Accessibility links

ამერიკელი ადმირალი პაკისტანს ადანაშაულებს ძალადობის „ექსპორტში“


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ადმირალი მაიკ მალენი პაკისტანს ბრალად სდებს ავღანეთში ძალადობის "ექსპორტს", რადგან ის ექსტრემისტებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ, როგორც ისლამაბადის დაზვერვის სამსახურის განშტოებამ. როგორც მალენმა, რომელიც ამ თვეში გადადგება გენერალური შტაბის უფროსის პოსტიდან, დღეს განაცხადა შეერთებული შტატების სენატის კომიტეტში გამოსვლისას, „ჰაყანის ქსელი მოქმედებს, როგორც პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ნამდვილი განშტოება. ჰაყანის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს სატვირთო ავტომანქანით მოწყობილი იერიში, ისევე როგორც თავდასხმა ჩვენს საელჩოზე“, განაცხადა ადმირალმა მაიკ მალენმა. ქაბულში წელს, 13 სექტემბერს მოწყობილმა იერიშმა, რომელიც მიმართული იყო შეერთებული შტატების საელჩოს, ნატოს შტაბ-ბინისა და პოლიციის შენობების წინააღმდეგ, სულ ცოტა, 25 ადამიანი შეიწირა, მათ შორის სამოქალაქო პირები. ჰაყანის ქსელს მჭიდრო კავშირი აქვს თალიბანთან და, ცნობების თანახმად, პაკისტანშია დაფუძნებული. პაკისტანის ოფიციალურ პირებს ბევრჯერ აქვთ უარყოფილი ამ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდება.
XS
SM
MD
LG