარაკებთ, არა მარტო კონფლიქტების მოგვარების მხრივ, ყველგან ჩანს აპათია საზოგადოებისა, საზოგადოება ქუჩაში არ გამოდის, პენსიებზე არ გამოდის, 26 მაისის დარბევაზე არ გამოვიდა, შვიდი ნოემბრის მერე ხელისუფლებამ მოახერხა საზოგადოების აქტიურობის ჩაქრობა სხვადასხვა მეთოდებით, შიშით…

ამიტომ მე თქვენ გეთანხმებით, რომ საზოგაოებრივი მოთხოვნა არ არსებობს

რადიო თავისუფლება: მოთხოვნა, რომელიც აიძულებდა ხელისუფლებას…

პაატა ზაქარეიშვილი: მოქმედებაში გადასული მოთხოვნა არ არსებობს, მაგრამ ის არ არსებობს არც ერთ სხვა სფეროში, არამარტო კონფლიქტების მოგვარებაში…

რადიო თავისუფლება: მაშინ გამოსავალი სადაა? ასე თუ გაგრძელდა, იგივე ამერიკელი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს გააუარესებს კონფლიქტის მოგვარებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ეს, პირიქით, ზრდის აფხაზეთის რუსეთზე ხელოვნურ დამოკიდებულებას…

პაატა ზაქარეიშვილი: ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვაბარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთს, ცალსახად ასეა. ჩვენი უგუნური და უუნარო პოლიტიკით ხელს ვკრავთ მათ. რუსეთმა, თავის მხრივ, კარგი ფორმულა იპოვა, ამ შემთხვევაში მედვედევისა და პუტინის სახით – რომ ჩვენ სააკაშვილს არ ველაპარაკებით და იქცევა ისე, როგორც უნდა; არ ველაპარაკებით სააკაშვილს და ბაზებს ვაშენებთ; არ ველაპარაკებით სააკაშვილს და ხელშეკრულებებს ვდებთ აფხაზებსა და ოსებთან, ანუ კარგი გამოსავალი იპოვა და ამით კარგად მართავს ვითარებას, ანუ ისინი ხედავენ რა, რომ სააკაშვილი ამით სპეკულირებს და ამბობს, რომ თუ თქვენ ჩემი გადარჩევა გინდათ, თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ…

ჩემთვის ყველაზე მიუღებელია ფრაზა გასაღები რუსეთშია, არა… გასაღები თბილისშია! და ის იყო ყოველთვის თბილისში, უბრალოდ, ჩვენ არ ვიყენებდით მას. ჩვენ მას მხოლოდ ბოლოს ვიყენებდით, როცა უკვე საჭირო აღარ იყო და კარები უკვე შემტვრეული იყო…

რადიო თავისუფლება: ეს სიბრაზეა?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს არის ბოღმა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ მუდმივად ვაგვიანებთ.

რადიო თავისულფება: პატრიოტული რიტორიკის მიღმა, აღიარებაზე რომ ვთქვათ… აქაც და დასავლეთშიც მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კერძო ნაციონალური თუ სახელმწიფოებრივი ინტერესების მიღმა ეს, უბრალოდ, არარაციონალურია, რადგან გამოიწვევს სხვა ჯაჭვურ რეაქციებს…

პაატა ზაქარეიშვილი: ეს არავის არაფერს მისცემს,

რადიო თავისუფლება: და იქნებ მეორე მხრივ ითქვას, რომ, თუ აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია, მიეცეს მას თავისუფლად არჩევანის გაკეთების საშუალება და თუ ეს ასეა, ანუ ის, რომ, საქართველოსავე რიტორიკით, ორგანულად ახლოს ვართ, ერთად ყოფნა ხომ თავისთავად მოხდება?

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთი აღარ არის უკვე ორგანული ნაწილი, აფხაზები კარგავენ უფრო და უფრო კონტაქტებს ქართველებთან, მათი რუსიფიკაცია მიმდინარეობს კატასტროფული სისწრაფით და ეს ნებაყოფლობით ხდება. აფხაზები ამბობენ: თუ ჩვენი არჩევანი რუსიფიკაციაა, მაშინ რა მნიშნველობა აქვს რუსიფიკაცია იქნება ეს თუ ქართველოფიკაცია, ისევ გვირჩევნია რუსიფიკაცია, რადგან უფრო დიდ ოკეანეში გავდივართ, ინტერნეტი, ენა, ვაჭრობა, ბაზარი… რუსეთი უფრო მეტ რესურსებს გვაძლევს… თუკი გადაგვარება გარდაუვალია, რაღა ქართველებში გადავგვარდეთ? არადა, ქართველი, თუნდაც რომ კეთილგანწყობილი, როგორც კი გაიგებს ქართულ გვარს აფხაზისას, კობახია იქნება, გვაზავა თუ სხვა, მაშინვე ეუბნება აფხაზს, შენ ქართველი ხარ! შენ არ ხარ აფხაზი!… აფხაზი და ოსი შინდება, იმიტომ რომ, ის თვითშეგნებით აფხაზია… რუსეთი არ ეუბნება, რომ შენ რუსი ხარ, რუსეთი ეფექტურად მუშაობს მის წინააღმდეგ, ჩვენ იმის მაგივრად, რომ იგივე თამაშის წესები არ აგვეღო, რას ვთავაზობთ? რატომ რუსდები, გაქართველდი. რატომ უნდა გავქართველდე, – ამბობს ის, გავრუსდები…ჩვენ იმის მაგივრად, რომ შევთავაზოთ სხვა პარადიგმა…

რადიო თავისუფლება: აი, სხვა პარადიგმაზე ვისაუბროთ…

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზური პოზიცია. მაგალითად, მაქსიმალურად ხელს გიწყობ აფხაზური იდენტობის შენარჩუნებაში, მათ დღეს ხელი ჩაიქნიეს, რომ არავითარი შანსი არ არსებობს აფხაზური იდენტობის გადარჩენისა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ამის საშუალება, ჩვენ უნდა მივცეთ ამის შანსი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ათასობით მეთოდის გამოყენება შეიძლება: მაგალითად, ყველა ქართულ სკოლაში დავიწყოთ აფხაზური ენის სწავლება, თუგინდ ხუთმა ბავშმა ისწავლოს, აფხაზს ეცოდინება, რომ აქ ამაზე მუშაობა დაიწყო, ქალაქებსა და სოფლებში ქუჩების წარწერები გავაკეთოთ აფხაზურად და ქართულად, ანუ მან უნდა იგრძნოს, რომ აქ არის მისი გარემო, აქ მისი იდენტობა გადარჩება… ყველა სასამართლოში იყოს აფხაზური ენის მცოდნე თარჯიმანი, რომელიც, თუნდაც რომ არაფრის გამო, მიიღებს ხელფასს… მილიონებს ვყრით სისულელეებში, ეს არ არის მილიონები, ეს ათასები იქნება… აფხაზი ნელ-ნელა მიეჩვევა, რომ აქ არის არეალი, სადაც აფხაზურ კულტურას პატივს სცემენ, არა ლაპარაკით, არამედ მოქმედებით, საქმით.
XS
SM
MD
LG