Accessibility links

logo-print

აშშ-ის არმიაში სამსახური ჰომოსექსუალებს აღარ აეკრძალებათ


აშშ-ში 17 წელიწადი იარსება კანონმა სახელწოდებით, „არ ჰკითხო და არ უთხრა“, რომელიც ჰომოსექსუალებს სამხედრო სამსახურს უკრძალავდა, თუკი ისინი არ მალავდნენ სექსუალურ ორიენტაციას. 20 სექტემბერს ეს აკრძალვა ოფიციალურად გაუქმდა.

1993 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, შემოღებული ეს კანონი ბევრ ამერიკელს ართმევდა შესაძლებლობას, ემსახურა არმიაში, თუკი გაამხელდა სექსუალურ ორიენტაციას. ბარაკ ობამამ თავისი საარჩევნო კამპანიის დროს პირობა მისცა თანამემამულეებს, რომ კანონის გაუქმებისთვის იზრუნებდა. 20 სექტემბრიდან აშშ-ის არმიაში სამსახურის მსურველთ ვეღარავინ დაუშლის გამოაცხადოს, რომ ის ჰომოსექსუალი, ან ტრანსვესტიტია. ეს ნაბიჯი, უფლებადამცავების და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ შეფასდა როგორც დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნის დამფუძნებლების იდეალების განხორციელებისკენ. თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ამან ყველა ამერიკელის თანასწორუფლებიანობასთან, თანაბარ შესაძლებლობებსა და ღირსებასთან კიდევ უფრო დაგვაახლოვაო.
ეს ჩემთვის ამერიკის არა მხოლოდ გეიებისა და ლესბოსელების თემის, უფრო ზუსტად, იმ ამერიკელი გეიებისა და ლესბოსელების გამარჯვებაა, რომლებიც აშშ-ის არმიაში მსახურობენ. ეს მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა ...

ასევე პოლიტიკოსმა, დამოუკიდებელმა სენატორმა კონეტიკუტიდან, ჯოზეფ ლიბერმანმა, რომელიც „არ ჰკითხო და არ უთხრას“ პოლიტიკის გაუქმებისთვის ბრძოლის ავანგარდში იყო, აღნიშნა, რომ ეს უზარმაზარი ნაბიჯია, გადაგმული სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის წინა ხაზზეო. მან შეხვედრაზე, რომელსაც ამერიკელი გეი და ლესბოსელი სამხედროები ესწრებოდნენ, ვინც გაამხილა სექსუალური მიდრეკილება, და ამის მიუხედავად არ ეშინიათ, რომ სამხედრო თანამდებობას დაკარგავენ, შემდეგი თქვა: „ეს ჩემთვის ამერიკის არა მხოლოდ გეიებისა და ლესბოსელების თემის, უფრო ზუსტად, იმ ამერიკელი გეიებისა და ლესბოსელების გამარჯვებაა, რომლებიც აშშ-ის არმიაში მსახურობენ. ეს მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა“.

კანონის შემოღების შემდეგ აშშ-ში სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს 13 ათასი ადამიანი. მათ ან თვითონ აღიარეს ორიენტაცია, ან სხვების მიერ იქნენ გამოვლენილი. ბოლო წლებში, ადამიანის უფლებების ამ ფლაგმან ქვეყანაში, დაიწყეს ასეთი პოლიტიკის უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლა. კანონის გაუქმების მომხრენი თვლიდნენ, რომ ის დისკრიმინაციულიც იყო და სახელმწიფო ინტერსებისთვის საზარალოც, რადგან მაღალი კვალიფიკაციის ბევრი სამხედროს სამსახურიდან გამოთიშვას იწვევდა.
მათ საქმიანობას მომავალში განსაზღვრავს მათი უნარი და არა სექსუალური ორიენტაცია. ჩვენი არმია გაძლირდება ...

უფროსი ლეიტენანტი ჯოშუა სიიფრენდი აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების 25 წლის ოფიცერია. მან შარშან, ფსევდონიმს ამოფარებულმა, დააფუძნა იატაკქვეშა ჯგუფი, რომელშიც ოთხი ათასი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსვესტიტი გაერთიანდა. 20 სექტემბერს მას უფლება მიეცა ნიღაბი ჩამოეხსნა: „სიტყვებით ვერ გამოვთქვამ, რა გრძნობაა, ვიდგე აქ და საშუალება მქონდეს განვაცხადო: მე უფროსი ლეიტენანტი ჯოშუა სიიფრენდი ვარ, მე, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ფლოტის უფროსი ლეიტენანტი, გეი ვარ. მხრებიდან უმძიმესი ტვირთი მოგვესხნა მე და აშშ-ის არმიის 65 ათას გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ მოსამსახურეს“.

სხვა სამხედრო მოსამსახურე, ქალი, აშკარად ვერ მალავდა გრძნობებს: „31 წლის ქალი ვარ, აშშ-ის საზღვაო ქვეითი და ვარ ლესბოსელი! ბოდიშს გიხდით, დღემდე ეს რომ მეთქვა, სამხედრო სამსახურიდან დამითხოვდნენ“.

როგორც გითხარით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საარჩევნო დაპირების შესაბამისად იზრუნა და მალე მოიპოვა მომხრეები სამხედრო უწყებასა და კონგრესში, რათა გაეუქმებინათ კანონი სახელწოდებით, „არ ჰკითხო და არ უთხრა“. კანონის გაუქმების შესახებ დოკუმენტს მან ხელი რა ხანია მოაწერა, მაგრამ არმიას დრო სჭირდებოდა მოსამზადებლად და ახლა ის ძალაში შევიდა. პენტაგონმა განაცხადა გასულ კვირაში, რომ არმიის ორი მილიონ სამასი ათასი აქტიური და სათადარიგო მოსამსახურის 97 პროცენტმა უკვე გაირა წვრთნა ახალი კანონის შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს ექსპერტები ასკვნიან, რომ კანონის გაუქმება უარყოფითად არ იმოქმედებს სამხედრო მზადყოფნაზე, ერთიანობაზე ან ჯარისკაცთა სამსახურში მიღებასა და შენარჩუნებაზე. ეს აფიქრებდა ამ კანონის გაუქმების მოწინააღმდეგეებს, რომელთა შორის, შარშან, იყო არიზონელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი და ამერიკის წინა არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამხედრო ავიაციის ვეტერანია. შარშან სენატში მოსმენაზე მან წარადგინა კვლევების დასკვნა, რომლის თანახმად, ჰომოსექსუალობის გამხელა არმიაში წარმოქმნის პრობლემებს, რომელთაგან ერთს მაკკეინმა უწოდა „იძულებითი სქესობრივი კავშირი“. მისივე თქმით, ჰომოსექსუალების არმიაში ღიად სამსახური მისი რიგების ერთიანობის შესუსტებას იწვევს. მაკკეინის თქმით, ობამას ადმინისტრაციის სურვილი, შეიცვალოს პოლიტიკა, ეწინააღმდეგება აშშ-ის არმიის ბევრი ლიდერის სურვილს. მან მოითხოვა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებდა არმიაზე, მისივე თქმით, „პოლიტიკის ეს სარისკო ცვლილება“.

ახლა, გადაწყვეტილება მიღებულია, პრეზიდენტმა ობამამ თეთრს სახლში 20 სექტემბერს განაცხადა, რომ დღეიდან პატრიოტ, სამხედროფორმიან ამერიკელებს აღარ მოუწევთ ტყუილის თქმა, თუ ვინ არიან ისინი, როცა სურთ ემსახურონ ქვეყანას, რომელიც უყვართ. დღეიდან, პრეზიდენტის, აშშ-ის არმიის მთავარსარდლის თქმით, აშშ-ის შეირაღებული ძალები აღარ დაკარგავენ გეი და ლესბოსელი სამხედრობის უნარებსა და საბრძოლო გამოცდილებას. ობამა თვლის, რომ ამ კანონის გაუქმება ქვეყანას მიიყვანს უფრო ახლოს თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის იმ პრინციპებთან, რომლებიც განსაზღვრავს, რომ ჩვენ ამერიკელები ვართო.
ჩვენი არმია გაძლირდება, რადგან სამხედროებს განსჯიან მათი უნარისა და გამოცდილების მიხედვით და არ დაითხოვენ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი...

დემოკრატმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, კარლ ლევინმა, რომელიც სათავეში უდგას სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, განაცხადა, რომ კანონის გაუქმება გააძლიერებს არმიას, რადგან ყველა ამერიკელი, ვისაც ამის სურვილი აქვს, შეძლებს ქვეყნისთვის ბრძოლას: „მათ საქმიანობას მომავალში განსაზღვრავს მათი უნარი და არა სექსუალური ორიენტაცია. ჩვენი არმია გაძლირდება, რადგან სამხედროებს განსჯიან მათი უნარისა და გამოცდილების მიხედვით და არ დაითხოვენ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი“.

კანონის, „არ ჰკითხო და არ უთხრა“, გაუქმება ნიშნავს, რომ ძალას დაკარგავს აშშ-ის არმიაში გახსნილი და აღძრული, სამსახურიდან დათხოვნისა თუ სხვა ხასიათის ყველა საქმე. ამიერიდან, აშშ შეუერთდა ევროპის ქვეყნების უმეტესობას, ასევე ისრაელს, ავსტრალიას და სხვა სახელმწიფოებს, სადაც ჰომოსექსუალთათვის არმიის კარი ღიაა. დღემდე ათეულობითაა ისეთი ქვეყნები, სადაც ასეთი წესი მოქმედებს. მათ რიცხვშია ბელორუსია, ირანი, პაკისტანი. ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალური ქმედება კანონით არ ისჯება, მაგრამ არმიაში სამსახური ამ პირებს მაინც არ შეუძლიათ. მაგალითად, ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, მექსიკა, ბრაზილია, კუბა, პრაქტიკულად თურქეთიც.
XS
SM
MD
LG