Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზები და ქართველები კონფლიქტში დამნაშავედ რუსეთს ასახელებენ


განმუხური
განმუხური
ოკუპირებულ გალის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ განმუხურში, გარკვეული პაუზის შემდეგ, კვლავ შეიკრიბნენ აფხაზები და ქართველები.

შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ ოკუპირებული რეგიონიდან ჩამოსული ქართველები, აფხაზები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლები.

დიდი ხნის უნახავმა ნათესავებმა და მეგობრებმა, ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, საჯაროდ ისაუბრეს კონფლიქტზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგზე.

ურთიერთობების განახლების გზებზე მსჯელობისას ქართველებმა და აფხაზებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია ნათესაური კავშირების აღდგენა და ძველი მეგობრების მოძიება. კონფლიქტში მთავარ დამნაშავედ კი რუსეთი დაასახელეს.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, კავშირების აღდგენა, სამოქალაქო განათლება და ბიზნეს-საქმიანობის წამოწყების ხელშეწყობა...

დედით ქართველმა მარინა ჯობუამ და დედით აფხაზმა როზა ჯობავამ, განმუხურში გადმოსასვლელად აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი მაშინ გადმოკვეთეს, როცა იქ რუსი სამხედროები არ იდგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მარინა ჯობუა ამბობს, დააკავებდნენ, მილიციაში გადაიყვანდნენ და 300 რუსული რუბლით დააჯარიმებდნენ.

აფხაზებისა და ქართველების შეხვედრა, საქართველოში ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ- აფხაზური შერეული ოჯახების კავშირმა“ უზრუნველყო. ორგანიზაცია სხვადასხვა დონორების დახმარებით უკვე რვა წელზე მეტია მსგავს შეკრებებს ხელმძღვანელობს.

კავშირის თავმჯდომარე რეზო ბენდელიანმა განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში 4500-ზე მეტმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, კავშირების აღდგენა, სამოქალაქო განათლება და ბიზნეს-საქმიანობის წამოწყების ხელშეწყობა“, – აცხადებს რეზო ბენდელიანი.

განმუხურში ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების წარმომადგენელთა შეკრებას ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასიც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG