Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საელჩომ აღშფოთება გამოთქვა რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეში მოპყრობის გამო


ისრაელის საელჩომ საქართველოში აღშფოთება გამოთქვა საპატიმროებში მყოფი ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეში და არასათანადო მოპყრობის გამო. სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს საელჩოში განუცხადეს, რომ საპროტესტო წერილები გაუგზავნეს საქართველოს იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და სახალხო დამცველს. ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. წელს აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით, ფუქსს კი - 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს განაჩენი ივლისში უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. თავად ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ პრემიერ-მინისტრის მიწვევით და განსახილველად მრავალწლიანი დავისა, რომელიც რონი ფუქსის სასარგებლოდ გადაწყვიტა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ და საქართველოს თითქმის 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქსნის საპატიმროში მყოფი რონი ფუქსისადმი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ადამიანის წამებასთან მიახლოებულია, მასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა. მან ფუქსის ნაამბობზე დაყრდნობით რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას და ორშაბათს ფუქსის საკანში ღამის საათებსა და გამთენიისას რამდენჯერმე შევიდნენ ნიღბიანი პირები, რომლებსაც ფიზიკური ძალა არ გამოუყენებიათ, თუმცა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ნარკოტიკების ე.წ. ჩადებითა და დამატებით ოცწლიანი პატიმრობით დაემუქრნენ. ადვოკატის ცნობით, ბოლო დრომდე რონი ფუქსი საპატიმროში არსებულ პირობებს და მისდამი მოპყრობას არ უჩიოდა, ვითარების შეცვლას კი იმას უკავშირებს, რომ მიუხედავად პატიმრობისა არ განაცხადა უარი 100 მილიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო. რაც შეეხება ზეევ ფრენკელს, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის ცნობით, ის ქსნის დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის საპატიმროში, სადაც გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა, არა იმ მასშტაბის, როგორიც რონი ფუქსს.
XS
SM
MD
LG