Accessibility links

logo-print
გამომცემლობა და წიგნის მაღაზია „დიოგენეს“ ბავშვთა კლუბმა შეხვედრები განაახლა. კვირაში ორჯერ, სხვადასხვა ასაკის მკითხველები თავს აფაქიძის N9-ში მოიყრიან და წაკითხულ წიგნებზე ისაუბრებენ. დაწერენ პატარ-პატარა ესსეებს სხვადასხვა თემაზე. დაგეგმილია მცირე დასის შექმნაც – ბავშვები თავიანთ საყვარელ პერსონაჟებს წარმოდგენებში განასახიერებენ.
მე ემილის თავგადასვალი წავიკითხე, ძალიან ცელქი ბიჭია, მაგრამ საინტერესო და უცნაური. ხანდახან ისეთ დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა... მაგრამ სუპი არ უყვარდა. ისე, სუპი არც მე მიყვარს...

„დიოგენეს“ ბავშვთა კლუბმა პირველი, საცდელი შეხვედრები ჯერ კიდევ ზაფხულში გამართა. მაშინ გამოიკვეთა კიდეც ბავშვების პირველი რეაქცია – ერთ-ერთმა დედას გამოუცხადა, სკოლაში არ მატარო და აქ ვივლიო. სექტემბრიდან კი კლუბი წიგნების მოყვარული პატარებისათვის ისევ ღიაა. სანამ იმ ოთახამდე მიხვალ, სადაც ისინი ერთმანეთს და პედაგოგებს ხვდებიან და ლიტერატურაზე მსჯელობენ, ჯერ „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია უნდა გაიარო, რომელშიც საბავშვო ლიტერატურას დიდი კუთხე აქვს დათმობილი. იქ შეჩერების ცდუნებას ვერც ერთი ბავშვი ვერ უძლებს. ვერც ხუთი წლის თეო, რომელიც „კონკიას“ დამარცვლით, მაგრამ რაც მთავარია, თავისით კითხულობს. თეომ იცის, რა ხდება ბავშვთა კლუბის საიდუმლო ოთახში, სადაც მშობლები სრულიად ზედმეტები არიან.

ცოტა უფრო დიდებს უკვე საყვარელი ავტორებიც ჰყავთ, წიგნების შინაარსს გვიყვებიან. ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, დანიელ დეფო...

„მე ემილის თავგადასვალი წავიკითხე, ძალიან ცელქი ბიჭია, მაგრამ საინტერესო და უცნაური. ხანდახან ისეთ დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა... მაგრამ სუპი არ უყვარდა. ისე, სუპი არც მე მიყვარს“

„მე კოტე მარჯანიშვილი წავიკითხე. ბიოგრაფია“.

„მე კიდევ რობიზონ კრუზოს ამბავი მომეწონა, სადღაც მიდიოდა და ქარიშხალი ამოვარდა, გემი ჩაიძირა და ის უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა. იქ კი მეგობარი იპოვა – პარასკევა, მაგარია“.

„მე, იცი, რა წავიკითხე? ”– კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი“. კალე პატარა დეტექტივია, თავიდან არავინ უჯერებს, მაგრამ მერე ისეთ რამეებს აღმოაჩენს, ყველა მადლობას უხდის. მეც დეტექტივი უნდა გამოვიდე“.

წიგნის მაღაზია „დიოგენეს“ ღონისძიებების მენეჯერი და ბავშვთა კლუბის ერთ-ერთი პედაგოგი ზურა ჯიჯიაშვილი ამბობს, რომ კლუბს რამდენიმე გამოკვეთილი მიზანი აქვს – შეაყვაროს ბავშვებს წიგნები, თან ისე, რომ კითხვის სიყვარული მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვეთ – ამისათვის ისინი წიგნებს წაიკითხავენ; ისწავლონ თავისუფალი აზროვნება და ჰქონდეთ ყველაფერზე საკუთარი აზრი – ამისთვის ისინი ესსეებს დაწერენ; იყვნენ უფრო შემოქმედებითები – საყვარელ პერსონაჟებს პატარა ეტიუდებში გააცოცხლებენ და, რაც მთავარია – ისწავლონ ბიბლიოთეკით სარგებლობა და იარონ ბიბლიოთეკაში.

ბავშვთა კლუბში მიღება უკვე დაწყებულია. მეცადინეობები კვირაში ორჯერ გაიმართება, სწავლის ღირებულება კი თვეში 30 ლარი იქნება.

ბავშვთა კლუბმა პირველი შეხვედრები ასტრიდ ლინდგრენის წიგნით „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარსლონით“ დაიწყო. ზაფხულის დავალება სწორედ „კარსლონის“ ბოლომდე წაკითხვა იყო.
საბავშვო წიგნი კი, რომელიც გვინდა, რომ ამ ბავშვებმა შეიყვარონ, არის ძალიან დიდი სამყარო და სწორედ ამ სამყაროს მრავალფეროვნება მაქვს მხედველობაში...

„ჯერ წიგნს ავარჩევთ, აი ბოლოს, მაგალითად, „კარსლონი“ მივეცით საშინაო დავალებად. ყოველ გაკვეთილზე რამდენიმე თავის წაკითხვას ვავალებთ, რომ შემდეგ მასზე საუბარი შეძლონ, ვავალებთ ასევე დაწერონ, დაახლოებით, ერთგვერდიანი თავისუფალი თემა, რაღაც ესსეს მსგავსი, მერე ერთმანეთს უკითხავენ, ჩვენ ვეხმარებით, ვეკითხებით, მოკლედ საინტერესო ლიტერატურული შეხვედრა გამოდის. ძალიან გვინდა, რომ ეს პერსონაჟები თავად განასახიერონ. ეს სად მიგვიყვანს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ზაფხულში როლები კი დაინაწილეს. ერთმა გოგომ ისიც თქვა, ბიჭუნას ლეკვის როლში ვიქნებიო“...

არადა, ყველაფერი ერთი ძალიან ზოგადი იდეით დაიწყო, იხსენებს გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი, თამარ ლებანიძე:

„ეს ზოგადი იდეა კი იყო ბავშვებისთვის სამყაროს მრავალფეროვნების ხაზგასმა და ჩვენება. იმიტომ, რომ მე ვხედავ საშიშროებას, რომ ბავშვებს დაუვიწროვდეთ ეს სივრცე – სამყაროს აღქმის და დაინახონ მხოლოდ ის, რასაც ზედაპირი სთავაზობს. საბავშვო წიგნი კი, რომელიც გვინდა, რომ ამ ბავშვებმა შეიყვარონ, არის ძალიან დიდი სამყარო და სწორედ ამ სამყაროს მრავალფეროვნება მაქვს მხედველობაში“.
XS
SM
MD
LG