Accessibility links

logo-print

საფრანგეთში სასამართლომ ქალები პირველად დააჯარიმა ჩადრის ტარებისთვის


საფრანგეთში სასამართლომ ორი ქალი დამნაშავედ სცნო და დააჯარიმა საჯარო ადგილებში ისლამური ჩადრის ტარებისთვის, აპრილში ამოქმედებული აკრძალვის მიუხედავად. პარალელურად, ასევე ჩადრის მატარებელი სხვა ფრანგი ქალი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.
ისინი იყენებენ კანონს, რომელიც ევროპულ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენთვის მთავარ საკითხს ჯარიმის მოცულობა კი არ წარმოადგენს, არამედ პრინციპი...

საფრანგეთის ქალაქ მოში, რომელიც ყველის წარმოებით არის ცნობილი, ხუთშაბათს საპოლიციო სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა ორ ქალს, მთელი სხეულის დამფარავი ისლამური ბურკის ტარების გამო. ჯარიმის მოცულობა 120 და 80 ევროა. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა და როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, მას მთელი ევროპის მასშტაბით მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ბურკის აკრძალვის შემოღების, ანუ აპრილის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე ქალი ადგილზე - ქუჩებში - დააჯარიმა. მაგრამ ხუთშაბათს შემდგარი სხდომა პირველი შემთხვევაა, როცა ჯარიმა ქალებს სასამართლომ დააკისრა.

თავად განსასჯელები სასამართლოში გვიან მივიდნენ და სხდომას არ დასწრებიან. სხდომის დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ და ბოლოს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლომდეც მიაღწევენ. ერთ-ერთი განსასჯელი, ჰინდ აჰმასი ამბობს:

„ისინი იყენებენ კანონს, რომელიც ევროპულ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენთვის მთავარ საკითხს ჯარიმის მოცულობა კი არ წარმოადგენს, არამედ პრინციპი. ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ ქალებს, თავიანთი რელიგიური მრწამსის თავისუფლად გამოხატვის გამო, აჯარიმებდნენ“.

აჰმასი, რომელიც პარიზის იმიგრანტებით დასახლებულ, ღარიბ უბანში ცხოვრობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნახევრად გამარჯვებას“ უწოდებს, რადგან თვლის, რომ ის მას მოქმედების საშუალებას აძლევს:
ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ პროცედურები, რომელიც ამ საქმეს ევროპის სასამართლომდე მიიტანს...

„ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ პროცედურები, რომელიც ამ საქმეს ევროპის სასამართლომდე მიიტანს, რათა მივაღწიოთ ამ კანონის გაუქმებას, რომელიც, ყველა შემთხვევაში, უკანონოა“.

საფრანგეთი არ არის ევროპის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ანალოგიური კანონი მიიღეს ბელგიამ და იტალიის რამდენიმე ქალაქმა, სხვა ქვეყნები კი ამ ნაბიჯის გადადგმას მომავალში აპირებენ. შესაბამისად, თუ ეს საქმე მართლაც მივა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლომდე, მის გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

სასამართლო დარბაზის წინ განსასჯელების მხარდასაჭერად ნიქაბის მატარებელი რამდენიმე ქალი მივიდა. მათ შორის იყო კენზა დრიდე - სამხრეთის ქალაქ ავინიონის მკვიდრი, რომელმაც ხუთშაბათსვე გამოაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
როცა ქალს თავისუფლების შენარჩუნება უნდა, მან გადაჭრით უნდა იმოქმედოს...

სარეკლამო პლაკატებზე დრიდეს სახეს აკრძალული ნიქაბი უფარავს. ის პოლიციის კორდონის ფონზეა გამოსახული.
გავრცელებული ვარაუდით, მას გაუჭირდება არჩეული ოფიციალური პირებისგან იმ 500 ხელმოწერის შეგროვება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მას კენჭისყრის საშუალება მიეცეს. მაგრამ თავად დრიდე, რომელიც 32 წლის არის, ოთხი შვილის დედაა და ნიქაბს უკვე 13 წელია ატარებს, აცხადებს, რომ შეუპოვრად იბრძოლებს: „როცა ქალს თავისუფლების შენარჩუნება უნდა, მან გადაჭრით უნდა იმოქმედოსო“, – უთხრა მან სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს. მისი თქმით, ჩადრი ქალებს პატიმრებად აქცევს. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა აკრძალვას მხარს უჭერს.

ისლამი საფრანგეთში სიდიდით მეორე რელიგიაა და მისი მიმდევრების რაოდენობა იზრდება. ბურკის და ნიქაბის აკრძალვა ემყარება შეშფოთებას, რომ სახედაფარულმა მუსლიმანმა ქალებმა შესაძლოა ჩრდილი მიაყენონ ქვეყნის სეკულარულ საფუძვლებს და ძირი გამოუთხარონ გენდერულ თანასწორობასა და ქალების ღირსებას. ამასთან, არსებობს შეშფოთება, რომ ამან შესაძლოა რადიკალური ისლამის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი. საკლასო ოთახებში მუსლიმანური თავსაბურავის ტარება 2004 წელს აიკრძალა.

საფრანგეთში ბევრი მუსლიმანი თავსაბურავს საერთოდ არ ატარებს. როგორც ვარაუდობენ, შემოღებული აკრძალვა 2000-მდე ქალს ეხება. მათი უმრავლესობა ატარებს ნიქაბს – თავსაბურავზე დამაგრებულ ნაჭერს, რომელიც, თვალების გარდა, მთელ სახეს ფარავს. ნიქაბი აპრილში შემოღებული კანონით აიკრძალა. კანონი ასევე შეეხო ბურკას, რომელიც, თვალების გარდა, მთელ სხეულს ფარავს და რომელსაც, ძირითადად, ავღანეთში ატარებენ.
თუმცა ქალები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ მათთვის თავისუფლების ხარისხის გაზრდის ნაცვლად, ამ კანონმა მათი ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა. ეს ჩვენთვის შინაპატიმრობის ტოლფასიაო – უთხრა კენზა დრიდემ „ასოშიეიტედ პრესს“. მისი თქმით, კანონმა მოქალაქეებს საშუალება მისცა შეურაცხყოფა მიაყენონ თავშებურულ ქალებს. ამის გამო, ბევრი ქალი, რომელიც თავსაბურავს ატარებს, ქუჩაში გასვლას ერიდება და სახლში დარჩენას არჩევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG